კუჭის კიბო მისი ლორწოვანი გარსიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა კუჭის კიბო სიხშირის მიხედვით, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მეხუთე ადგილზეა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში, ხოლო მესამეზე ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის.
საქართველოში კუჭის კიბოს ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში მეოთხე ადგილი უკავია.
კუჭის კიბოს შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქიმიოთერაპევტი ნატა მურუსიძე.
– კუჭის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ჩამოგითვლით ფაქტორებს, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ დაავადების განვითარებას:
მამრობითი სქესი. მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები (უპირატესად 50-70 წლის ასაკში); ჰელიკობაქტერიის არსებობა, რომელიც იწვევს გასტრიტს. კუჭის წყლულის შედეგად შეიძლება განვითარდეს ატროფია, დისპლაზია, რაც კიბოს წინარე მდგომარეობაა; ატროფიული გასტრიტი, მენეტრიეს დაავადება, პარციალური გასტრექტომიები; ალიმენტური ფაქტორი: მარილიანი, შებოლილი, დაკონსერვებული ან დამჟავებული საკვები, დიდი რაოდენობით ხორცი მკვეთრად ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს; ალკოჰოლი და სიგარეტი.
– დიახ, გენეტიკურ ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა. შემთხვევათა 10%–ში გვხვდება ოჯახური შემთხვევები, 1-3% ასოცირებულია მემკვიდრეობით ფაქტორებთან. მემკვიდრეობით სიმსივნესთან ასოცირებული სინდრომებია: დიფუზური მემკვიდრეობითი კუჭის კიბოს სინდრომი, ლინჩის სინდრომი, ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი. ამ დროს გვხვდება მუტაციები p53, STK1,APC,CDH1 გენებში.
– სამწუხაროდ, ძნელია კუჭის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რადგან ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დასაწყისში ბუნდოვანი და არასპეციფიურია. უფრო გვიან სტადიაზე გამოვლინდება: უმადობა, საკვებისადმი ზიზღი, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, ანემია, უმიზეზო პროგრესირებადი გახდომა, ცხოვრების ხალისის, ახლობლებისადმი და სამსახურისადმი ინტერესის დაკარგვა, აპათია.
– მიუხედავად ძალზე დახვეწილი აპარატების არსებობისა, კუჭის კიბოზე ეჭვის დროს, დიაგნოზის დადგენის შეუცვლელ მეთოდს წარმოადგენს გასტროსკოპია. ამ დროს ექიმი–ენდოსკოპისტი აფასებს ლორწოვანის ზოგად მდგომარეობას, ახდენს საეჭვო ტერიტორიების ბიოფსიას. მიღებული მასალის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ნეოპლაზმის ბუნება. კლასიფიცირება ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმებით და ლაურენის კლასიფიკაციით. ლაურენის კლასიფიკაციით, გამოყოფენ დიფუზურ და ნაწლავურ ტიპს, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ყველაზე გავრცელებული ფორმაა ადენოკარცინომა, რომელიც არის პაპილური, ტუბულური, მუცინოზური. ასევე გვხვდება სხვა იშვიათი ფორმები, როგორებიცაა გისტი, ლიმფომა, ნეიროენდოკრინული სიმსივნეები.
დიაგნოსტირების შემადგენელი ეტაპია სტადირება და გავრცელების დადგენა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევაში. კლინიკური სტადირება ბევრად გამარტივდა მას შემდეგ რაც მომრავლდა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კვლევის აპარატები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ყველა იმ უახლესი ტექნოლოგიით, რაც მსოფლიოშია მოწოდებული და დანერგილი – კომპიუტერული ტომოგრაფია(CT), მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია(MRI). ძალიან მალე ამუშავდება და დაინერგება პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია(PET).