ჯანმრთელობააქტუალური
"სწავლის დაწყების გადადებას აზრი არ ექნება, თუ სკოლა-ბაღებში ამ წესებს არ დაიცავენ"
"სწავლის დაწყების გადადებას აზრი არ ექნება, თუ სკოლა-ბაღებში ამ წესებს არ დაიცავენ"
ცნობილმა პედიატრმა თემულ მიქელაძემ ღორის გრიპთან დაკავშირებულ ბევრ შეკითხვას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში უპასუხა. გთავაზობთ მის რეკომენდაციებს.
თემურ მიქელაძე:
"სანერვიულო დღეს მართლაც არ გვაქვს, შეიძლება გვქონოდა 2009 წელს, როცა პირველად გამოჩნდა ეს ვირუსი. მშობლებს ყველაზე მეტად მაღალი ცხელების ეშინიათ. როგორც წესი, გრიპიც და სხვა ვირუსული ინფექციები არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, გარდა გართულებული შემთხვევებისა და ამას ექიმი წყვეტს. ძირითად შემთხვევებში პაციენტი უნდა იყოს ბინაზე და დაავადების მიმდინარეობის 5-7-9 დღის განმავლობაში სასურველია ორჯერ მაინც გასინჯოს ექიმმა.
ზოგჯერ 5-დღიანი ცხელების შემდეგ ტემპერატურა იკლებს და ორი დღის შემდეგ ისევ იმატებს.
რაც შეეხება სწავლის დაწყების გადავადებას, ამას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება სადენზიფექციო სამუშაოები. თუ საკლასო ოთახები განიავდება დღეში 4-ჯერ-5-ჯერ, მეორე და მესამე ცვლის დაწყების წინ დალაგდება სველი წესით.
განიავების დროს ბავშვები უნდა გამოიყვანონ საკლასო ოთახიდან. მე მინახავს, როცა ანიავებენ და ბავშვები ამ დროს შიგნით არიან. თუ სკოლა-ბაღები ამ წესებს არ დაიცავენ, რა მნიშვნელობა აქვს სწავლის გადადებას ან ვირუსის სახეობას. ამ ჰიგიენური ნორმების დაცვის პროცესებში შეიძლება ჩაერთონ მშობლებიც და ბავშვებიც. ასე გრიპსაც ავიცილებთ ხოლმე თავიდან და სხვა გავრცელებულ ვირუსებსაც.
განსაკუთრებით ეხებათ ეს საბავშვო ბაღებს, სადაც ხშირად მშობელს მოურჩენელი ბავშვი მიჰყავს წამლებითა და
სიით, რა როდის დაალევინოს მასწავლებელმა. პერსონალი ცდილობს, უკან გაუშვას ბავშვი, მაგრამ მაინც ტოვებენ. თუ ინფიცირებული მოზრდილი დაავადების დაწყებიდან გადამდებია 7 დღის განმავლობაში, ბავშვი გადამდებია 10-12 დღის განმავლობაში. საქმე ისაა, გრიპი რომ ცხელების დაწყებამდეც ერთი დღით ადრეც გადამდებია და ეს ქმნის პრობლემას. ამ ეტაპს, ანუ საინკუბაციო პერიოდს, გამოვლენამდე ვერავინ მიხვდება, ვერც მშობელი, ვერც ექიმი".

ვაქცინაცია

"როცა ვაქცინა კეთდება ინკუბაციის პერიოდში და ვირუსი მალევე იჩენს თავს, ეს მდგომარეობას არ ამწვავებს, უბრალოდ, აღმოჩნდება, რომ ტყუილად გაიკეთეთ ვაქცინა და შეიძლება ვაქცინის არაეფექტურობას დააბრალოთ. ამიტომ გრიპის ეპიდემიის დროს არ უნდა კეთდებოდეს აცრები, თუმცა აკრძალული არ არის, მოწოდებულია ექსპერტების მიერ, რომ ნებისმიერ ეტაპზე გაკეთდეს ვაქცინაცია. შესაძლებელია, დღესაც აიცრათ, მაგრამ უნდა გაიკეთოთ მაღალი იმუნოგენობის ვაქცინა და არა დაბალი იმუნოგენობის. იმუნიტეტის გამომუშავებას 2-3 კვირა სჭირდება. თუ მანამდე დაგემართათ გრიპი, არც ეს არის ტრაგედია. გრიპი არ მიეკუთვნება მძიმე დაავადებებს, საშუალო სიმძიმის დაავადებაა, რომელიც მაღალი ცხელებით ხასიათდება და შემთხვევათა 99%-ში გართულების გარეშე გაივლის, მხოლოდ 1% აქვს გართულების რისკი, ისევე, როგორც სხვა ბევრ დაავადებას. სხვა ვირუსებთან შედარებით და სხვა შტამებთან შედარებითაც, H1N1 მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა. ბავშვი ამ დროს მივარდნილია, ადინამიურია, შეიძლება ღებინება და დიარეაც დაერთოს, ნერვული სისტემის გართულებებიც შეიძლება გამოვლინდეს, დამბლებიც - ასეთ დროს დროული ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.

ბავშვის აცრა გრიპზე შესაძლებელია 6 თვიდან. თუმცა სპლიტ ვაქცინა, რომელიც წელს ვაქსიგრიპის სახელით იყო, 4-კომპონენტიანია და მაღალი იმუნეგენობით გამოირჩევა, კეთდება 3 წლიდან. მანამდე ვაკეთებთ ვაქსიგიპს 3-კომპონენტიანს. ინფლუვაკი ან ვაქსიგრიპი - ორივე მაღალი ხარისხის ვაქცინაა. საერთოდ, 2011 წლიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის მირ ისეთი მაღალი ხარისხის ვაქცინები შემოდის, როგორიც ვერ შედის ირგვლივ მდებარე ვერცერთ ქვეყანაში. წელს 41 ათასი დოზა ვაქცინა უფასოდ გაიცა რისკ-ჯგუფებზე. ასეთი მაღალი ციფრი წინა წლებში არ გვქონია.

პრევენციის ნორმები:

  • ჰიგიენის დაცვა
  • დიდი რაოდენობით სითხეები
  • ბალანსირებული კვება - ჯობია საკვებიდან მიიღოთ ვიტამინები, ვიდრე პრეპარატებიდან, რადგან მათგან შეწოვა ნაკლებია. სოციალურად დაუცველები, ვისაც სრულფასოვანი კვების საშუალება არ აქვთ, სახელმწიფოსგან სპეციალურ დანამატებს უფასოდ იღებენ.
  • ხალხური მეთოდებიდან ნიორი, ასევე ჟოლო, თაფლი, ოღონდ წყალში გახსნილი. ... კარგია დაავადებული პაციენტისთვისაც და საპროფილაქტიკოდაც. ახლა ცხელებით მიმდინარე ყველა დაავადება ღორის გრიპია შემთხვევათა 99%-ში, მაგრამ ამის დიფერენცირებაც არც კი ვახდენთ. სანამ ლაბორატორიული პასუხი მოგვივა, პაციენტი მორჩება.
  • მკურნალობა ძირითადად, ბინაზე მიმდინარეობს ექიმის გამოძახებით, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, პაციენტს სჭირდბა ჰოსპიტალიზაცია თუ არა".
ბეჭდვა
```