პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს! ჯანმრთელობას, მშვიდობას და წარმატებებით დახუნძლულ წელს გისურვებთ.
დღეს გავრცელებული ვირუსებიდან ყველა H1N1, ანუ ღორის გრიპი არ არის (ბევრს მეკითხებიან დაპანიკებული ადამიანები). ამ პერიოდში აგრეთვე ვხვდებით ადენოვირუსებს, რინოვირუსებს, ნოროვირუსებს, რესპირატორულ-სინციტიალურს და ა.შ.
რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატს, ოსელტამივირს (ტამიფლუს), ასე ხელაღებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, პრევენციის მიზნით ნუ გამოიყენებთ (ბევრი მირეკავს და მეკითხება, ხომ არ მივიღოთ პრევენციის მიზნითო). თუ დიაგნოსტირებულია H1N1, რომელიც გრიპის A სეროტიპის ერთ-ერთ ქვეტიპს წარმოადგენს,ან უბრალოდ ვირუსზე ეჭვის მიტანისთანავე პირველივე საათებში, პირველივე დღეს ტამიფლუს მიღება, სწორად შერჩეული დოზირებით, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ, ნამდვილად გამოიღებს სასურველ შედეგს!
უბრალოდ გთხოვთ, რომ თვითნებურად ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ! დოზირება შეირჩევა მკაცრად!
H1N1 თავისი გამოვლინებით ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს ჰგავს, თუმცა ახასიათებს სწრაფი გართულება (პნევმონიის ჩამოყალიბება), უჩვეულო ძილიანობა მკვეთრი ზოგადი სისუსტის გამო, ხშირად სუნთქვის გაძნელება, ღებინება - თუ ასეთი სიმპტომები გამოგივლინდათ, დროულად მიმართეთ ექიმს! განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ბავშვების, მოხუცების და ფონური დაავადებების მქონე პირების მიმართ!
საქართველოში ჯერ ეპიდემია არ დაფიქსირებულა! იყავით ყურადღებით! ჯანმრთელობას გისირვებთ!