"დაზიანებულთა შორის უმეტესობა 9-დან 12-წლამდე ბავშვებია" - შუშხუნების ციებ-ცხელება დაიწყო
წინასაახალწლო პერიოდში პიროტექნიკის გამოყენების გამო სხეულის დაზიაანების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება. თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ახლა, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვპასუხობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი
გუგა ქაშიბაძე.
- მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ზეიმი ჯერ კიდევ შორს არის, ამ დროისთვის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული, სხვადასხვა ზომის მცირე ასფეთქებლებით იყო დაზიანებები გამოწვეული და ყველა მათგანი დედაქალაქში მოხდა. დაზიანებულთა შორის უმეტესობა 9-დან 12-წლამდე ბავშვებია, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, საბედნიეროდ, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო იოლი და ჩაუტარდათ ამბოლატორიული მკურნალობა. იმედი მაქვს, რომ წელს გაცილებით მშვიდობიანი ახალი წელი გვექნება.
მესმის, რომ ახალი წლის ხმაურით აღნიშვნა გარკვეულ ტრადიციებთანაც არის ასოცირებული, ჩვენთან ისროდნენ თოფს ახალ წელს, კალანდობის, ჭიაკოკონობის, ბარბალობის დროს, მაგრამ, მერწმუნეთ, ჯობია, უსაფრთხო ტრადიცია დავამკვიდროთ. მაგალითად ჩემი ოჯახის ტრადიცია ის არის, რომ აივანზე არ გავდივართ არასდროს სხვის ნასროლი მაშხალების საყურებლად, იმიტომ, რომ ეს არ არის უსაფრთხო. ბევრს ჰგონია, რომ თუ იაფია შუშუხუნა, არ იქნება საზიანო. გარკველ საფრხეს, ყველა ასფეთქებელი და შუშხუნა შეიცავს.
- ბატონო გუგა, აქვე გკითხავთ დამწრობის დროს სახლის პირობებში გამოყენებული საშუალებების შესახებ, რომლებზეც მშობლები ხშირად გვწერენ. ამ შინაურ საშუალებებს როგორც ჩანს, ბევრი მიმართავს დამწვრობის სამკურნალოდ. ეს საშუალებებია შარდი, ზეთი, გათლილი კარტოფილი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იქოს მოზელილი მჭადის ფქვილი...
- მჭადი და სულგუნი უკეთესია... ეს რა თქმა უნდა ხუმრობით... თუ ჩემი არ სჯერათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევას მაინც უგდონ ყური. პირველი დახმარება არის არის ცივი წყლის გამოყენება, დამწვარი ნაწილის გაგრილება, ცივ წყალს აქვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ეფექტი, მერე უკვე აღარ აქვს და აპრობირებულია ანტიბაქტერიული დამწვრობის მალამო, რომელიც ყველა ოჯახის აფთიაქში უნდა ინახებოდეს, ხოლო ის დანარჩენი საშუალებები, რომლებზეც წერენ, ეს არის ცრურწმენა . 21- ე საუკუნეში დამწრობის დროს შარდის გამოყენებაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. თუმცა ეს სასაცილოც არ არის იმიტომ, რომ ჩემთანაც მოუყვანიათ პაციენტი, რომლისთვისაც შარდი ჰქონდათ მოპკურებული. ასე მოქცევა არ შეიძლება. ზეთზეც, კარტოფილზეც და სხვა დანარჩენზეც იგივეს გეტყვით. უფრო მეტიც, თქვენ ვერ ნახავთ სამზარეულოში ინგრედიენტს, რომელიც არ გამოუყენებიათ დამწრობის დროს, რაც გამართლებული არ არის. თუ სახლში პირველად დახმრებისთვის საჭირო საშუალებები არ გვაქვს, სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს.
რუსკა კილასონია