ცნობილმა პედიატრმა, ინგა მამუჩიშვილმა სეზონურ ვირუსებსა და მასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. როგორც ექიმმა ტელეკომპანია "ერთსულოვნების" ეთერში განაცხადა, პირადად მასთანაც გრიპის სიმპტომებით პაციენტთა მიმართვიანობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა შემთხვევები ისევ არის და მშობლებს დროული მიმართვიანობისკენ მომუწოდებს.
"დროული მკურნალობის დაწყება გადამწყვეტია პაციენტთა ყველა ასაკში. მიმართვა საჭიროა არა მეორე ან მესამე დღეს, არამეს სიმპტომების გამოჩენის პირველივე დღეს. ეს სიმპტომებია მაღალი სიცხე, რომელიც 41-42 გრადუსზეც ადის და პრაქტიკულად არ ემორჩილება სიცხის დამწევებს, სისუსტე და ძილიანობა, ხველა, შესაძლოა დიარეა და ღებინება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 37,5 ტემპერატურაზეც სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ. გრიპის გარდა სეზონზე სხვა ვირუსებიც ცირკულირებს, რომლებიც გრიპისა და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევენ. ამ შემთხვევაში პაციენტები ბინაზე უნდა მკურნალობდნენ პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის გამოძახებაც შესაძლებელია. ვირუსს სჭირდება დიდი რაოდენობით სითხეები და არა მედიკამენტები და მითუმეტეს, ანტიბაქტერიული საშუალებები.
არ არის საჭირო ზედმეტი პანიკა და შფოთვა. ეს ხელს შეგიშლით. ყოველდღიურად ძალიან ბევრ პაციენტს ვიღებ და ხშირად ვეუბნები მშობლებს, შეხედეთ იმ დედებს, რომლებიც მშვიდად და გაწონასწორებულად ხვდებიან ამ პრობლემას. მათი ბავშვები გაცილებით მარტივად გამოდიან მდგომარეობიდა. სადაც შიში და პანიკაა, მდგომარეობა იქ უფრო რთულდება" - აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.