ყურის ჩხირები ადამიანის ჰიგიენის განუყოფელ ნაწილად იქცა. ვერც იპოვით ადამიანს, რომელიც ყურებს ამ ჩხირების გარეშე ისუფთავებს.
ყურის ჩხირებს თითქმის ასი წლის წინ გამოიგონეს, თუმცა ათ წელიწადში უკვე წერდნენ, რომ მისი გამოყენება აზიანებდა ყურის შიგთავსს და სახიფათო იყო ჯანმრთელობისთვის. ბევრმა არ იცის, რომ ე.წ. ყურის ჩხირები ყურისთვის სულაც არ არის განკუთვნილი. ჩხირების შეფუთვაზე წარწერასაც ნახავთ, რომ ის ყურებისთვის გამიზნული არაა. ეს კოსმეტიკური ჩხირებია, რომლებიც შეგიძლიათ კოსმეტიკური საშუალების, ტუჩსაცხის ან ფრჩხილის ლაქის ზედაპირზე გადასანაწილებლად გამოიყენოთ.
ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის "ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის" დირექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე მშობლებს ძალიან საჭირო რჩევას აძლევს:
"თვეში ორჯერ ყურსაწმენდის გამოყენება სრულიად საკმარისია... ზოგიერთი დედა წარა-მარა იყენებს და თანაც ყურში ძალიან ღრმად მიდიან, რაც საჭირო არ არის. ამასთანავე ბევრს ჰგონია, რომ ბანობის დროს ყური დიდხანს უნდა ხეხოს... შხაპს რომ ვიღებთ და თავზე წყალს ვისხამთ, ყურის ნიჟარები უნდა გადმოვკეცოთ და შესასვლელი დავფაროთ, წყალი რომ არ ჩავიდეს. თუ ჩავა, ამაშიც არაფერია საგანგაშო. თავს გადმოვაბრუნებთ და წყალი გადმოვა. შემდეგ პირსახოცი რამდენზეც შედის ყურში, იმდენზე გავიმშრალებთ... ზედმეტი წმენდით ზოგჯერ ყურში ინფექციები შეაქვთ, განსაკუთრებით სოკოვანი დაავადებები, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს... ირონიული იუმორით რომ გითხრათ, ოტორინოლარინგოლოგებმა ძეგლი უნდა დავუდგათ ყურსაწმენდებს. რაც ეს ყურსაწმენდები გამოვიდა, დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ იმატა პაციენტთა რიცხვმა.