მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 - ე.წ. ღორის გრიპია - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს.
"თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ.
ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ ღორის გრიპის ეპიდემია საქართველოში 2009 წელს დაფიქსირდა და რამდენიმე ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა.
რა უნდა იცოდეთ H1N1-ის შესახებ?
წარმოგიდგენთ ვიკიპედიაში მოყვანილ ცნობებს:
H1N1 ყველაზე უფრო გადამდები აღმოჩნდა აქამდე აღწერილ შემთხვევებს შორის. იგი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.
H1N1 არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც შემწვარია ან მოხარშული. ვირუსი კვდება 75-100 °C (167-212 °F) ტემპერატურაზე. როგორც კვლევებით დადგინდა ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირზე მოხვედრილი H1N1 გრიპის ვირუსი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში.
ვირუსის ინფექცია სხვა ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე, წინა დღეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ დაავადებულია და ინფექციის გამავრცელებელი იყოს. ადამიანი, ინფექციის გადამდებია, სიმპტომების გამოვლენიდან 7 და მეტი დღის განმავლობაში. ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს პრაქტიკულად იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი. საზოგადოდაც, ა და ბ ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპი სიმპტომებით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება, რაც პანდემიის დასაწყისში და მისი მიმდინარეობისას შეიმჩნეოდა, ის იყო, რომ AH1N1 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებს უფრო მეტად აყენებდა ზიანს, ვიდრე ხანში შესულებს, მაშინ როდესაც გრიპი, საზოგადოდ, უფრო ხანში შესულებისთვისაა საშიში. სტატისტიკურადაც, 65 წელს გადაცილებულებში ღორის გრიპი გაცილებით იშვიათია.
გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რაიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები...
როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები?
გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.
პროფილაქტიკა
ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება: დიდხანს ძილი, ფიზიკური აქტიურობა, სტრესებისაგან თავის არიდება, სითხეების მიღება უხვი რაოდენობით, ვიტამინებით მდიდარი და ბალანსირებული კვება. ღორის გრიპისგან თავდაცვის პირველი და უმთავრესი წესია ხელების დაბანა. ხელების დაბანა ხშირად, საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით ან სპირტზე დამზადებული დასაბანი საშუალებებით, ნახევარი წუთის განმავლობაში ძალიან ეფექტურია. სიფრთხილისათვის კარგია, თუ ადამიანი არ შეეხება ისეთ საგნებს ან ზედაპირებს, რომლებიც შესაძლოა, რომ დაინფიცირებული იყოს. მოერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, სადაც მეტია შანსი დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისა. მოერიდეთ დაინფიცირებულ ადამიანებთან პირისპირ კონტაქტს. პირბადე დაგიცავთ ცემინების ან ხველების დროს ჰაერში გაფანტული ვირუსული წვეთებისაგან.