როგორ შევურჩიოთ ბავშვს კბილის პასტა, რამდენჯერ უნდა გაიხეხოს კბილები, როგორ უნდა იკვებოს და როდის კეთდება ბრეკეტები - სპეციალისტის პასუხები
როგორ შევურჩიოთ ბავშვს კბილის პასტა, რამდენჯერ უნდა გაიხეხოს კბილები, როგორ უნდა იკვებოს და როდის კეთდება ბრეკეტები - სპეციალისტის პასუხები
რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა კბილების გამოხეხვა, დღეში რამდენჯერ? რა საკვების მიღება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს ბავშვს? როგორი უნდა იყოს პირის ღრუს ჰიგიენა 1 წლის მოზარდისთვის? მითია თუ რეალობა, რომ ბევრი ტკბილეული მავნებელია კბილებისთვის? 
ამ და სხვა საინტერესო თემებზე ექიმი ორთოდონტი ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი გვესაუბრება.
mshoblebi

- პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა აუცილებელია, როგორც კი პირის ღრუში ამოიჭრება პირველი სარძევე კბილები. უმეტესწილად კი ეს ქვედა ყბის საჭრელებია, რომლებიც დაახლოებით 6-8

თვისთვის იჭრებიან. 1 წლამდე პრაქტიკულად არ გამოიყენება კბილის ჯაგრისი ან პასტა. 10-12 თვემდე სარძევე კბილის მოვლის რამდენიმე მარტივი გზა ასეთია: მშობელი თითზე იხვევს სტერილურ მარლას, ასველებს წყლით და ნელი მოძრაობებით წმენდს კბილებს, სასურველია ეს პროცედურა ჩატარდეს დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ. შესაძლებელია მარლის მაგივრად გამოყენებულ იქნას სპეციალური თითზე წამოსაცმელი სილიკონის საწმენდი, სარძევე კბილების გასაწმენდად.
საბავშვო კბილის პასტის და ჯაგრისის გამოყენება რეკომედებულია ერთი წლის ასაკიდან. კბილის პასტის შერჩევა ხდება ასაკობრივი მაჩვენებლის მიხედვით და ეს ინფორმაცია დატანებულია უშუალოდ კბილის პასტის შეფუთვაზე. სასურველია მშობელმა უპირატესობა მიანიჭოს ფტორის და კალციუმის შემცველ კბილის პასტას. სარძევე კბილების წმენდისთვის გამოყენებული უნდა იქნეს კბილის ჯაგრისი რბილი დაფარვით.ხშირ შემთხვევაში ბავშვების ჯაგრისები ფერადია და
აქვთ რაიმე ფორმა, რაც მათ გამოყენებას უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.
კბილების გახეხვა რეკომედირებულია ხდებოდეს დღეში ორჯერ დილით საუზმის შემდეგ და საღამოს დაძინებამდე. წმენდის ხანგრძლივობა - 3-5 წუთი.

mshoblebi

- როგორი უნდა იყოს პირის ღრუს ჰიგიენა 1 წლის ბავშვისთვის?

- ერთი წლის ასაკიდან უკვე შესაძლებელია საბავშვო კბილის პასტის და ჯაგრისის გამოყენება.
ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კარგი პირის ღრუს ჰიგიენის არის, რეგულარულობა. პირველ ეტაპზე კბილების ხეხვა ხდება მშობლის მონაწილეობით და დახმარებით, ეტაპობრივად კი ხეხვა ჩვევად უნდა იქცეს და 3-4 წლისთვის ხეხვა უკვე ისეთივე განუყოფელი ნაწილი ხდება დღის, როგორც ძილი და ჭამა.
ბავშვისთვის კბილების ხეხვის დასწავლის და შეყვარების ძალიან კარგი მეთოდი არის, მაგალითის მიცემა. სასურველია მშობელმა ბავშვთან ერთად გაიხეხოს კბილები, რაც ბავშვისთვის პირის ღრუს ჰიგიენის დასწავლას გაუადვილებას, საწყის ეტაპზე სასურველია პატარას კბილების ხეხვამ 10–15 წამი გასტანოს, ეტაპობრივად კი მოხდეს ამ დროის გაზრდა დაახლოებით 3 წუთამდე.
აუცილებელია კბილის ჯაგრისის გამოცვლა ყოველ 2–3 თვეში ერთხელ, ასევე სურდოს ან გაციების გადატანის შემდეგაც.

- რა საკვების მიღება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს ბავშვს?

- კბილებისთვის სასარგებლო პროდუქტები უნდა შეიცავდეს მცირე რაოდენობით შაქარს და საკმაო რაოდენობით უნდა ჰქონდეს ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. ბავშვთა და მოზარდ ასაკში სასარგებლოა მყარი საკვების მიღება, ამ დროს სრულფასოვნად მუშაობს კბეჩის და ღეჭვის ფუნქცია, რაც ხელს უწყობს სარძევე და მუდმივი კბილების დატვირთვას და ჯანსაღი თანკბილვის ჩამოყალიბებას.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 3 წლამდე პერიოდს, ამ დროს კბილების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, ბავშვის ორგანიზმს მივაწოდოთ საკმარისი რაოდენობით კალციუმი, იქნება ეს რძის ნაწარმით თუ სხვადასხვა საკვები პროდუქტებით.

mshoblebiგაგაცნობთ საკვებ პროდუქტებში კალციუმის შემცველობას (მგ. 100გრ. პროდუქტზე)
  • რძე 3% - 100;
  • რძე 1% - 120;
  • ხაჭო - 95;
  • არაჟანი - 100;
  • იოგურტი - 120;
  • კვერცხი - 27;
  • ფორთოხალი - 35;
  • ლეღვი - 57;
  • ბანანი - 26;
  • მსხალი, ვაშლი - 10;
  • გოგრა - 100;
  • სალათის ფურცლები - 83;
  • კომბოსტო - 60;
  • ნიახური - 240;
  • ლობიო - 40;
  • ზეთისხილი - 60
  • გამოყვანილი თევზი ძვლით - 3000;
  • მოხარშული თევზი - 20-30;
  • საქონლის ხორცი - 10-30
  • პური ჭვავის - 60, ხორბლის - 30

- ზოგადად, რა ასაკიდან იწყება კბილების მოცვლა? როდის არის ის ნაადრევი და დაგვიანებული? როდის უნდა მივმართოთ ქირურგიულ მეთოდებს?

- სარძევე კბილების მოცვლა მუდმივით 6 წლის ასაკიდან იწყება და სრულდება დაახლოებით 12–13 წლისთვის. პირველად იჭრება პირველი მუდმივი მოლარი დაახლოებით 6-7 წლისთვის. კბილების ამოჭრა ყოველთვის ინდივიდუალურია და 1 წლით ნაადრევი და დაგვიანებული კბილთა ამოჭრა ზოგად ნორმებთან მიმართებაში, შეიძლება აღნიშნული პაციენტისთვის ფიზიოლოგიური ნორმა იყოს.
ამიტომ აუცილებელია ბავშვის მუდმივი პროფილაქტიკური ვიზიტები ყოველ 5–6 თვეში ერთხელ. ცვლადი თანკბილვის დროს აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევა და კბილთა ამოჭრის მიმართულების და ვადების ამ გზით კონტროლი.


- მითია თუ რეალობა, რომ ბევრი ტკბილეული მავნებელია კბილებისთვის?

- მავნებელია კბილებისთვის ის ნახშირწყლები და ტოქსინები, რომლებიც ტკბილეულის და გლუკოზის შემცველი პროდუქტების მიღების შემდეგ დიდხანს რჩება კბილის ზედაპირზე და ხელს უწყობს ნადების წარმოქმნას. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია ბავშვისთვის მინიმუმამდე დაყვანილი იქნას საჭმლის მიღებას შორის წახემსებები. ასევე სასურველია საკვების და სხვადასხვა სასუსნავების მიღების შემდეგ მოხდეს პირის ღრუს წყლით გამოვლება.
mshoblebi

- რამდენად შესაძლებელია კბილების დაპლომბვა ბავშვისთვის საჭიროების შემთხვევაში?

- ბავშვებში სარძევე კბილების დაბჟენა შესაძლებელი კი არა, აუცილებელია. კარიესი ბავშვთა ასაკში ძალიან ადვილად და სწრაფად ვითარდება. ხშირ შემთხვევაში მშობლებს ჰგონიათ, რომ სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელი არაა, ვინაიდან ისინი მაინც მოიცვლება. ეს კი ძალიან მცდარი წარმოდგენაა. სარძევე კბილები საჭიროებენ დროულ მკურნალობას და დაბჟენას, ვინაიდან კარიესით დაზიანებული კბილები აუარესებს ესთეტიკა, ირღვევა კბეჩის და ღეჭვის ფუნქცია, რაც ერთობლიობაში ხელს უშლის მთლიანი პირის ღრუს ნორმალურ ფუნქციონირებას. კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი სარძევე კბილების დროული მკურნალობის არის ის, რომ დროული პროფილაქტიკა და დაბჟენა თავს აგვარიდებს მუდმივი კბილის ჩანასახის დაზიანებას და ხელს შეუწყობს მის დროულ ამოჭრას. დღესდღეობით არსებობს ანესთეზიის მრავალი გზა და ასევე ფერადი ბჟენების ფართო არჩევანი, რაც თქვენი პატარას სტომატოლოგთან ვიზიტს უმტკივნეულოს და მხიარულს გახდის.
აქვე დავამატებდი, რომ არსებობს ისეთი პროფლაქტიკური პროცედურა, როგორიცაა ფისურების ჩაბეჭდვა. ამ დროს ხდება მუდმივი კბილების საკონტაქტო ფისურების ჰერმეტიზაცია, სპეციალური საბჟენი მასალით, რაც ხელს უწყობს კარიესის პრევენციას.


- რატომ ხდება საჭირო ბრეკეტების გაკეთება და რა ასაკიდანა არის რეკომენდირებული?

- ჩივილი, რითაც მოგვმართავენ პაციენტები და იკეთებენ ბრეკეტებს, უმეტესწილად არის ესთეტიური. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბრეკეტსისტემა გამოიყენება კბილთა დგომის, კბილთა რკალის და თანკბილვის კორექციისთვის. ბრეკეტებით აქტიური მკურნალობა რეკომენდებულია დაიწყოს მაშინ, როდესაც ამოჭრილია ყველა მუდმივი კბილი მეშვიდე კბილების ჩათვლით და დასრულებულია მათი ფესვების ფორმირება. ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში გახლავთ 12-13 წელი.
არსებობს ასევე გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითისთვის 4X2-ზე სისტემით ბრეკეტების ფიქსაცია, რომელსაც მივმართავთ დაახლოებით 9-10 წლის ასაკში.


- რა და რა სახის ბრეკეტები არსებობს და ზოგადად, რამდენ ხანში დგება სასურველი შედეგი?

- ფიქსაციის მეთოდიდან გამომდინარე არსებობს ორი სახის ბრეკეტები: ვესტიბულური (ტუჩის მხრიდან) და ლინგვალური (ენის მხრიდან).
მასალიდან და ესთეტიკიდან გამომდინარე განარჩევენ: მეტალის, კერამიკის, საფირის და სხვა კომბინირებული მასალებისგან შემდგარ ბრეკეტსისტემებს.

mshoblebi

ასევე გააქტივების მექანიზმიდან გამომდინარე არსებობს ორი სახის ბრეკეტები:
ტრადიციული ლიგატურული ბრეკეტები, რომლებიც ძირითადად აქტიურდება ფერადი ლიგატურების/რეზინების საშუალებით.
და მეორე თვითლიგირებადი ბრეკეტები, რომლებიც აქტიურდება საკუთარი ჩამკეტი მექანიზმის საშუალებით. ბრეკეტსისტემის შერჩევა თითოელ შემთხვევაში ხდება ინდივიდუალურად ექიმი ორთოდონტის და პაციენტის ურთიერთშეთანხმების გზით.
ბრეკეტსისტემის ფიქსაციიდან 8-12 კვირის შემდეგ უკვე შესაძლებელია გარკვეული შედეგის შემჩნევა, ამას პაციენტიც ამჩნევს, თუ როგორ ხდება მისი კბილთა რკალის ფორმირება და კბილების ერთ მწკრივად მოწყობა. რაც შეეხება აქტიური მკურნალობის პერიოდს, ბრეკეტების ფიქსაციიდან მათ მოხსნამდე, ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადად ეს დრო 18 თვიდან 30 თვემდე მერყეობს.


- თუ ბავშვობაში ვერ გამოსწორდა პრობლემა, შესაძლებელია თუ არა, რომ ზრდასრულ ასაკში ბრეკეტების დახმარებით გამოსწორდეს პრობლემა?

- ბევრ ზრდასრულს ჰგონია, რომ ბრეკეტები მხოლოდ მოზარდებისთვის არის და სერიოზულად არ უყურებენ ორთოდონტიულ მკურნალობას. ეს მცდარი წარმოდგენაა, ვინაიდან ჯანსაღი პაროდონტის და პირის ღრუში კბილების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება, იქნება ეს ბრეკეტ სისტემით, თუ სხვა მექანიკური აპარატით. ამიტომ არასდროს არ არის გვიანი კბილების გასწორება, თუ პაციენტს აქვს სურვილი, რომ ჰქონდეს ჯანსაღი და მომხიბვლელი ღიმილი.

სალომე გორგოშიძე
2820
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?