"მთელი ცხოვრება ბავშვებს ვემსახურები და ისეთი ტრავმები მინახავს, მთელი ცხოვრება რომ ვერ გამოსწორდება" - ცნობილი ორთოპედი მშობლების შეცდომებზე
ცელქი და მოუსვენარი ბავშვები გამუდმებით იშავებენ რამეს - წაქცევა, მოტეხილობა, ამოვარდნილობა თუ დაჟეჟილობა ცელქი ბავშვების, მითუმეტეს, ბიჭების დედებს არ უკვირთ.
თუ თქვენმა შვილმა რამე დაიზიანა, რა ტქმა უნდა, სასწრაფოს გამოიძახებთ,თუმცა ექიმის მოსვლამდე არსებობს პირველადი დახმარების წესები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს მშობელმა. რა უნდა გავაკეთოთ, ან რა არ უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი წაიქცა და ტრავმა მიიღო, ამის შესახებ ორთოპედ-ტრავმატოლოგმა მერაბ ვარძუკაშვილმა გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონიასთან" ისაუბრა.
- ბავშვმა შეიძლება უეცარი
ტრავმით ისეთი დაზიანება მიიღოს, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვეს იმის კვალი. ბავშვის ჩონჩხს, დიდისგან განსხვავებით, გააჩნია საზრდელი ზონები და გარკვეული ანატომიური თავისბურებები. ამიტომაა ბავშვის მოტეხილობა თავისებური და საფრთხილო. ყველას ჰგონია, რომ თუ ბავშვი რამეს მოიტეხს, არა უშავს, შეუხორცდება და ადვილად გაუვლის. სამწუხაროდ, ამ ზრდის ზონებიდან გამომდინარე, მოტეხილობა იწვევს ისეთ დეფორმაციებს, რომლის გასწორებას სერიოზული რეკონსტრუქციული ოპერაციები სჭირდება.

- სად აქვს ბავშვს ზრდის ზონები, რომლის მოტეხილობებიც ასეთი რთული და საყურადღებოა?

- მაგალითად იდაყვის სახსარში ერთი გრადუსითაც რომ დარჩეს დეფორმირებული და ერთმანეთს აცილებული ფრაგმენტები, ხელის სწორი ვეღარ იქნება, გაღუნული დარჩება და ამას ფუნქციის დაქვეითებაც მოჰყვება.

- რომელი ადგილებია ანატომიურად ყველაზე სუსტი და ადვილად ტრავმირებადი ბავშვებში?

- ახალშობილებში, ფიზიოლოგიური მშობიარობის
დროს ყველაზე ხშირია ლავიწის ძვლის მოტეხილობა. ეს ერთ კვირაში შეხორცდება. რაც შეეხება მოზრდილი ბავშვობის ასაკს, ყველაზე ხშირი მაინც იდაყვის სახსარში მოტეხილობაა. ზოგადად, ტრავმები გაცილებით ხშირია ზაფხულში, მაგალითად სიმაღლიდან ვარდნა. სამწუხაროდ, ჩვენმა ბავშვებმა არ იციან, როგორ დაეცენ. მაგალითად, სპორტში, სადაც მუდამ უხეში მოძრაობებია, წესით ტრავმები ბევრად მეტი უნდა იყოს, მაგრამ მათ იციან დაცემის ხრიკები. ეს ხრიკები და საერთოდ, ტრავმების თავიდან ასაცილებლად მომზადება საბავშვო ბაღიდანვე უნდა ასწავლონ, ეს უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა. პირველ რიგში ასწავლონ სიფრთხილე, ქუჩაზე სწორად გადასვლა.
ბავშვს არა აქვს მთავარი მუხრუჭი - შიში. სიცელქის, ცნობისმოყვარეობის გამო ვერ აცნობიერებენ, რა საფრთხე ელით. შეიძლება სამუდამოდ გაჰყვეთ ტრავმის კვალი, მე ჩემს შვილიშვილებსაც სულ ვაფრთხილებ. მაგალითად, ძალიან ხშირია სიმაღლიდან ჩამოვარდნისას ზედა კიდურების მოტეხილობა, რადგან დაცემისას გაშლილ ხელს ახვედრებს მიწის ზედაპირს. ამ დროს ჯობია, ხელი უფრო მოხრილი იყოს. ამის განსაზღვრა ძნელია, როცა ბავშვი ვარდება, ამიტომ, პირველ რიგში, მათ სიფრთხილე უნდა ჩავუნერგოთ და ყურადღება მივაქციოთ. მთელი ცხოვრება ბავშვებს ვემსახურები და ისეთი ტრავმები მინახავს, მთელი ცხოვრება რომ ვერ გამოსწორდება. ჩვენ, ექიმებიც ვწუხვართ და გვენანება.
სიფრთხილე სჭირდებათ მშობლებსაც. უნდა იცოდნენ, როცა 2-3 წლის ბავშვი ხელჩაკიდებული მიჰყავთ, ამ დროს ბავშვი შეიძლება ძირს დასწვდეს რამეს, ხელი დაიჭიმება და სხივის თავის ამოვარდნილობა მოხდება. იგივე ხდება, როცა მშობელი სწრაფად მიდის და ექაჩება ბავშვს ხელზე. ბავშვი ტირილს იწყებს, უფროსი კი ვერ ხვდება, რა დაემართა პატარას. მოგვიანებით შენიშნავს, რომ ბავშვი ხელს ვერ ვერ ხმარობს და აკითხავს ექიმს. ასეთი რამ ემართებათ, მაგალითად, მხრებზე რომ შემოისვამენ ბავშვს, ის კი უკან გადაიზნიქება და უფროსზე ჩაჭიდებული ხელები იჭიმება. ან ხელებით აიტაცებენ ბავშვს და აქანავებენ.

- რისი ბრალია ერთსა და იმავე სახსრის ხშირი ამოვარდნილობა?

- ეს ასაკობრივია, როცა სახსარი გამყარდება, ამოვარდნილობები შეწყდება. ამ დროს მშობელი უნდა გაუფრთხილდეს მის სახსრებს, რომ ხშირი ტრავმა არ მიაყენოს.

- რას ნიშნავს რბილი და ელასტიური ძვლები?

- ეს დისპლაზიური, მოქნილი სახსრებია და არ ითვლება პათოლოგიად.

- წაქცევის შედეგად მშობელს შემთხვევით აღმოუჩენია, რომ ბავშვს ნეკნი აქვს მოტეხილი. რამდენად საშიშია ეს?


- ამ დროს ფიქსაცია არ შეიძლება, თავისუფლად უნდა ისუნთქოს. 2-3 კვირაში შეხოცდება. მთავარია, ფილტვის ქსოვილი არ დააზიანოს.

- ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, რითიც ბავშვის ტრავმა კიდევ უფრო ძლიერდება? რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვი წაიქცა?

- ხშირად გამოგონია მშობლისგან, რომ ბავშვს ხელი ამოუვარდა, მათ კი დაუქაჩეს. სინამდვილეში არც მშობელმა, არც მწვრთნელმა არ იცის, რეალურად რა დაზიანება აქვს ბავშვს. კიდურის დაქაჩვით კი ზედმეტ ტრავმას აყენებ ბავშვს. ამ დროს მატულობს ტკივილი. შესაძლოა, სულაც არ არის ამოვარდნილი და მოტეხილია, ან უბრალოდ დაჟეჟილია.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვმა კიდურების ტრავმა მიიღო?

- თუ ბავშვს ხელი დაუზიანდა, უბრალოდ დაუფიქსირეთ რბილი ნახვევით. როცა წინა მხრის ტრავმაზე გვაქვს ეჭვი, უნდა გამონასკვოთ რაიმე რბილი ქსოვილი, ჩამოვადოთ ბავშვს კისერზე და ხელი ამით დავუფიქსიროთ. როცა უკანა მხრის ტრავმაზე გვაქვს ეჭვი, იგივე ნახვევით შეგვიძლია მხარი მჭიდროდ დავაფიქსიროთ სხეულთან. ამ დროს ხელი უნდა იყოს მოხრილი და არა დაშვებული.
არის მეორე საშუალებაც. თუ ბავშვი დაეცა და კიდური დაუზიანდა, დაუყონებლივ უნდა ვნახოთ ფანერის ნაჭერი, ან სხვა მყარი საგანი, რითაც დავაფიქსირებთ კიდურს და გადავახვიოთ რბილი ნახვევით. ამ დროს უკვე ძვლები დაფიქსირებულია და კიდური ნაკლებად განიცდის ტრავმატიზაციას. როცა ელასტიური ბინტი გვაქვს, ამ დროს არ შეიძლება მყარად გადაჭერა, რადგან შეიძლება სისხლის მიმოქცევა მოიშალოს და მეტად დაზიანდეს კიდური. უბრალოდ გადაახვიეთ მსუბუქად, არ არის აუცილებელი ძალიან მოჭერა. როცა საქმე ეხება ქვედა კიდურის დაზიანებას, იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დროსაც. დავაფიქსიროთ მყარი საგნით და გადავახვიოთ მსუბუქად რაიმე ქსოვილით.
4316
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```