ახლახან ბავშვებში ჩატარებულმა კვლევამ სისხლში ტყვიის შემცველობაზე, საკმაოდ მოულოდნელი შედეგები გვიჩვენა. აღმოჩნდა, რომ ტყვია სისხლში უფრო მაღალი აქვთ იმ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს, სადაც აქამდე ყველაზე ჯანსაღი გარემო გვეგულებოდა. კერძოდ, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში.
თუ რატომ დაფიქსირდა ასეთი მაჩვენებლები, რა სახის დამატებითი კვლევები ტარდება და როდის დაზუსტდება საბოლოოდ ტყვიის გამავრცელებელი კერები, ამის შესახებ დაავადებათა კონრტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა გვესაუბრა.
- წინასწარ ათასი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. ტყვიის გავრცელების მიზეზი შეიძლება იყოს ბენზინიდან დაწყებული, საღებავით დამთავრებული. ამიტომ ერთ და ორ მიზეზზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება, იმ თექვსმეტ ბავშვს, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს, გვაქვს წყლის და ჰერის მონაცემები და ტყვია არსად არ აღმოჩნდა, ხოლო ნიადაგის მონაცემები ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, რადგან ანალიზები არ არის დასრულებული.
- რა კვლევები ტარდება ამ ეტაპზე?
- ამ ეტაპზე კვლევები ტარდება წყალზე, ნიადაგზე და ჰაერზე, თუმცაღა ვმუშაობთ, რომ საღებავიც შემოწმდეს, სამშენებლო მასალაც და სათამაშოებიც. ამასთანავე, რა თქმა უნდა, მოწმდება სანელებლებიც. სურსათის ეროვნული სააგენტო ისედაც ამოწმებს და ამოწმებდა სანელებლებში ტყვიის კონცენტრაციას.
- დაახლოებით, რა დროისთვის შეიძლება დაიდოს კვლევის შედეგები?
- ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოსთვის გვექნება.
- ახლახან ქართველ ექიმ-პედიატრებს ემორის უნივერსიტეტის ექიმ-ტოქსიკოლოგმა ზიად კაზიმ ონლაინ ტრენინგი ჩაუტარა ტყვიის საკითხებზე. რა სახის რეკომენდაციები და რჩევები მოგცათ უცხოელმა სპეციალისტმა ტყვიის შესახებ?
- ონლაინ ტრენინგზე საუბარი იყო იმაზე, რა უნდა გააკეთონ ექიმებმა მაშინ, როცა ბავშვს აქვს სისხლში ტყვიის ოდენობა მომეტებული. რა ტიპის მკურნალობა უნდა დაინიშნოს, რა ტიპის გამოკვლევები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა იმოქმედონ. ეს ტრენინგი იყო პედიატრებისთვის.
- რა კონკრეტული რეკომენდაციები გასცა, რისი გათვალისიწინებაც აუცილებელია?
- თითოეული ბავშვი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. დამტკიცებულია სამედიცინო პროტოკოლი, თუ როგორ უნდა ვმართოთ სისხლში ტყვიის მომატებული ოდენობა. ეს სამედიცინო პროტოკოლიც არის ბატონი ზიადის ჩართულობით და ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შედგენილი. ეს გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ვნახოთ რკინის სტატუსი, ანემია აქვს თუ არა ბავშვს, უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი, ფერიტინი უნდა ვნახოთ, C რეაქტიული ცილა (CRP არის მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს), თუ იქნება საჭირო უნდა გადავიღოთ მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია, ექოსკოპიური გამოკლევა და ინდივიდუალურად უნდა გდავწყვიტოთ თითოეული ბავშვის და ადამინის შემთხვევასი ტყვიის პრობლემა.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით განსხვავებული აღმოჩნდა. კვლევის შედეგებმა მოქალაქეების დიდ ნაწილში გააჩინა საფუძვლიანი კითხვები, თუ რატომ აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში ტყვიის მაღალი შემადგენლობა ბავშვებში, სადაც დასვენება და ჰაერის გამოცვლა ყველაზე მეტად არის რეკომენდირებული თავად სპეციალისტების მიერ.
სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს:
აჭარა - 85% გურია-73% სამეგრელო, ზემო სვანეთი - 71% იმერეთი - 61% სამცხე-ჯავახეთი - 32% თბილისი - 30% კახეთი - 25% შიდა ქართლი - 21% მცხეთა-მთიანეთი - 20% ქვემო ქართლი - 18% სულ: 41%
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს:
აჭარა - 50%
გურია - 44%
სამეგრელო, ზემო სვანეთი - 29%
იმერეთი - 23%
სამცხე-ჯავახეთი - 12%
თბილისი - 7%
კახეთი - 4%
მცხეთა-მთიანეთი - 6%
ქვემო ქართლი - 6%
შიდა ქართლი - 4 %
სულ: 16 %.
რუსკა კილასონია