როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის არსებობის შემთხვევაში? ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა.
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი განვითარების ნევროლოგიურ-ქცევითი დარღვევაა, რომელიც ბავშვთა ასაკში ვლინდება და გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი და სწავლის გაძნელება, ჰიპერაქტიურობა, იმპულსურობა.
მედიცინაში გარკვეულ პერიოდში ითვლებოდა, რომ კვების რეჟიმი და ბავშვის საათობრივი კვებით შესაძლებელი იყო ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს პოზიტიული შედეგების მიღება, თუმცა დღესდღეობით აღიარებული ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ნუტრიციული ფაქტორი გულისხმობს ბავშვის ჯანსაღ კვებას და რაციონის იმ მიკრონუტრიენტებით გამდიდრებას, რომლებიც აუცილებელია სეროტონინისა და კატექოლამინური ნეირომედიატორების სინთეზისთვის, რადგანაც ცნობილია, რომ ამ სინდრომის დროს სწორედ მათი დეფიცი აღინიშნება.
- დღის განმავლობაში ბავშვის კვება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს უნდა იყოს ისეთივე, როგორიც არის ზოგადად ბავშვის რაციონი, არაფერი განსაკუთრებულის ჩართვა საჭიროდ არ ითვლება. რაც შეეხება იმ საკვებს, რომელიც ამოღებული უნდა იქნას რაციონიდან, ეს არის გაზიანი სასმელები, ნიტრატები, გლუტამატი, შოკოლადი, შაქარი და საღებავების შემცველი პროდუქტები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მაპროვოცირებელია. ამ პროდუქტებს შეუძლია ჰიპერაქტიურობა გამოიწვიოს ნებისმიერ ბავშვში, განსაკუთრებით საღამოს საათებში, რაც ხელს უშლის ბავშვის ჩაძინებას და ღამის განმავლობაში მშვიდ ძილს.
კონკრეტულად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომისთვის განსაზღვრული კვების რეჟიმი და რაციონი არ არსებობს, მაგრამ გარკვეული რჩევები ამ დროს ბავშვის რაციონის შერჩევისთვის შემიძლია მოგცეთ:
პროტეინებით მდიდარი საკვები (ყველი, კვერცხი, ხორცი, თხილეული); კარბოჰიდრატები შეზღუდულად (კანფეტები, თაფლი, შაქარი, თეთრი ფქვილის წარმოებულები, თეთრი ბრინჯი, კარტოფილი); ცხიმები (რძემჟავა პროდუქტები, კარაქი); კომპლექსური კარბოჰიდრატებით მდიდარი პროდუქტების ჩართვა (ფორთოხალი, მანდარინი, მსხალი, გრეიფრუტი, ვაშლი და კივი) კვებაში ძილის წინ ხელს უწყობს ჩაძინებას; ომეგა-3 მიღება. დაახლოებოთ 500-2000 მგ/დღეში. ნახევრად უჯერი ეიკოზაპენტაენური ცხიმოვანი მჟავა (EPA), ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. ხოლო დოკოზაჰექსაენური ცხიმოვანი მჟავა (DHA) აუცილებელია ნერვული უჯრედების მილინიზაციისთვის.
ეს რაც შეეხებოდა კვებას, ახლა ორიდე სიტყვით შევეხოთ დანამატებს. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დროს სასურველია ბავშვმა მიიღოს ქოლინი და ლეციტინი, რომლებიც ნერვული სისტემის პროტექტორები არიან, ამინომჟავები - სრულფასოვანი ცილოვანი კვება აუცილებელია, B ჯგუფის ვიტამინები - ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
რკინა, თუთია და მაგნიუმი - ამ დარღვევის მქონე ბავშვების დიდ ნაწილს აღენიშნება მათი დეფიციტი.
სალომე გორგოშიძე