როდიდან გახდება სავალდებულო ბავშვებისთვის გეგმური აცრების ჩატარება
როდიდან გახდება სავალდებულო ბავშვებისთვის გეგმური აცრების ჩატარება
5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ზაფხულამდე პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული კანონქვემდებარე აქტები მოვიდეს შესაბამისობაში.

ზოიძის ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან ასევე სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

„კანონში ცვლილება უკვე შესულია. სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების კალენდარში არსებული 10 აცრა მანამდე სარეკომენდაციო სახის იყო, ახლა წერია, რომ სავალდებულოა, უბრალოდ, ტექნიკურად ეს ცვლილება ძალაში შევა 1-ელი ივნისიდან,
რადგან გარკვეული კანონქვემდებარე აქტები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ცვლილების ძირითადი არსი ის არის, რომ აცრებთან დაკავშირებით ყოველგვარი ორაზროვნება აღმოიფხვრას, რადგან აცრები არის სავალდებულო, სასარგებლო და ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რათა ჩვენი ბავშვები ისეთი საშიში დაავადებებისგან დავიცვათ, როგორიც არის: წითელა, წითურა, პოლიემიელიტი და ა.შ“, - აღნიშნა მან.

აკაკი ზოიძის ინფორმაციით, აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

„აღსულების მექანიზმი ჯარიმა ან რაიმე კანონში ჯერჯერობით ჩადებული არ არის, თუ საჭირო გახდა, ბაღში ბავშვის დაშვება-არდაშვების საკითხი შეიძლება დადგეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით გეგმაში არ არის. სხვა ქვეყნებში ასეთი რამ არსებობს, მაგრამ ამას ჯერ არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შემდეგი აცრების ჩატარებაა სავალდებულო: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.
ინტერპრესნიუსი
350
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```