ზაფხულის სეზონზე სხვადასხვა ინფექციური დაავადებაა გავრცელებული. ხშირია საკვებით მოწამვლის შემთხვევებიც. რა სიმპტომებით ხასიათდება ამ სეზონისთვის დამახასიათებელი დაავადებები და როგორ უნდა დავიცვათ თავი, მანანა ხოჭავა, თსსუ, ბავშვთა ინფექციური სნეულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი კონსულტანტი საუბრობს.
- ყველა სეზონს ახასიათებს თავისებურება. ცხელი სეზონისთვის დამახასიათებელია ნაწლავთა ინფექციების მომატება. ეს არის ინფექციები, რომელიც გადადიან ფეკალურ-ორალური გზით - დაბინძურებული საკვებით, ხელებით, წყლით, პროდუქტით, განსაკუთრებით რძის პროდუქტით, ნაყინით. ნაწლავთა ინფექციების დროს ბავშვებს აღენიშნებათ ცხელება, ღებინება, ნაწლავთა აშლილობა წყლისებური განავლით, ზოგჯერ დიზენტერიის სახით ვითარდება. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის მდგომარეობა ამ სიმპტომების ფონზე უარესდება და ის სუსტადაა, აწუხებს ცხელება, ან აქვს მისთვის უჩვეულო სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ექიმი გაარკვევს და შესაბამისად, დანიშნავს სწორ მკურნალობას. დასაწყისშივე აუცილებელია გავაგრძელოთ კვება, მივცეთ დიდი რაოდენობით წყალი (მცირე, ხშირი ულუფებით), რომ არ განვითარდეს გაუწყლოება და შოკი.
ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელი, მივირთვათ უსაფრთხო საკვები, ჯობს სახლში მომზადებული, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ გარეთ მომზადებულ კვების ობიექტებში გვაქვს მეტი რისკი, თუ მომზადების წესები არ შეესაბამება სტანდარტებს. ნაწლავთა ინფექციის აფეთქებები სტატისტიკურად ხშირია ზღვის დასასვენებელ ქალაქებში, ამიტომ 1 წლამდე ასაკის ბავშვის ხალხმრავალ ადგილას დასასვენებლად წაყვანა არ არის მიზანშეწონილი.
- რა ასაკის ბავშვები მოჰყავთ ყველაზე ხშირად მსგავსი სიმპტომებით ?
- პატარა ბავშვები ჰიგიენას კარგად ვერ იცავენ ასაკის გამო, ხელის დაბანა უჭირთ, პირში იდებენ უცხო საგანს და ასე შემდეგ, ამიტომ, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ნაწლავთა ინფექციები უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებში. წლამდე ასაკში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას. შეიძლება განვითარდეს შოკი, თუ დროულად არ იქნა აღმოჩენილი პროფესიული დახმარება.
- ინფექციურ დაავადებებს თუ აქვს გავრცელების გეოგრაფიული არეალი?
- გეოგრაფიული არეალი ნაწლავთა ინფექციას გამოკვეთილად არ აქვს, თუმცა მასობრივად ინფექცია ვრცელდება იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და ცუდი ჰიგიენური პირობები. ცხელ სეზონზე, სადაც არ არის ცენტრალური წყლის მიწოდება და ტუალეტი და წყლის ჭა ახლოს არის წყლით ინფექციის გავრცელების რისკი უფრო მაღალია.
- ყველაზე ხშირად, ზაფხულის სეზონზე, რითი იწამლებიან ბავშვები?
- ნებისმიერმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა. განსაკუთრებით, საყურადღებოა ადვილად ფუჭებადი პროდუქტები, მაგალითად: სოსისები, ძეხვი, რძის პროდუქტები, ნაყინის ჩათვლით. შენახვის პირობები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. თუ ერთი და იგივე საკვები ოჯახის რამდენიმე წევრმა მიირთვა და ამას მოჰყვა ზემოთ აღნიშნული სიმპტომები მოკლე ხანში და ერთდროულად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბავშვი მოიწამლა საკვბის მიღების შედეგად. თუმცა მკურნალობისთვის ამას ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოხდეს გაუწყლოების დროული მართვა. დანარჩენ დეტალებზე ექიმები იზრუნებენ და გადაწყვიტავენ ანტიბიოტიკის ან სხვა პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობას.
- რა იქნება თქვენი რჩევა მშობლებისადმი ზაფხულის სეზონზე ინფექციების თავიდან ასაცილებლად?
- პირველ რიგში, უნდა დაიცვათ ჰიგიენა და ყურადღება მიაქციოთ საკვების მომზადების პროცესს. ხელების დაბანა აუცილებელია საკვების მიღების წინ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც. გამოიყენეთ დასალევად სუფთა წყალი. გარდა ამისა, საკვების შენახვისთვის გამოიყენეთ მაცივარი, წამოადუღეთ საკვები, თუ იგი მომზადდა უფრო ადრე. საკვები შეიძლება დაბინძურდეს ინფექციით მისი ბუზებით გადატანის შედეგად. მიკრობები საკვებში მრავლდებიან ძალიან მალე მაცივრის გამოყენების გარეშე. მოერიდეთ პატარა ბავშვების ხალხმრავალ ადგილებში წაყვანას. წლამდე ასაკის ბავშვს ნუ წაიყვანთ ზღვაზე, ეს ცოტა ადრეა მათთვის, და თუ მაინც წაიყვანთ ან ზღვის პირას ცხოვრობთ, დაიცავით ზემოთ აღნიშნული უსაფრთხოების წესები.
არ დაგვავიწყდეს ბავშვების დროული ასაკობრივი ვაქცინაცია. ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებამ (მაგ., როტავირუსული ვაქცინა, რომელიც კეთდება ჩვილობის ასაკში) შეიძლება აგვარიდოს ნაწლავთა ინფექციისაგან.
თამარ იაკობაშვილი