"ალერგიული სინჯი არ იცავს პაციენტს! შესაძლოა, ექიმი დაიცვას პროკურორის ზედმეტი კითხვებისგან" - ანესთეზიოლოგი ყველაზე საშიშ რისკებზე საუბრობს - მშობლები

"ალერგიული სინჯი არ იცავს პაციენტს! შესაძლოა, ექიმი დაიცვას პროკურორის ზედმეტი კითხვებისგან" - ანესთეზიოლოგი ყველაზე საშიშ რისკებზე საუბრობს

2019-04-11 11:19:04+04:00

რამდენიმე დღის წინ თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ძგიდის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ირაკლი კობიაშვილს ალერგიის შედეგად ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ბუნებრივია, ასეთ ფაქტებს ადამიანები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ და შიში იპყრობთ. მითუმეტეს, როცა გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი იმიტომ გარდაიცვალა, რომ საანესთეზიო მასალის გამოყენებამდე შესაბამისი სინჯი არ გაუკეთეს.

სინამდვილეში რა ბუნებრივი რისკები ახლავს ანესთეზიას, რა შემთხვევაში უნდა გაუკეთდეს პაციენტს სინჯი და რატომ უწოდებენ ანაფლიაქსიას "ექიმის კოშმარს" - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვპასუხობს ისრაელში, ბარზილაის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმი ანესთეზილოგი ვასილ ხაჩიაშვილი.

- სანამ კითხვებზე გიპასუხებთ, უმჯობესია, მოკლედ მიმოვიხილო მედიკამენტური ალერგია და ანაფილაქსიური რეაქცია, რომელსაც "ექიმის კოშმარსაც" ეძახიან.

ალერგია (ანუ ჰიპერმგრძნობელობა) ორგანიზმის იმუნური (დამცველობითი) სისტემის გადაჭარბებული რეაქციაა მისთვის უცხო ნივთიერებაზე. აღიქვამს რა საშიშროების წყაროდ, ცდილობს ებრძოლოს. არადა, ეს ნივთიერება, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს საშიში (კივი, მიწისთხილი). სწორედ აქედან მოდის მეორე სახელი ჰიპერ, ანუ ზედმეტი

მგრძნობელობა.

რა არის ანაფილაქსიური შოკი

- ზოგადად, წინასაოპერაციო, ოპერაციის და შემდგომ პერიოდში ანაფილაქსიის გამოვლენის სიხშირეა 10 000 შემთხვევიდან ერთი ან სხვა მონაცემით 20 000 შემთხვევიდან ერთი. საქართველოში 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სიკვდილიანობა იყო 8 000 მოსახლიდან ერთი. ანუ, გაცილებით მეტი შანსია ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლოს ადამიანი, ვიდრე საოპერაციოში ანაფილაქსიის განვითარებას.

ანაფილაქსიური რეაქციების დიდი უმეტესობა, ემორჩილება მკურნალობას.

ანაფილაქსია ხასიათდება უეცარი დაწყებით და ყველაზე მძიმე მიმდინარეობით. გამომწვევები შესაძლებელია აღმოჩნდნენ: საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, მწერის ნაკბენი, ლატექსის შემცველ ნივთიერებასთან კონტაქტი და ა.შ. 60% შემთხვევებში, პირველადი კონტაქტისას არ ვითარდება ანაფილაქსიური რეაქცია, ორგანიზმი აღიქვამს ამ ნივთიერებებს როგორც სიცოცხლისთვის საშიშს და იწყებს მზადებას განმეორებითი კონტაქტისას დაიცვას ორგანიზმი. სწორედ განმეორებითი კონტაქტისას ვითარდება ანაფილაქსიური რეაქცია. ორგანიზმი წინასწარ მომზადებული უჯრედებიდან ახდენს ტოქსიური ნივთიერებების გამოთავისუფლებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ანაფილაქსიური შოკის განვითარება. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციის მიხედვით, არსებობს ანაფილაქსიის კიდევ სხვა მექანიზმები (დარჩენილი 40%), რომლებიც შესაძლოა განვითარდეს პირველადი კონტაქტისას და რომლთა დადგენა კანის სინჯებით ვერ ხერხდება. ანუ, თუ გგონიათ, რომ კანის სინჯი ყველა შემთხვევაში დაგიცავთ - ასე არ არის. ანაფილაქსიური რეაქციების 40%-ში კანის სინჯით არაფერი არ დადგინდება. ასევე, აღწერილია შემთხვევები, როდესაც თავად კანის ალერგიული სინჯის ჩატარებისას წარმოშობილა ანაფილაქსიური რეაქცია.

alt"ხელი უნდა მოაწეროთ, რომ ექიმებს არ ედავებითო" - როგორია ცხვირის ოპერაციის გამო კომაში ჩავარდნილი გოგონას მდგომარეობა

არცერთ ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში და არც აქ, ისრაელში,წინასაოპერაციო ტესტების რუტინული შემადგენელი ნაწილი არ გახლავთ ალერგიული სინჯები, რადგან მათ ვერ დაამტკიცეს ეფექტურობა.

- რა შემთხვევაში უნდა გაუკეთდეს პაციენტს ალერგიაზე სინჯი და რა შემთხვევაში არა?

- წინასაოპერაციო კვლევებში ალერგოლოგის კონსულტაცია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს მძიმე ალერგიული ფონი. წარსულში თუ ჰქონდა ანაფილაქსიური რეაქცია ან აქვს ალერგია მრავალ მედიკამენტსა თუ საკვებ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა ჯვარედინ კავშირში იყოს ჩვენს მედიკამენტებთან.

- რომელი ოპერაციების დროს არის აუცილებელი, პაციენტს ალერგიაზე ჰქონდეს გაკეთებული სინჯი?

- ალერგიული სინჯების გაკეთება/არ გაკეთება ოპერაციის სახეობაზე დამოკიდებული არ არის!

- თუ პაციენტი ალერგიული არ არის და სინჯი გაუკეთეს ოპერაციამდე, ალერგიული გახდება?

- როგორც ავღნიშნე, ანაფილაქსია ვითარდება ნივთიერებასთან განმეორებითი კონტაქტისას. თუ ალერგიული წარსულის არმქონე პაციენტს შევამოწმებთ იმ მედიკამენტების გამოყენებაზე, რომელთანაც მას არანაირი შეხება არ ჰქონია, თეორიულად არსებობს შანსი, რომ სწორედ ამ შემოწმების დროს დაიწყოს ორგანიზმმა მზადება განმეორებითი კონტაქტისას თავდასაცავად. სწორედ განმეორებითი კონტაქტისას, საოპერაციოში, შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია.

როდესაც ეს არ იცი - ჩნდება კითხვა: რატომ დაემართა ალერგია? ხომ შეამოწმეს?!- იმიტომ დაემართა, რომ ანაფილაქსიური რეაქციების 60%-ს სჭირდება განმეორებითი კონტაქტი ალერგენთან. დანარჩენი 40% კანის სინჯით არ დგინდება.

alt"მომენტალურად იგუდება, სასწრაფო ვერ მოუსწრებს ბავშვს" - ბავშვთა სტომატოლოგი ანესთეზიის რისკებზე საუბრობს

- საქართველოში კბილის ამოღების დროს ყველა პაციენტს ავალდებულებენ ალერგიაზე სინჯის გაკეთებას. ეს ცუდია? საფრთხის შემცველია?

- იმის თქმა, რომ საფრთხის შემცველია, ასე პირდაპირ არ შეიძლება, მაგრამ დანამდვილებით ვიტყოდი, რომ არაფრისმომცემია პაციენტისთვის, ვისაც არ აქვს ალერგიული ფონი. ვფიქრობ, მოძველებული მიდგომაა შემორჩენილი იმ დროიდან, როდესაც ეგონათ, რომ სინჯი ადამიანს იცავდა. როგორც აღვნიშნე - სინჯი არ იცავს პაციენტს! შესაძლოა დაიცვას ექიმი პროკურორის ზედმეტი კითხვებისგან - მან ხომ ალერგოლოგის კონსულტაცია ჩაატარა. მაგალითად, ისრაელში კბილის დაბჟენის თუ ამოღებისთვის არანაირი წინასწარი სინჯები არ დაგჭირდებათ. მხოლოდ გკითხავენ, ხართ თუ არა ალერგიული და თუ იტყვით, რომ არ ხართ - მორჩა. აქ ყველა სპეციალისტს ევალება ბაზისური სიცოცხლის შემანარჩუნებელი ალგორითმის ცოდნა. ჩემი ძმა, ბექა ხაჩიაშვილი არის სტომატოლოგი, მუშაობს თბილისში თანამედროვე სტანდარტებით და პირადად მისგან ვიცი, რომ არანაირ სინჯს არ ატარებენ, თუ ამის რეალური საჭიროება არ არსებობს.

- ზოგადად, რა რისკები არსებობს ოპერაციის დროს ისეთი, რამაც შეიძლება პაციენტის მდგმარეობა მოულოდნელად გაართულოს. როცა ექიმმაც ყველაფერი სწორად გააკეთა, პაციენტის ორგანიზმიც მზად იყო ოპერაციისთვის, მაგრამ ყველაფერი ცუდად დამთავრდა?

- რამდენიმე საათი არ იქნება საკმარისი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მოკლედ თუ გიპასუხებთ - ძალიან ბევრი. ანესთეზიის ინფორმირებულ თანხმობის ფურცელზე არის შესაბამისი ჩამონათვალი. შევეცდები რამდენიმე "ანესთეზიოლოგის კოშმარზე" მოგაწოდოთ ინფორმაცია. პირველ კოშმარზე (ანაფილაქსიაზე) უკვე ვისაუბრეთ.

კოშმარი N0: 2.ფილტვების თრომბოემბოლია. შედედებული სისხლის მცირე ნაწილი, რომელიც ქმნის საცობს ფილტვებში და ხელს უშლის სისხლმიმოქცევას. გვაქვს შესაბამისი პროტოკოლები, როგორ შევამციროთ თრომბოემბოლიის განვითარების რისკები, თუმცა ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვითარდება. იშვიათ შემთხვევებში იმდენად მასშტაბურია, რომ ჩვენი მცდელობა წარუმატებლობით მთავრდება.

კოშმარი N0: 3. ავთვისებიანი ჰიპერთერმია: - რომელიც გვხვდება ანაფილაქსიაზე შედარებით მცირე რაოდენობით, 1:100 000 სიხშირით. ეს არის გენეტიკური დარღვევა, რომელიც არ გამოვლინდება ცხოვრების მანძილზე. ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანი დაზიანებული გენით ხვდება ანესთეზიის ქვეშ. იწყება კუნთების დაზიანება, ორგანიზმის გადახურება. აღწერილია შემთხვევა, როდესაც სხეულის ტემპერატურამ ცელსიუსის შკალით 45 გრადუსსაც კი მიაღწია. ერთადერთი პრეპარატი, რომლის მეშვეობით სიკვდილიანობამ იკლო 70%-დან 1-17%-მდე (სხვადასხვა მონაცემებით) არის დანტროლენი. ისრაელში ყველა კლინიკა, სადაც გამოიყენება ზოგადი ანესთეზია, აღჭურვილია ამ პრეპარატით.

ინტრაოპერაციული მიოკარდიუმის (გულის) დაზიანება. 2018 წლის ევროპის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი ძალიან საინტერესო კვლევა. აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო Cleveland Clinic- ის მონაცემებით, ხანდაზმულ პაციენტებში ოპერაციის დროს განვითარებული გულის დაზიანების იდენტიფიცირება 93% შემთხვევებში ვერ ხერხდება, რადგან პაციენტს ანესთეზიის ქვეშ არ აქვს სტანდარტული ნიშნები, რომელიც ეჭვს მიგვატანინებს დაზიანებაზე: არ განიცდის ტკივილს, დაზიანებაც უხშირესად არ არის იმდენად მასშტაბური, რომ ეკგ-ზე მოგვცეს ცვლილებები. რაც ვიცით არის, რომ ამ მცირე დაზიანებასაც აღნიშნულ პოპულაციაში, გავლენა აქვს 1 წლის მანძილზე სიკვდილიანობის მატებაში. ამ მიმართულებით, ახლა მიმდინარეობს კვლევები, ნაწილობრივ უკვე ვიცით, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაზიანების შესამცირებლად.
და აქ, ჩამონათვალი არ მთავრდება…
როგორც ხედავთ, ანესთეზიოლოგია საკმაოდ რთული პროფესიაა. ბევრს უბრალოდ "დამძინებლები" ვგონივართ. როდესაც ყველაფერი კარგად არ მთავრდება, ჩვენს პასუხისმგებლობას აყენებენ ეჭვქვეშ. ამიტომ, ისრაელში (ასევე გერმანიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში) არავის უნდა ამ პროფესიას შეეჭიდოს, არის ანესთეზიოლოგების დეფიციტი, სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ.
რუსკა კილასონია