"ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო, როცა მივდიოდით და ბავშვის გულისცემას ვისმენდით, ექიმიც რომ გვეუბნებოდა ყველაფერი რიგზეაო..."
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მშობიარე ქალს მეუღლე საოპერო არიით ამხნევებს... ემილ ჩარგაზია და ნათია მელქაძე საოპერო სფეროს წარმომადგენლები არიან. ემილი ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტია, ნათია კი ქ.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორი. ისინი პირველ შვილს, ბიჭს ელოდებოდნენ, მშობიარობა კი გამოცდილ და ცნობილ ექიმს ნინო უგრეხელიძეს მიანდეს... ემილ ჩარგაზია თავად გვესაუბრა ოჯახური ბედნიერების შესახებ.
_ მე და ნათიამ ერთმანეთი წლების წინ გავიცანით. ერთი წლის წინ ძალიან ხშირად გვიწევდა კონცერტებზე ერთად გამოსვლა, კიდევ უფრო დავახლოვდით, უფრო გაღვივდა ჩვენი სიყვარული, ჯერ დავინიშნეთ და შემდეგ დავოჯახდით. დანიშვნის შემდეგ ნათიას გერმანიაში მოუხდა წასვლა, რადგან იქ კონცერტები ჰქონდა... დაოჯახებიდან მალევე გავიგეთ, რომ ბავშვს ველოდებოდით, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო... წავედით ქუთაისის მეორე სამშობიაროში, 9 თვე იქ დავდოდით და ყველაფერი კარგად მიდიოდა. ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო, როცა მივდიოდით და ბავშვის გულისცემას ვისმენდით, ექიმიც რომ გვეუბნებოდა ყველაფერი რიგზეაო... 9 თვის განმავლობაში ნათიას არც ჯანმრთელობის და არც წონის მხრივ ოდნავ პრობლემაც არ ჰქონია... მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა, ნათიამ მითხრა რომ ძალიან უნდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი. სიმართლე გითხრათ მშობიარობაზე დასწრების გამოცდილება არ მქონდა და თავიდან ცოტა შემეშინდა... მერე გადავწყვიტე რამდენიმე წუთით მაინც შევსულიყავი. ნათიას ველაპარაკებოდი, ვამხნევებდი და იმდენად შევიჭერი როლში, როცა ნათიას სამშობიარო ტკივილები დაეწყო, შევატყვე იქ მართლაც საჭირო ვიყავი და ექსპრომტად მომაფიქრდა წამღერება... ბებია ქალმა გადაიღო და მთხოვა რამდენიმე წუთი გამეგრძელებინა სიმღერა. შევატყვე ნათიაც უფრო კარგ ხასიათზე მოვიდა, მის გამხნევებას ვცდილობდი და სიმღერა გავაგრძელე. Bბარიტონი ვარ, ტენორის არია არასოდეს მიმღერია, მაგრამ უცებ ეგ სიმღერა მომაფიქრდა და ყველას ძალიან გაუხარდათ. ღვთის წყალობით მშობიარობამ კარგად ჩაიარა და ბიჭი დაიბადა... ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან ნინო და ნათია უგრეხელიძეები და მადლობას ვუხდი მათ! მთლიანად მედპერსონალს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ნათია და ბავშვი რომ კარგად ყოფილიყვნენ.
Aახლა სახლში ვართ, ბავშვი კარგად არის, ჭამს და სძინავს... გამოვა თუ არა საოპერო მომღერალი არ ვიცით, მთავარია კარგი პიროვნება გაიზარდოს. ჩვენ ვეცდებით ხელოვნება შევაყვაროთ და დანარჩენი არჩევანი მასზეა!
მანანა გაბრიჭიძე