"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს, პაციენტებს ვაძლევ უფლებას, მიირთვან პური და შაქარიც" - ენდოკრინოლოგის პრაქტიკული რჩევები
"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს, პაციენტებს ვაძლევ უფლებას, მიირთვან პური და შაქარიც" - ენდოკრინოლოგის პრაქტიკული რჩევები
გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც წონის კორექციის მიზნით ადამიანები განსაკუთრებულად აქტიურდებიან და ბევრი თვლის, რომ დიეტების დაწყება წელიწადის ამ სეზონზე ბევრად უფრო ეფექტურია. რა უნდა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დაწყების დროს?  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორ უნდა ვიკვებოთ?-  ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვაპასუხობს ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მაკა კორინთელი მაკა კორინთელი.

- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სწრაფი დიეტები ჯანმრთელობისთვის საზიანო და მავნებელია. არანაირად არ მივესალმები გაზაფხული დავიწყოთ სწრაფი დიეტებით და მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობის
საკვები მივიღოთ, სასურველი შედეგის მისაღწევად. გაზაფხულზე ისედაც ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტია და როდესაც ადამიანი ზღუდავს კვებას, ეს არ არის კარგი, რადგან შემონახული ენერგია რაც გვაქვს, იფიტება და ორგანიზმი ვეღარ ივსება ახალი ენერგიით. ახალი ხილი და ბოსტნეულიც გვიან გაზაფხულზე შემოდის, ამ პერიოდამდე კი ჩვენ გვაქვს გარკვეული ჩივილები, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, სახეზე გამონაყარი, სახის ფერის ცვლილება, გვაწუხებს თავის ტკივილები, გვახასიათებს საერთო სისუსტე. არტერიული წნევის დაქვეითება იწყება,  სისხლის ბიოქიმიურ ანალიზებში გვხვდება გაღარიბებული ჰემოგლობინი, რკინა, ვიტამინების დეფიციტი, ამიტომ გაზაფხულზე დავიწყოთ დიეტა, უმოკლეს პერიოდში დავიკლოთ წონაში და შევზღუდოთ კალორიების მიღება, არასწორია. თუ გვინდა ზაფხულში გამოვიყურებოდეთ კარგად და ვიყოთ კარგ ფორმაში, ამაზე გაცილებით ადრე უნდა ვიზრუნოთ.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ
მართალია,  მოკლე დროში შეზღუდული კვება გვაძლევს შედეგს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფიქსირდება წონის ორმაგი, სამმაგი მატება. ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ დიეტა არის სწორი კვება. თუ ჯანსაღ კვებას მიჰყვებით, არ გექნებათ წონის პრობლემა. სწორი კვება გულისხმობს დოზირებულ, საათობრივ კვებას. რა თქმა უნდა, ქორწილში ან სხვა რაიმე ტიპის სუფრაზე, შეუძლიათ ყველაფერი მიირთვან, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა აკონტროლონ კვების რაციონი. ეს არის სილამაზის და გარეგნობის ჩემეული ფორმულა. აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, როცა იწყებენ გაზაფხულზე კატასტროფულ დიეტებს, აუცილებელია ვიტამინების კომლექსების დამატება, მიკრო, მაკრო ელემენტების დამატება, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგს ჰგონია, რომ ვიტამინები ასუქებს, რაც არის მცდარი შეხედულება. თუ მაიცდამაინც პაციენტი გადადის კატასტროფულ კვებაზე, ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და არა თვითნებურად.

- გაზაფხულზე თავად როგორ დიეტას ურჩევთ პაციენტებს?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობისთვის თვეში 3-5 კილოს კლებაა აპრობირებული. შეიძლება სასწორზე 3-5 კილო დავიკლოთ, მაგრამ ვიზუალურად უფრო დაგვეტყოს, რადგან პროპორციებში ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება ხდება. ამიტომ სასწორზე მუდმივად ველოდოთ დიდ შედეგს, არის მცდარი შეხედულება. შეიძლება პაციენტი 60 კილო იყოს და ვუთხრათ, რა გამხდარი ხარ და იგივე სიმაღლის პაციენტს, რომელიც 50 კილოა, ვუთხრათ, რა მსუქანი ხარ. ეს არის პროპორციებზე, ადამიანის აღნაგობაზე დამოკიდებული.
თუ ადამიანი თვითნებურად აპირებს დიეტის დაწყებას, ვურჩევ, არ მიმართონ კატასტროფულ დიეტებს. ყოველდღე უნდა მიიღონ მინიმუმ ლიტრანახევარი სუფთა წყალი და არა სხვა სითხე. საუზმე უნდა იყოს 8-10 საათამდე, სადილი 2-დან 4 საათამდე, ვახშამი 7-დან 8 საათამდე. სამჯერადი კვება ორგანიზმისთვის აუცილებელია. სახლიდან მშიერი არასოდეს არ უნდა გავიდეთ. შუალედში თავს უფლება უნდა მისცენ და 300 გრამი ხილი უნდა მიირთვან. დიეტის დროს შაქარი საერთოდ უნდა ამოვიღოთ, მათ შორის ყავაც და ჩაიც უშაქროდ უნდა მივირთვათ. ამით არ ირღვევა შაქრის ბალანსი, რადგან ხილი არის ტკბილი და მისი მირთმევის შემთხვევაში შაქრის ოდენობას ვაბალანსებთ.

- შაქრის შემცვლელად ხილი უნდა მივირთვათ?

- დიახ, მაგრამ ხილსაც გააჩნია. დღის განმავლობაში 600 გრამს არ უნდა გადააჭარბოთ.

- ბანანი ასუსტებს თუ ასუქებს, რამდენად რეკომენდირებულია მისი მიღება დიეტის დროს?

- ბანანი არც ასუქებს და არც ანაყრებს, ერთი ცალი ბანანი ყოველდღე აბსოლუტურად მისაღებია, თუ პაციენტს არ აქვს შაქრიანი დიაბეტი. არც ის არის სწორი მიდგომა, ბანანზე გადავატაროთ მთელი დღე. შუალედში, რომ ვთქვი, რომ 300-300 გრამი ხილი მივირთვათ, ამაში ერთი ცალი ბანანიც იგულისხმება, აი, ორი კი გაგვასუქებს. იგივე შემიძლია ვთქვა ხაჭოზე, რომელიც დიეტურია. 200 გრამი ხაჭოს მიღება ნორმალურია, მაგრამ თუ ერთ კილოს მიიღებ, ესეც გაგასუქებს. კვების რეჟიმს და დოზას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. სუფრაზე როცა მოვხდებით, შეგვიძლია ყველაფერი მივირთვათ, ოღონდ დოზირებულად, გააჩნია რაოდენობას.

- გვესმის, რომ ჯანსაღ კვებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ეჭვქვეშ დგება ხშირად, თვითონ ის პროდუქტი რამდენად ჯანსაღია, რომელსაც ვყიდულობთ საკვებად. ვთქვათ, იგივე ბოსტნეული...

- გასაგებია, შეიძლება, არ ვიცით, რამდენად გენმოდიფიცირებულია პროდუქტი, რომლითაც ვიკვებებით, მაგრამ, ის ხომ ვიცით, რომ ჩიფსი და კოკა-კოლა ჯანსაღი პროდუქტი არ არის ორგანიზმისთვის, ამიტომ თუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ორ ცუდს შორის, უნდა ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, ნაკლებად ცუდი. ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი, ხილი, ამ პროდუქტებით თვითონ უნდა მოვამზადოთ საჭმელი და არ ვიკვებოთ სწრაფი კვების ობიქტებში.

- მოხარშული კვერცხის დიატაზე რას გვეტყვით?

- მე არ ვიცი, ეს რა დიეტაა, რამდენი ხანი არიან ადამიანები მოხარშული კვერცხის დიეტაზე. არ შეიძლება ერთი პროდუქტის ამორჩევა და ამოჩემება საკვებად მთელი დღის განმავლობაში, მითუმეტეს, ხანგრძლივი პერიოდით ვიყოთ ცილოვან კვებაზე, ასე თირკმელებს ვუქმნით ძალიან დიდ პრობლემას. ეს მხოლოდ კვერცხს არ ეხება, კვება უნდა იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი. ცილა, ხილი, ბოსტნეული აუცილებელია. ერთი ჭამიდან მეორე ჭამის დრომდე  უნდა იყოს ორი-სამი საათი გასული და წყლის გარდა ორგანიზმმა არაფერი არ უნდა მიიღოს. ერთფეროვანი კვება არ შეიძლება.

- დიეტაზე მყოფები წონის კორექციის მიზნით, სვამენ  ადუღებულ წყალს. რამდენად რეკომენდირებულია ეს მეთოდი?

- რისთვის სვამენ ცხელ წყალს? მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც ცხელი წყლის დალევით გახდა. იცით რა, ადამიანი ყოველთვის ეძებს იოლ გზას, რომ გახდეს. ცხელი წყალი და ლიმონიანი წყალი რომ ახდუნებდეს, სიმსუქნის პრობლემა იარსებებდა? ადამიანმა უნდა ივარჯიშოს, უნდა დაწვას მიღებული კალორაჟი, ფეხით უნდა იაროს, რეჟიმი დაიცვას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ადამიანი ფსიქოლოგიურად იყოს მზად, მან უნდა დაისახოს მიზანი, ოღონდ ეს მიზანი უნდა იყოს რეალური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, არასაზიანო. თვეში სამი კილოს დაკლება არის რეკომენდირებული. თუ პაციენტს უნდა, დაიკლოს ჯამში 30 კილო, ეს უნდა გაიწეროს 8-10 თვემდე და არა ორ თვეში. უცებ წონის დიდი რაოდენობით კლება არ შეიძლება, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. შეიძლება დაიკლო, მაგრამ მოხვდები რეანიმაციაში. შეიძლება ადამიანმა ერთ თვეში დააგდოს 5 კილო, მეორე თვეში საერთოდ არ ჰქონდეს კლება, მაგრამ სინამდვილეში მეორე თვეს ხდება წონის გადანაწილება, მართალია სასწორზე წონა არის უცვლელი, მაგრამ გარეგნულად ადამიანს ეტყობა კლება. წონის კლებაზე ორიენტაცია უნდა აიღო ბოლოში. არ უნდა დგებოდე ადამიანი ყოველდღე სასწორზე.

- ხშირად დიეტაზე მყოფები პურის ნაცვლად მიირთმევენ ე.წ "ხლებცს". რა გვეტყვით ამ ჩანაცვლების შესახებ?

- გააჩნია რაოდენობას. მე ჩემს პაციენტებს ყველაფრის ჭამის უფლებას ვაძლევ, მაგრამ ცოტ-ცოტას. ორი ნაჭერი პური დღეში არ ასუქებს. ხლებცი თუ ორი შეკვრა მიირთვა, ეს არ არის კარგი. დოზებს აქვს ძალინ დიდი მნიშვნელობა. მე პაციენტებს ვაძლევ უფლებას, მიირთვან პური და შაქარიც, თუ სხვანაირად ვერ მომყვებიან ჯანსაღ კვებაზე. მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც თვეში იკლებს 10-15 კილოს ისე, რომ ჯანმრთელობას ინარჩუნებდეს. მაჩვენეთ პრეპარატი, რომელიც წონაში აკლებინებს.

- პრაქტიკიდან თუ გახსენდებათ პაციენტები, რომლებსაც თვითნებური დიეტების გამო ჯანმრთელობაზე შეექმნათ პრობლემა.

- ძალიან ბევრი პაციენტი მყოლია ასეთი, განსაკუთრებით გოგონები, რომლებსაც აღენიშნებოდათ თმის ცვენა, კუნთების სისუტე, ჰქონდათ მენსტრუალური ციკლი დარღვეული, აღენიშნებოდათ არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილები, კუჭნაწლავის მხრივ პრობლემები, შეკრულობა, გამონაყარი.
ნუ დაეყრდნობით გადმოწერილ დიეტებს, მეზობლის რჩევებს, მეგობრის ნათქვამს, ინტერნეტიდან ამოკითხული რეცეპტებს ექიმის რეკომენდაციების გარეშე, რადგან თითოეული პაციენტის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ექიმმა უნდა დაადგინოს კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში რამ გამოიწვია ჭარბწონიანობა.

- თუ არის შემთხვევები, როცა ფსიქოლოგიურად არ არიან მზად ადამიანები დიეტისთვის, მიუხედავად მათი  დიდი სურვილისა, დაიკლონ წონაში.

- ასეთ დროს აუცილებლად მივმართავთ ფსიქოლოგებს.  შეთანხმებულად და გააზრებულად უნდა დაიწყოს პაციენტმა ჯანსაღ კვებაზე გადასვლა. ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და პაციენტი უნდა იყვნენ ერთმანეთზე გადაჯაჭვული.

- რამდენად ახდენს ქალებში მესტრუალური ციკლი დიეტაზე გავლენას?


-  მესტრუალური ციკლის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, გარკვეული ჰორმონალური ძვრები არის, რომელიც იწვევს შეშუპებას და ციკლის წინა პერიოდში ერთი ორი კილოგრამით მეტი წონაც შეიძლება დაგვიფიქსირდეს, ვიდრე რეალურად ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა გავსუქდით. როგორც კი ქალური ციკლი იწყება, მას თან სდევს შეშუპების ხარისხის შემცირება. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, როდის უნდა დავიწყოთ დიეტა, ვერ ვიტყოდი, რომ ციკლთან კავშირი აქვს, უბრალოდ, ციკლის წინა პერიოდში ცრუ მატება ფიქსირდება.

- ქალბატონო მაკა, ახლობლები ოჯახის წევრები თუ მოგმართავენ რჩევებით და რამდენად ითვალისწინებენ თქვენს პროფესიულ რეკომენდაციებს?


- თუ პაციენტი მოტივირებულია, თუ ფსიქოლოგიურად მზად არის, ყველა ემორჩილება წესებს. თუ პაციენტი მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ სწრაფი შედეგი მიიღოს, ძნელად აღწევს ამას. მაგ, ჩემმა მეუღლემ სანამ თვითონ არ მიიღო გადაწყვეტილება, მანამ არ დაიწყო ზრუნვა წონაზე, მე 16 წლის მანძილზე ვერაფერს გავხდი. ის სასურველ შედეგს აღწევს  ფიზიკური აქტივობის დახმარებით, სწორი კვებით, ამასთანავე
თვითონ არის მოტივირებული, კვებაზე და ფიზიკურ აქტივობაზე ერთნაირად ზრუნავს.
რუსკა კილასონია


57019
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```