დედების დიდ ნაწილს სითხეების ინტრავენური გადასხმა მკურნალობის ყველაზე საიმედო მეთოდად მიაჩნია რა მოხდება, თუ პატარა ღებინებით და ფაღარათით ბევრ სითხეს დაკარგავს, თქვენ უკვე იცით - გაუწყლოება დადგება. ისიც იცით, რომ გაუწყლოების თავიდან აცილება ელექტროლიტური ხსნარის და სხვა სითხეების აქტიური მიცემითაა შესაძლებელი.
ჩემი პირადი დაკვირვებით, ახალგაზრდა დედების დიდ ნაწილს სითხეების ინტრავენური გადასხმა მკურნალობის ყველაზე საიმედო მეთოდად მიაჩნია, თუნდაც ამას ბავშვის პროტესტი და ძლიერი ჭირვეულობას მოჰყვეს. ხშირად ისინი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ითხოვენ ამას.
დიარეის დროს ელექტროლიტური ხსნარის ინტრავენური შეყვანა მაშინაა ნაჩვენები, როცა ბავშვი სითხეებს ვერ ან არ იღებს, ვთქვათ, ღებინების გამო, ძალიან მისუსტებულია, აქვს ძლიერი გაუწყლოების ნიშნები. შეფასებას ექიმი ახორციელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.მრავალრიცხოვანი კვლევით დადგენილია, რომ თუ პატარს ელექტროლიტური ხსნარის დალევა შეუძლია და აქტიურად იღებს მას, სარწმუნოდ უფრო სწრაფად უწყდება დიარეა, ვიდრე ელექტროლიტების ინტრავენური გადასხმისას.ასე რომ, დიარეის დროს შეეცადეთ, აქტიურად მისცეთ ბავშვს სითხეები და ელექტროლიტური ხსნარი გაუწლოების თავიდან ასაცილებლად. გაუწყლოების ნიშნების გამოჩენისას კი გადაუდებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.
ინტრავენური თერაპია ნიშნავს მედიკამენტის ან სისხლის შეყვანას ვენაში სამკურნალო მიზნით. მისი ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება.
მას შემდეგ, რაც ადამიანმა ისწავლა სისხლის გამოშვება ვენიდან და ეს მეთოდი საუკუნეთა მანძილზე გამოიყენებოდა მძიმე დაავადებათა სამკურნალოდ, ხშირად სრულიად გაუმართლებლად და ფატალური შედეგით.
ცნობილია, რომ კოლხი მედეა ცხვრის სისხლის გადასხმას ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად ატარებდა. ცოტა ფანტასტიკის სფერო კია, მაგრამ ლეგენდა ასე მოგვითხრობს.
სითხეების ინტრავენური გადასხმა მე-19 საუკუნეში წარმატებით გამოიყენეს ქოლერის ეპიდემიის დროს, ხოლო მას შემდეგ, რაც მე-20 საუკუნეში სისხლის ჯგუფები აღმოაჩინეს, სისხლის გადასხმისათვის ი/ვ მანიპულაციების გამოყენება ხშირად ხდებოდა და და მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე