ბოლო ხანს მშობლები ძალიან შეაშინა სოციალური ქსელით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ წითელას შემდეგ დიფტერიის გააქტიურებას უნდა ველოდოთ.
გამომდინარე იქედან, რომ დიფტერია საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა და გართულების შემთხვევაში ფატალური შედეგებსაც იწვევს, დავინტერსდით, მართლაც არსებოს თუ არა აღნიშნული დაავადების გავრცელების საფრთხე საქართველოში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში დიფტერიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
- დიფტერიის შემთხვევა რამდენიმე წელია ჩვენთან არ დაფიქსირებულა, აცრების მოცვა ბავშვთა ასაკში საკმაოდ კარგია და ამ ეტაპზე მკაფიო რისკები დიფტერიის გავრცელების ჩვენს ქვეყანაში არ არის გამოკვეთილი. აქვე დავძენ, რომ დიფტერიის აცრა გათვალისწინებულია აცრების ეროვნულ კალენდარში და 14 წლის შემდეგ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული აცრის გაკეთება.
- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დიფტერიით ავადობას და რამდენად ემორჩილება მკურნალობას?
- დიფტერია არის ერთ-ერთი სერიოზული დაავადება, რომელსაც გარდა დროებითი გართულებებისა, შეიძლება მოჰყვეს ხანგრძლივი გართულება და ლეტალურადაც კი შეიძლება დასრულდეს. საბედნიეროდ, არსებობს დაავადების საწინააღმდეგო მკურნალობა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ყველაზე ეფექტური არის დროულად ჩატარებული იმუნიზაცია.
ინფორმაციისთვის, დიფტერია არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ფიბროზული ანთებით დაზიანებულ ადგილებში და ჩნდება ადამიანის ორგანიმზში Corynebacterium diphtheriae-ტიპის ბაქტერიის მოხვედრით. დაავადება გადაეცემა როგორც ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე სქესობრივი გზით, პირადი თუ საყოფაცხოვრებო მოხმარების საერთო ნივთების გამოყენებით.
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
• ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან;
• ძლიერი ყელის ტკივილი (განსაკუთრებით ყლაპვის დროს);
• ყელის, ხორხის შეშუპება;
• თავის ძლიერი ტკივილები;
• გულის რევა, ღებინება;
• თვალის კანის შესიება;
• კანზე წყლულების გაჩენა;
• ყეფვის მსგავსი ხველა;
• ხმის ჩახლეჩვა;
• ყელის ლიმფური კვანძების გადიდება;
• გართულებული სუნთქვა;
• სასქესო ორგანოებიდან ჩირქიანი გამონადენი, ტკივილი შარდვის დროს.
რუსკა კილასონია