ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაცია იყო ის, რომ თითქოს ვაქცინაცია კავშირშია აუტიზმთან ავცრათ თუ არ ავცრათ? - სამწუხაროდ, ეს შეკითხვა კვლავ აქტუალურია ბევრი ადამიანისთვის და ასევე უამრავი არასწორი ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, რის გამოც მშობლების გარკვეული ნაწილიც სკეპტიკურად უყურებს სავალდებულო თუ არასავალდებულო აცრებს და ექიმებსაც კი უჭირთ მათი დარწმუნება, თუ რამდენად აუცილებელია ბავშვისთვის, აიცრას საკმაოდ საშიშ დაავადებებზე.
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია ბოლო პერიოდში აქტიურად ჩაერთო ამ პოლემიკაში და ებრძვის იმ მითებსა და დეზინფორმაციებს, რაც აცრების საწინააღმდეგოდ ვრცელდება და კიდევ უფრო აბნევს საზოგადოებას.
- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახლავართ და ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და ტავმის მართვის ინსტრუქტორი. რაღაცნაირად თავისთავადვე მოხდა ეს ყველაფერი, რადგან 2 წლის წინ დავიწყე საქველმოქმედო პროექტი, სადაც პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ვასწავლი ყველა მსურველს, ამ პროექტშიც და ზოგადად ლექციების მსვლელობისას მუდმივად მიწევდა და მიწევს სამედიცინო მითებზე საუბარი, შემდეგ გადავწყვიტე ცალკე მოხსენების გაკეთება სამედიცინო მითებზე და დეზინფორმაციაზე. მითების შესწავლისას ვნახე, რომ არსებობს ასე ვთქვათ, სასაცილო მითები და გაცილებით საშიში მითები. ჩემი აზრით, ყველაზე საშიშია დეზინფორმაციასა და ინტერპრეტაციებზე დაფუძნებული ანტივაქსერული მითები და ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა, შესაბამისად ამან გამოიწვია, რომ ჩემდაუნებურად ჩავერთე ამ კამპანიაში და ვცდილობ მოსახლეობას მივაწოდო სწორი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ, თუმცა რეალურად მხოლოდ ვაცინებზე არ ვსაუბრობ, ბევრ სხვადასხვა ფსევდომეცნიერულ საკითხსაც განვიხილავ, უბრალოდ ვაქცინები უფრო აქტუალურია და ეს უფრო ჩანს.
- მიუხედავად იმისა რომ მეცნიერება უზარმაზარი ნაბიჯებით მიდის წინ, ეს პრობლემა რჩება.
ზოგადად დეზინფორმაციის გავრცელებას აქვს თავისი მიზეზები, მულტიფაქტორულია და ერთი კონკრეტული რაიმე მიზეზი არ არსებობს, ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე გარკვეულწილად მიდრეკილება გვაქვს კონსპირაციული თეორიებისკენ, ამას ემატება ის, რომ ხშირად არაკომპეტენტური ადამიანები საუბრობენ ამაზე, ხდება სხვადასხვა ინფორმაციის ინტერპრეტაცია, არიან ადამიანები ან სპეციალური სამსახურები, რომლებიც სპეციალურად ავრცელებენ სხვადასხვა სახის მითს და დეზინფორმაცს სხვადასხვა სახის სარგებელის მიღებისთვის და ა.შ. მაგალითისთვის გვაქვს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომ რუსული ტროლები ავრცელებდნენ ბრიტანეთში ანტივაქსერულ (ვაქცინაციის საწინააღმდეგო) მითებს, შეგვიძლია გავიხსენოთ სულ ახლახან გავრცელებული ტყუილი, რომელიც გაავრცელეს ასევე რუსულმა ტროლებმა და სხვადასხვა რუსმა საჯარო მოხელეებმა ,თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ვამზადებთ, რაც რა თქმა უნდა, დიდი ტყუილი და უპასუხისმგებლო განცხადებაა. ლუგარის ცენტრი ჩვენი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას, სადაც ტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევები, რაც არაერთხელ განუმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს. ინფორმაცია ამის შესახებ ყველასთვის ხელმისაწვდომია და ბოლოს კიდევ ერთხელ დადასტურდა ბიბისის ჟურნალისტური გამოძიებით, სადაც თვითონ იმ ადამიანმა, ვინც ეს დეზინფორმაცია გაავრცელა აღიარა, რომ გავრცელებისას მას არ ჰქონდა არანაირი რეალური მტკიცებულება ან ფაქტი ამის შესახებ.
- 80იანი წლების მოვლენები, სამწუხაროდ, არ ვიცი, თუმცა არ გამოვრიცხავ, ეგრე ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობიდან და ზოგადად სამეცნიერო ინფორმაციებისადმი წვდომიდან გამომდინარე, თუმცა დღეს ჩემი პირადი დაკვირვებით (რაც, რა თქმა უნდა, არ გამოდგება ზოგადი სტატისტიკისთვის), ვინც მსგავს არგუმენტს იყენებს და ამბობს, რომ "აი მე ექიმმა მითხრა’’, საბოლოო ჯამში ან ვერ ასახელებს ვინ უთხრა, ან არ ახსოვს ან ჩუმდება საერთოდ. ეს, რასაკვირველია, არ გამორიცხავს ანტივაქსერი ექიმების არსებობას, ისინი არსებობენ თავისთავად, ყველა სფეროში არის არაკომპეტენტური და საქმისადმი შეუფერებელი მუშაკი და სამედიცინო სფეროც არ არის გამონაკლისი.
რაც შეეხება პირველი შიშების გაჩენას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაცია იყო ის, რომ თითქოს ვაქცინაცია კავშირშია აუტიზმთან, ეს დაიწყო 1998 წელს, როდესაც ბრიტანელმა ექიმმა გამოაქვეყნა ყალბი კვლევა, რომელიც ჩატარებული იყო 12 ბავშვზე და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა იწვევს აუტიზმს, ეს კვლევა გადამოწმდა და დადასტურდა მისი სიყალბე, მის ავტორს ჩამოერთვა ექიმის ლიცენზია და შემდეგ მიყოლებით ჩატარდა უამრავი კვლევა და არც ერთმა არ დაადასტურა კავშირი ვაქცინასა და აუტიზმს შორის. ერთ-ერთი ბოლო იყო კვლევათა მეტა ანალიზი, სადაც ერთი მილიონ ორასი ათასზე მეტ ბავშვზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვაქცინა არ იწვევს აუტიზმს და საბოლოოდ დასრულდა ამ თემაზე დისკუსია სამეცნიერო წრეებში. მიუხედავად ამისა, ეს მითი გარკვეულ წრეებში დარჩა მითად და დღესაც ხანდახან გვხვდება.
- ყველაზე ცნობილი დეზინფორმაცია გახლდათ აუტიზმთან შესაძლო კავშირის შესახებ ის ყალბი კვლევა, მისი გაბათილების შემდეგ კიდევ სხვადასხვა ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არასწორად გავრცელება ხდება, მათი ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა შემიძლია გავიხსენო რამდენიმე, მაგალითად ის, რომ თითქოს ვაქცინებით ხდება უამრავი დაზიანება და სიკვდილი, რაც ასახულია VAERS (ვაქცინების გვერდითი ეფექტების აღრიცხვის სისტემა) სისტემაში და რიცხვებიც ამას მიუთითებს - თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს და რატომ: VAERS სისტემა შეიქმნა 1990 წელს, ეს არის პასიური და ცალმხრივი აღრიცხვის სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, როდესაც გაიკეთებს ვაქცინაციას და შემდეგ შეაწუხებს რაიმე და ჩათვლის, რომ ეს კავშირშია ვაქცინაციასთან ან თუნდაც მცირე ეჭვის შეიტანს, რომ რაიმე მოვლენა ვაქცინასთან არის კავშირში, შეუძლია შეავსოს ფორმა და ეს აღირიცხება სისტემაში, ანუ ეს სისტემა არ ემსახურება რაიმეს დადასტურებას, უბრალოდ შექმნილია ნაადრევი მონიტორინგისთვის, რომ შემდეგ დაგროვილი ინფორმაცია გადაიგზავნოს დაავადების კონტროლის ცენტრში და იქ მოხდეს უკვე დეტალური ანალიზი და დადგენა, ეს გართულებები კავშირში იყო ნამდვილად ვაქცინასთან თუ არა, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და ა.შ.
შესაბამისად იქ მითითებული რიცხვები არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებებს და არის რეგისტრირებული ფორმების რაოდენობა.
სისტემაში დარეგისტრირებული მძიმე გართულებების აბსოლუტური უმრავლესობა არ დასტურდება, რომ არის ვაქცინაციასთან კავშირში, ვინაიდან ვაქცინაციის რაოდენობა არის მაღალი და რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ დამთხვევების შანსს ზრდის. რეალურად დადასტურებული სერიოზული დაზიანებები ან სიკვდილობა არის უკიდურესად იშვიათი მოვლენა.
კიდევ ერთი მაგალითია ფორმალდეჰიდი - ხშირად გაიგონებთ, რომ ვაქცინა შეიცავს "ტოქსინ ფორმალდეჰიდს", რომელიც საშიში ნივთიერებაა და ტოქსიკურია. აქაც კლასიკურ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე და ასევე ბაზისური ქიმიის თუ ფარმაკოლოგიის არცოდნასთან. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად ნივთიერებას ტოქსინად ქმნის დოზა და არა ნივთიერების სახეობა, ფორმალდეჰიდი დიდი ხანია გამოიყენება ვაქცინის წარმოებაში, რათა მოხდეს ვირუსების ინაქტივაცია, რათა მათ შემდეგ არ გამოიწვიონ დაავადებები. შემდეგ ვაქცინის დამზადების პროცესში ის მაქსიმალურად ზავდება, თუმცა საბოლოო პროდუქტში გვხვდება ნარჩენი რაოდენობა მიკრო დოზებით. ფორმალდეჰიდი ბუნებრივადაც წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში და მაგალითად ახალშობილის სისხლში 50-ჯერ მეტი ფორმალდეჰიდია, ვიდრე შეიძლება ის მიიღოს ვაქცინიდან, ასე რომ, საუბარია ნარჩენ მიკრო დოზებზე, რომლის ტოქსინად მოხსენიება, როდესაც არანაირი მტკიცებულება და ლოგიკა ამისი არ არსებობს, არის რბილად რომ ვთქვათ ტყუილი.
კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ინტერპრეტაცია არის ის, თითქოს ვაქცინა შეიცავს ვერცხლისწყალს და ადამიანებს უქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ვიღაცამ გატეხა თერმომეტრი, იქიდან ამოიღო ვერცხლისწყალი და ჩაასხა ვაქცინაში, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
რა ხდება სინამდვილეში, რეალურად საუბარია ორგანული ვერცხლისწყლის ფუძეზე დამზადებული შენაერთზე, თიმეროზალზე, ეს შენაერთი მიკროდოზებით შედიოდა გრიპის ვაქცინაში, მხოლოდ იმ ვაქცინების ფლაკონებში სადაც რამდენიმე დოზა იყო ვაქცინის, რათა თავად ვაქცინა ყოფილიყო დაცული სხვადასხვა მიკრობების კონტამინაციისგან (რადგან რამდენიმე დოზის შემცველ ფლაკონში, თითო დოზის ამოსაღებად საჭიროა ახალი ჩხვლეტა და კონტამინაციის ალბათობა არის). ეს შენაერთი არის კარგად შესწავლილი და ყველა არსებული კვლევებით უსაფრთხო.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ საუბარი იმ ინტერპრეტაციასა და დეზინფორმაციაზე რაც ვრცელდება.
აცრების კალენდარი - საჭირო ინფორმაცია ყველა მშობლისთვის
- მოდით, ამ კუთხით შევხედოთ, პირდაპირი გაგებით უფასო ვაქცინა არ არსებობს, განსხვავება არის იმაში, რომ ერთ შემთხვევაში ამას აფინანსებს სახელმწიფო და მეორე (‘’ფასიანი’’) შემთხვევაში ამას აფინანსებს მშობელი. აბსოლუტურად ყველა ვაქცინა, რაც შემოდის ქვეყანაში, აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, ნებადართულია მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ და არის მაღალი ხარისხის, შესაბამისად რაიმე ეჭვის შეტანა ხარისხზე არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული. განსხვავება შეიძლება იყოს მხოლოდ კომპონენტების რაოდენობაში. მაგალითად, ერთი ვაქცინა იყოს სამკომპონენტიანი და მეოთხე კომპონენტით აცრისთვის დამატებითი მისვლა ან ჩხვლეტა დასჭირდეს, ხოლო ‘’ფასიანის’’ შემთხვევაში ეს ოთხივე კომპონენტი იყოს ერთად, ანუ ძირთადი განსხვავება არის აცრების რაოდენობა. თუმცა ეს განსხვავებაც აღარ არის ახლა, რამდენადაც ვიცი. როგორც არ უნდა იყოს, იმის თქმა, რომ მათ შორის სხვაობა არის ხარისხში, არ შეესაბამება სიმართლეს და საბოლოოდ მშობლის გადასაწყვეტია, გადაიხდის თუ არა ფულს იმ მომსახურებაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ სთავაზობს.
- რისკსა და სარგებელს შორის კოლოსალური სხვაობაა და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის სარგებლის საპირწონედ შედარება იმ გვერდით მოვლენებთან, რასაც შეიძლება იწვევდეს ვაქცინა, უბრალოდ არასერიოზულია. მაგალითად გართულებების აბსოლუტური უმრავლესობა(!) არის მსუბუქი ხასიათის და ვლინდება როგორც ინიექციის არეში ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, დაღლილობა და ა.შ.
ძირითად სერიოზულ გართულებად განიხილება მწვავე ალერგიული რეაქცია, რომლიც ძალიან იშვიათია და ალბათობა არის მილიონიდან ერთი (1 : 1 000 000) და ესეც, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ის სასიკვდილოა. მაგალითად 2003 წელს ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 7,644,049 დოზა ვაქცინაზე დაფიქსირდა მხოლოდ 5 მწვავე ალერგიული რეაქცია და აქედან არც ერთი არ იყო სასიკვდილო.
როგორც აბსოლუტურად ყველა პრეპარატმა, ისე ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანებები და სიკვდილი, თუმცა ეს შემთხვევები იმდენად მცირეა ჩატარებული ვაქცინაციების რაოდენობასთან შედარებით, რაც ყოველწლიურად მოიცავს ასეულობით მილიონი ბავშვის ვაქცინაციას, რომ სტატისტიკური ანალიზი და ზუსტი რისკების გათვლაც შეუძლებელია, სერიოზული გართულებების რისკი ვაქცინაციის დროს არის ექსტრემალურად დაბალი.
სარგებელის უკეთ დანახვისთვის ასევე გავიხსენოთ, რომ ვაქცინაციის მეშვეობით მსოფლიომ დაამარცხა ისეთი დაავადება, როგორიც არის ყვავილი, რომელმაც შეიწირა ასობით მილიონობით სიცოცხლე და დღეს ეს დაავადება საერთოდ აღარ არსებობს. ასევე მაგალითად, პოლიომიელიტი - რომლის ვაქცინამაც გადაარჩინა დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი პარალიზს და სიკვდილს, 1988 წლიდან დღემდე შემთხვევები 99%-თ შემცირდა და მის სრულ ერადიკაციასაც იმედიანი თვალით უყურებს მსოფლიო და დიდ ალბათობით მალე მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვაქცინის დამსახურებით.
შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ წითელა. ვაქცინის შექმნამდე წითელას ეპიდემიები მეორდებოდა 2 -3 წელიწადში ერთხელ და ყოველწლიურად იღუპებოდა დაახლოებით ორ მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი, ვაქცინის შექმნის შემდეგ ეს რიცხვები მკვეთრად შემცირდა, თუმცა წითელა კვლავ რჩება მსოფლიო პრობლემად. მაგალითად, 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით ასი ათასი ბავშვი დაიღუპა და მათი უმეტესობა იყო 5 წელზე მცირე ასაკის.
შეგვიძლია გავიხსენოთ დიფტერიაც, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი იყო ბავშვთა სიკვდილიანობის, ვაქცინის შექმნამდე, ხოლო შემდეგ იკლო შემთხვევებმა. მაგალითად 1980 წელს იყო დაახლოებით ასი ათასი შემთხვევა, ხოლო 2014 წელს - მხოლოდ ხუთი ათასი, და ეს დადებითი ტენდენცია გრძელდება ვაქცინების დამსახურებით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, შედეგებით და დღევანდელი სამეცნიერო მტკიცებულებებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინა ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატი, რაც შეუქმნია კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე.
- შემიძლია გავიხსენო 2018 წლის პირველ ნახევარში ევროპაში წითელას აფეთქება, როდესაც 41 000 ბავშვი დასნებოვდა და აქედან 37 დაიღუპა, ერთ-ერთი მიზეზი იყო ანტივაქსერების აქტიურობა, საქრათველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 1990 წლის შემდეგ, წითელას ეპიდემია დაფიქსირდა 2004-2005 წლებში, ამ პერიოდში იყო 8 391 შემთხვევა, აქედან გარდაცვალების 9 შემთხვევა. წითელას შემდეგი დიდი აფეთქება იყო 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000-ზე მეტი ადამიანი, აქედან 4 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. ეს ეპიდაფეთქებები უკავშირდება 1990-იან წლების დასაწყისში იმუნიზაციის პროგრამის და 2008 წელს წითელას საწინააღმდეგო აცრების კამპანიის ჩავარდნას.
- როდესაც მტკიცებით კონტექსტში ვსაუბრობთ სამეცნიერო თემებზე, უნდა გვქონდეს სამეცნიერო მტკიცებულებები, სამწუხაროდ, მსგავს ჯგუფებში გაერთიანებულები არიან არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებიც იყენებენ ფსევდომეცნიერულ მიდგომებს და შესაბამისად ნებისმიერი თეორია და მტკიცებულება, რასაც იყენებენ არგუმენტად, უბრალოდ არასწორი და არასამეცნიეროა. თუმცა საბედნიეროდ, მსგავსი ჯგუფები ბევრი არ არის.
ფსევდომეცნიერებაზე დაფუძნებულ ანტივაქსერულ მოძრაობას მოსახლეობაში უნდა მივაწოდოთ არგუმენტირებული ფაქტები და სამეცნიერო მტკიცებულებები სწორად და მათ გასაგებ ენაზე, ასე ვთქვათ, ზოგადი განათლება უნდა გაუმჯობესდეს ამ კუთხით, თუმცა თუკი მოქმედი ექიმი იზიარებს და აქტიურად ავრცელებს ანტივაქსერულ დეზინფორმაციას, ჩემი პირადი დამოკიდებულება მსგავს შემთხვევებზე არის ის, რომ მას უბრალოდ უნდა ჩამოერთვას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი, რადგან ეს პირდაპირ მიანიშნებს მის არაკომპეტენტურობაზე და პოტენციურად საშიშია პაციენტებისთვის.
- გეთანხმებით, სწორად დაგეგმილი აქტივობები არის გამოსავალი, მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა არის მეცნიერება და რა ფსევდომეცნიერება, რა არის მყარი მტკიცებულება და რა არის ინტერპრეტაცია და ტყუილი.
- ჩვენი რეგიონისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის უკვე შეტანილი ეროვნულ კალენდარში, მე პირადად ვისურვებდი, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყოს უფრო ხელმისაწვდომი.
- პაპილომა ვირუსი არის ძირთადი გამომწვევი ისეთი დაავადების, როგორიც არის საშვილოსნოს ყელის კიბო, ამ დიაგნოზით სამწუხაროდ, საქართველოში ყოველწლიურად იღუპება 200 ქალი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი პრევენცია. საბედნიეროდ, საქართველოში დაიწყო პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უსაფრთხო და ეფექტური ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ამავდროულად არის საკმაოდ ძვირად ღირებული, იყოს უფასო 2008 – 2009 წლებში დაბადებული გოგონებისთვის. ამ აქციაზე ზუსტი დეტალებისთვის დაინტერესებული პირები ჯობს დაუკავშირდნენ დაავადების კონტროლის ცენტრს და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას.
მეც ჩავერთე ამ აქციაში, ჩემმა შვილმა გაიკეთა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მცირე სახალისო ვიდეოც გადავიღეთ პოპულარიზაციისთვის და რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებით ფსევდომეცნიერულ დეზინფორმაციებს.
იხილეთ ვიდეო
სახალისო ვიდეო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის აუცილებლობაზე
ანტივაქსერთა ფსევდომეცნიერული ისტერია რასაც არ უნდა ავრცელებდეს, ჩვენ გვაქვს მყარი მეცნიერული მტკიცებულებები, რომ აცრა მუშაობს, აცერით და დაიცავით თქვენი მომავალი თაობა!
ლელა ზურებიანი
სასარგებლო რესურსები და წყაროები:
https://www.who.int/vaccine_safety/initiative/detection/immunization_misconceptions/en/index4.html
https://www.who.int/features/qa/84/en/
http://www.who.int/en/news-room/fact-sheets/detail/immunization-coverage
https://www.cdc.gov/vaccines/parents/tools/parents-guide/parents-guide-part4.html
https://www.cdc.gov/vaccines/vac-gen/whatifstop.htm
http://www.bbc.co.uk/history/british/empire_seapower/smallpox_01.shtml
http://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/poliomyelitis
http://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/measles
https://www.sciencealert.com/measles-deaths-37-in-europe-america-at-risk-anti-vaccination-movement
http://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=40f0d4a4-3f16-4b75-9b6f-603a434c0e10
http://factcheck.ge/article/2018-tsels-saqarthveloshi-tsithelas-352-shemthkhveva-daphiqsirda/
https://vaccine-safety-training.org/contraindications.html
http://www.ncdc.ge/Pages/user/LetterContent.aspx?ID=9a9ce69c-2043-4b7d-ae5d-67792085cd2d
https://www.fda.gov/biologicsbloodvaccines/safetyavailability/vaccinesafety/ucm187810.htm
http://www.who.int/vaccine_safety/initiative/tools/DTP_vaccine_rates_information_sheet.pdf
https://vaers.hhs.gov/about.html
http://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=c9bf3872-962c-41f1-93c5-a4a383e9c7d8
https://www.bbc.com/news/av/world-46157507/russian-disinformation-and-the-georgian-lab-of-death