რატომ სუნთქავს პატარა სწრაფად? ყველა დედიკომ იცის, რომ ბავშვის სუნთქვა უფრო ხშირია.
ის თუ იცით, რატომ?
იმიტომ, რომ ბავშვს ჟანგბადზე გაცილებით დიდი მოთხოვნილება აქვს, ვიდრე მოზრდილს, ამავე დროს ბავშვის სუნთქვა ზერელეა, კომპენსირება კი სწორედ სუნთქვის გახშირებით ხდება. ამიტომაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ხშირად სუნთქავს.
გარდა ამისა, მოზრდილებისაგან განსხვავებით, მისი სუნთქვა რითმული არ არის, რასაც ადვილად შენიშნავთ სუნთქვაზე დაკვირვებისას.
სუნთქვის რიტმი იცვლება არამარტო მოძრაობისას, არამედ ნერვული აგზნების ან ჰაერის ტემპერატურის მატებისას. სუნთქვის სიხშირე მატულობს ცხელების, ასევე სასუნთქი გზების ინფექციების დროს. არსებობს სუნთქვის ორი ტიპი - მუცლის და გულმკერდის.
წლამდე ასაკში სუნთქვა მუცლის ტიპისაა, რაც ნიშნავს, რომ სუნთქვისას მუცლის მოძრაობას უფრო შენიშნავთ, ვიდრე გულმკერდისას.
წლიდან ბავშვის სუნთქვა შერეული ხდება. 7-8 წლიდან კი სქესობრივი განსხვავებები ვლინდება - ვაჟებს უპირატესად მუცლის სუნთქვა უყალიბდებათ, გოგონებს კი გულმკერდის.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე