რომელი მწერის ნაკბენი იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და როგორ ავიცილოთ თავიდან - ალერგოლოგის რჩევები - მშობლები

რომელი მწერის ნაკბენი იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და როგორ ავიცილოთ თავიდან - ალერგოლოგის რჩევები

2019-07-14 06:53:53+04:00

ზაფხულის დადგომასთან ერთად მწერების რაოდენობაც იმატებს, რაც სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის. გარდა იმისა, რომ მწერებს სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ, ასევე საყურადღებოა მათი ნაკბენის შედეგად განვითარებული ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებით შიშობენ მშობლები, რომლებსაც ბავშვები ქალქგარეთ ჰყავთ გაყვანილი, სადაც, როგორც წესი, ბევრი მწერია. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მწერის ნაკბენს და როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო ლომიძე საუბრობს:

- რა ალერგიულ გართულებას იწვევს მწერის ნაკბენი და რამდენად საშიშია?

- პირველ რიგში, ავხსნათ, თუ რატომ ვითარდება მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია. კბენის დროს კოღო ადამიანის ორგანიზმში ნერწყვს უშვებს, რის შემდეგაც ვითარდება იმუნური სისტემის პასუხი უცხო ნივთიერებაზე, რაც კლინიკურად შეწითლების, ქავილის თუ შეშუპების სახით გამოიხატება. რისკ ჯგუფში შედიან პატარა ბავშვები, ორსულები და დიდი წონის მქონე ადამიანები, რომელიც უფრო მიმზიდველნი არიან მწერებისთვის. მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია შესაძლებელია იყოს როგორც მსუბუქი ლოკალური, ისე გენერალიზებული, ანუ როდესაც კბენის შემდეგ გამონაყარი ვითარდება არა მხოლოდ ნაკბენის ადგილას, არამედ სხეულის სხვა უბნებზეც, რაც დროულად ითხოვს ექიმის კონსულტაციას

- რომელი მწერის ნაკბენს ახასიათებს ყველაზე სერიოზული გართულება?

- ზაფხულის დადგომასთან ერთად მწერის ნაკბენებზე ალერგიული სიმპტომების განვითარების რისკი საგრძნობლად მატულობს, ამიტომ იმ ბავშვებსა თუ მოზარდებს, რომლებსაც აღენიშნებათ მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია, მნიშვნელოვანია ალერგოლოგისგან მიიღონ რეკომენდაციები, თუ როგორ აარიდონ მწერის ნაკბენის გართულებას თავი.

ალერგიული თვასაზრისით ყველაზე სერიოზული გართულება შესაძლებელია მოჰყვეს ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენს, რომელიც ხშირად მსუბუქი ლოკალური, ხოლო იშვიათად ძალიან მძიმე სისტემურ რეაქციას - ანაფილაქსიურ შოკს იწვევს.

mshoblebi

- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ფუტკარმა ან ბზიკმა გვიკბინა, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება?

- ფუტკრის ნაკბენის დროს პირველი დახმარება ნესტრის მოცილებაა, ასევე საპნიანი წყლით ნაკბენის ჩამობანა, რომ არ ინფიცირდეს, ცივი საფენის დადება სიწითლის და ქავილის შესამცირებლად და ანტიალერგიული პრეპარატებისა და ადგილობრივი ალერგიის საწინააღმდეგო გელების გამოყენება, ხოლო რთულ შემთხვევაში ადგილობრივი სტეროიდული კრემების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.

- ყოფილა შემთხვევები, რომ მწერის ნაკბენით გამოწვეულ რეაქციას ადამიანი მოუკლავს ან როგორ შეგვიძლია ეს რისკი თავიდან ავიცილოთ?

- იშვიათად არის შემთხვევები, როდესაც ფუტკრისა თუ ბზიკის ნაკბენის მიმართ განვითარებული ანაფილაქსიური შოკი ლეტალური ყოფილა. ასეთი რეაქციები ხშირი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ წარსულში მწერის ნაკბენზე რთული ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა და ასევე მძიმე ალერგოლოგიური სამედიცინო ისტორიის მქონე პაციენტებმა დროულად ზაფხულის დადგომამდე მიმართონ ალერგოლოგს რეკომენდაციებისა და დანიშნულების მისაღებად.

- ამბობენ, რომ მწერის ნაკბენზე კარგია ნიორის, სოდიანი წყალის, დანის პირის წასმა ... ეს სწორია?

- ეს ხალხური მედიცინის ხერხებია, ზოგ შემთხვევაში ეფექტური, ზოგჯერ უეფექტო, ექიმები ტრადიციულ მედიცინას ვემხრობით და იმ თანამედროვე სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, რომელიც საერთაშორისო კვლევებით მიჩნეულია ეფექტურად.

- როგორ უნდა მოვუაროთ კოღოს ნაკბენს, რომ გართულება თავიდან ავირიდოთ?

- კოღოს ნაკბენი დავიბანოთ საპნიანი წყლით, რომ არ შევიტანოთ ქავილის დროს ინფექცია და დავიტანოთ ალერგიის საწინააღმდეგო გელი ქავილისა და სიწითლის მოსახსნელად, ლოკალური შეშუპების შემთხვევაში პედიატრი ან ალერგოლოგის მიერ შერჩეული უნდა იქნას ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი სიმპტომების გასაქრობად

- რა დაავადებების გადატანა შეუძლია კოღოს?

- კოღოს შეუძლია სხვადასხვა დაავდების გადატანა, მაგალითად ლეიშამნიოზის, ამიტომ რჩევაა, საღამოს საათებში მცირე ასაკის ბავშვები მოვარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც მტკნარი წყალია, განსაკუთრებით ეს ტბიან ადგილებს ეხება, ასევე სეირნობისას მოვერიდოთ შავი, მუქი ლურჯი და წითელი ფერის სამოსის ტარებას, რომ არ გავხდეთ მიმზიდველები მწერებისთვის, არ დაგვავიწყდეს სახლში თუ აგარაკზე დამცავი ბადეების გაკეთება და კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტების გამოყენება.

თამარ იაკობაშვილი