კივი ფორთოხალზე უკეთ იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან და ამაღლებს იმუნიტეტს ერთ კილოგრამ კივის, სპეციალისტთა ვარაუდით, შეუძლია, ადამიანს ერთი თვით გაუხანგრძლივოს სიცოცხლე. დიეტოლოგებმა ასევე დაადგინეს, რომ კივის მირთმევისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, ეგრეთ წოდებულ ბედნიერების ჰორმონებს. გარდა ამისა, კივი აწესრიგებს არტერიულ წნევას, თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ასევე დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე. მთლიანობაში, კივი, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და შესაბამისად, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
კივის ნაყოფი უნიკალურია იმითაც, რომ, ფაქტობრივად, არაკალორიულია, სასარგებლო ნივთიერებებს კი უხვად შეიცავს - ეს გახლავთ პექტინები, ორგანული მჟავები, ვიტამინების უზარმაზარი ნაკრები, რომელთა შორის ყველაზე მეტია მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა. C ვიტამინი კი კივიში გაცილებით მეტია, ვიდრე ფორთოხალში, ამიტომაც კივი ფორთოხალზე უკეთ იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან და ამაღლებს იმუნიტეტს.
რაც შეეხება B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავა (B2) ჩანასახის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ხელს უშლის თანდაყოლილი პათოლოგიების განვითარებას. ვიტამინი B9 ხელს უწყობს ჯანსაღი ფსიქიკისა და ინტელექტის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ წლებში.
ორიდან ხუთ წლამდე ბავშვმა სასურველია მიირთვას მხოლოდ მწიფე, ტკბილი კივი. თუ პატარა ალერგიული არ არის, შეგიძლიათ, უფრო ადრეულ ასაკშიც მისცეთ. ჯერ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი კივის წვენი გაასინჯეთ. თუ ალერგიული რეაქცია არ განვითარდა, შეგიძლიათ, ის სტაფილოსა და ვაშლის წვენში გააზავოთ და ისე ასვათ. კივის პესტიციდებით ამუშავებენ, ამიტომ გაფცქვნამდე ნაყოფი კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლის ქვეშ. ძალიან სასარგებლოა კივისა და რომელიმე ტკბილი ხილის, მაგალითად, ბანანის, ვაშლის, მსხლის, მუსი - დაჭერით, ერთმანეთში აურიეთ და დააბლენდერეთ.