დედების უმრავლესობა ბავშვის აღზრდის მთავარ სირთულედ კვებას და მასთან დაკავშირებულ პერობლემებს მიიჩნევს. ხვეწნა, დაძალება, კონცერტების მოწყობა ჭამის დროს- ბევრი ოჯახისთვის ნაცნობი სცენებია. ცნობილმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემა "ექიმებში" სწორედ ბავშვის კვებაზე ისაუბრა და ბევრ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი.
- ჯერ კიდევ ფეხმძიმობისას და ძუძუთი კვების პერიოდში ქალი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს კვების საკითხს, უნდა იკვებოს სწორად და სრულფასოვნად, რადგან მის ორგანიზმში გამომუშავებული დედის რძებავშვთა კვებაში ოქროს სტანდარტად არის იჩნეული.
თუ დედა იღებს ყველა იმ საკვებ ინგრედიენტს რაც, კონკრეტულ გეოგრაფიული არეალში, მაგალითად საქართველოში მცხოვრები ხალხისთვის არის აუცილებელი, ბავშვსაც უყალიბდება ამ საკვებთან მიახლოებული საგემოვნო თვისებები. ამიტომ ყველა სახის პროდუქტი უნდა მიიღოს როგორც ორსულმა, ასევე მეძუძურმა ქალმა და არ არის საჭირო დიეტებით შეზღუდვა.
- რამდენად აუცილებელია კვებათა შორის საათობრივი ინტერვალების მკაცრად დაცვა?
- დედას შეუძლია დღის და ღამის განმავლობაში, ნებისმიერ დროს უნდა მისცეს ძუძუ ბავშვს, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს რძე. ძუძუთი კვების შემთხვევები ძალიან მცირდება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც - 65%-70%-დან 45%-მდეა დასული. ბევრ დედას ჰგონია, რომ დიდი ხნით ძუძუს მიცემით გარკვეულ საკვებს აკლებს ბავშვს. სინამდვილეში ეს ექიმის მიერ უნდა შეფასდეს. დედა კი თვითბნებურად ამატებს სხვა საკვებს ბავშვის რაციონში. როცა ბავშვი გემოს უსინჯავს სხვა პროდუქტს, შესაძლოა თავადვე ამოაგდოს ძუძუთი კვება თავის რაციონიდა. ამით ბავშვს ვაკლებთ მთელ იმ იმუნობიოლოგიურ აქტივობას, რამაც ეს ბავშვი მომავალში უნდა დაიცვას სხვადასხვა ინფექციებისგან. ამიტომაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ 6 თვემდე ექსკლუზიურად უნდა იკვებებოდეს ძუძუთი, ამ დროის განმავლობაში დედა ბოლომდე გადასცემს ბავშვს ანტისხეულებს, დედის რძით გაზრდილი ბავშვები მაქსიმალურად დაცულები არიან გარკვეული ინფექციებისგან. დედის რძე შეიცავს ისეთ უნიკალურ ნივთიერებებს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, იცავს კუჭ-ნაწლავის პრობლემებისგან და სხვადასხვა დაავადებებისგან.
ძუძუთი კვება ბავშვის გონებრივ განვითარებას აძლიერებს
- რამდენად სწორია გვიანდელ ასაკამდე, მაგალითად, 2 წლამდე ძუძუთი კვება?
- დაშვებულია. განვითარებადი ქვეყნებისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 4 წლამდეც აძლევს ძუძუთი კვების რეკომენდაციას. მათი შეფასებით, ჯობია ბავშვმა დედის რძე მიიღოს, ვიდრე მავნე მინარევებით გაჯერებული საკვები.
- რაც შეეხება კვების მიმართ მიდგომებს, მშობლების სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ერთი ნაწილი მკაცრად მისდევს პედიატრის შედგენილ მენიუს და არაფრით არ შეაქვს ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი აპროტესტებს და არ ჭამს...
- ბავშვს უნდა შესთავაზოთ მაქსიმალურად ერთი და იგი საკვები, ოღონდ სხვადასხვანაირად გაფორმებული. თუნდაც სხვადასხვა ჭურჭლიდან ვაჭამოთ. ცოტა რომ წამოიზრდება, ვეცადოთ, მონაწილეობა მივაღებინოთ მომზადების პროცესში, რა თქმა უნდა, ჰიგიენის დაცვით. როცა საკვების მომზადებაში თვითონაცაა ჩართული, როგორც წესი, უკეთ ჭამენ ხოლმე.
საერთოდ, როცა ამ პრობლემით მომმართავენ მშობლები, აღმოჩნდება რომ კვებამდე ბავშვს მიღებული აქვს ან ტკბილეული, ან გაზიანი სასმელი ან ტრანსცხიმებით გაჯერებული საკვები. როცა ბავშვბი ასეთ საკვებს გასინჯავს, ის აღარ შეჭამს კომბოსტოს და ბულგარულს.
- მშობელთა მეორე კატეგორია ფიქრობს, რომ ბავშვს სულ შია და სულ უნდა ჭამდეს. ამიტომ აჭმევენ განუსაზღვრელი რაოდენობით.
- ასეთ მიდგომას ბოლოს მეტაბოლურ დარღვევებამდე მივყავართ. არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც დღეში 3-ჯერ იკვებოს, შეიძლება დღეში 4-5-ჯერ გადავაწილოთ რაციონი. საკვები უნდა იყოს დაბალანსებული ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით. სწორი კვება არის სხვადასხვა დაავადებების განვითარების წინააღმდეგ ერთგვარი პროფილაქტიკაა. ყველა საკვებს გააჩნია ეპიგენეტიკური ეფექტები. მაგალითად, დედის რძეში ქოლესტერინის შემცველობა მაღალია და აღმოჩნდა, რომ ეს მოზრდილ ასაკში ბავშვს იცავს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისგან, გულის იშემიური დაავადებებისგან, ათეროსკლეროსგან. ამ დროს ჩვენ ხელოვნურ საკვებში ქოლესტერინის დონეს ვამცირებთ.
ჭირვეული მჭამელი ბავშვი და მისი დედა - საინტერესო რჩევები ექიმ კომაროვსკისგან!
- არის ასევე დამჯილდოვებელი მშობლის კატეგორია, რომელიც ბედნიერია იმით, რომ ბავშვმა რაღაც შეჭამა. მაგალითად, ბავშვს უყვარს შემწვარი კარტოფილი და მშობელი აჭმევს დრეში სამჯერ იმ მოტივით, რომ ამას ყველაზე კარგად ჭამს...
- მშობელი მშვიდდება, რომ ბავშვი ასე თუ ისე დანაყრებულია, სწორედ ამით იწყება გზა ცივილიზაციური დაავადებებისკენ. არ შეიძლება კვების წახალისება საყვარელი საჭმლით, თუნდაც სათამაშოებით, მაგალითად, ოღონდ ჭამოს და ბავშვს აძლევენ სხვადასხვა გაჯეტს, სათამაშოებს... მალე მას აღარ დააკმაყოფილებს ეს გასართობები და აღარც შეჭამს არაფერს. ნუ დაუწესებთ ბავშვს საათობრივ გრაფიკს. ჭამათა შორის შუალედებში ერთსაათიანი ან ნახევარსაათიანი ლავირებით არაფერი დაშავდება, ჯობია,მოშივდეს და ნამდვილი საკვები მიიღოს ბუნებრივად. ამიტომ მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საკვებს. ჯობია მოამზადოს დედამ და ჩაერთოს მასში ბავშვიც.
- როცა წამოიზრდებიან, ჩვენს შვილებს ძალიან უყვარდებათ სწრაფი კვების პროდუქტები... როგორ ავარიდოთ ასეთი საკვები ბავშვს?
- კატეგორიული აკრძალვების მომხრე არ ვარ. კვირაში ერთხელ ან დღესასწაულებზე შესაძლოა ბავშვმა მიიღოს ასეთი საკვები, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაბამის ჰიგიენურ პირობებში დამზადებული. მშობლებს მოვუწოდებ, რომ ჯობია მეტი თანხა და ძალისხმევა დახარჯონ ჯანსაღ კვებაზე, რადგან არასწორი კვებით გამოწვეული პათოლოგიების მკურნალობა უფრო რთულია და გაცილებით მეტ ხარჯებს ითხოვს.
როგორ აჭმევენ უმადო ბავშვებს მოხერხებული მშობლები - ორიგინალური და სასაცილო მეთოდები