ბევრი ადამიანისგან მოგვისმენია ჩივილი იმის თაობაზე, რომ საავადმყოფოში ვენა დიდი ხნის განმავლობაში ვერ უპოვეს, "დააგლიჯეს", დაუზიანეს, აწვალეს და ა.შ. საქმე უფრო რთულადაა ბავშვების შემთხვევაში. ჩვენც ბევრი მშობელი გვიზიარებს წუხილს ამ თემაზე. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი საკუთარ გამოცდილებას დანარჩენ მშობლებს უზიარებს:
"4 თვის პატარა მიწევს ერთ-ერთ საავადმყოფოში. მაინტერესებს, ამდენ პატარას რომ აწამებენ კათეტერის დაყენებაზე საათობით და ფსიქიკას რომ ურყევეენ, რამე ცივილური აპარატურა რომ შეიძინონ ამ პატარებისთვის ვენების დასანახად, არ შეიძლება? 4 თვის ბავშვს ერთი კათეტერის გულისთვის 5-ჯერ უჩხვლიტეს. დაახლოებით ნახევარი საათი კიოდა განწირული და ასე გრძელდებოდა ყოველდღე სხვადასხვა ბავშვის კივილ-წივილი. ისეთი შეშინებულია... რას უსმინა და გაუძლო ჩემმა გულმა, ვერ გეტყვით. ახლა იღვიძებს ბავშვი შეშინებული თვალებგაფართოებული. არ ვიცი, როდის დამშვიდდება და დაივიწყებს. ამას ეშველებაა და მოეღება ბოლო?"
პრობლემის შესახებ სხვა მშობლებმაც გამოთქვეს აზრი:
"არ მიკვირს, საქართველოში ერთეულები არიან, ვინც იცის ვენა პატარებში. გამოცდილი მაქვს ჩემს პატარაზე. თქვენი ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ თავშიც გვიკეთებდნენ ბოლოს..." "მეც გამოვიარე ეგ ტანჯვა და ჩემმა პატარებმაც.... არადა, თურმე რაღაც ლაზერული ლენტი არსებობს, დაადებ კანზე და ვენები ჩანს... მაგრამ არ ვიცი, საქართველოში თუ აქვთ." "მინდა გითხრათ, რომ ჩემს შვილს ისეთი სტრესი ჰქონდა ზუსტად იმის გამო, რომ ვენაში შესვლა არ იცის ზოგმა ექთანმა, 3 წლამდე მიბჟირდებოდა და სერიოზულად იყო შეშინებული. ბავშვი, რომელიც უწყნარესი იყო ნერვული სისტემის მხრივ, მშვიდი და უმიზეზოდ არასდროს ტიროდა. ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთმა ექთნებმა პასუხი უნდა აგონ." "არადა არსებობს აპარატი, რომელიც ხედავს ვენას და აადვილებს მის პოვნას, მაგრამ ჩვენთან ხომ ჯერ ისევ ბნელა..." "მე საფრანგეთში ვცხოვრობ და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი საავადმყოფოში სპეციალური აპარატი, რომლითაც უმტკივნეულოდ აკეთებენ". "ასე აწამეს ჩემი შვილიც, როცა 4 წლის იყო. ახლა უკვე 15 წლისაა. ბავშვის ხმა მთელ სართულზე ისმოდა, შემოვიდა ჩემი მეუღლე და ექიმს უთხრა, ახლა გავაღებ ფანჯარას და გაგისვრიო, თუ ვენაში ნემსის გაკეთება არ იცი, რას აწამებ ბავშვსო. გამოიძახეს ექთანი, რომელიც წამებში შევიდა ვენაში, ასე რომ, ბევრი უვიცი და ვაი ექიმი ჰყავს ჩვენს ქვეყანას." "1.2 თვის იყო ჩემი ბიჭი, ენტეროვირუსი გაურთულდა და სასწრაფომ კლინიკაში გადაგვიყვანა. რაც მაშინ ჩემმა ბიჭმა ინერვიულა, იწივლა, იყვირა, ისტერიკა დაიმართა, ვერაფრით გადასხმა ვერ გაუკეთეს, ეს ვინ ყოფილაო. ბოლოს წყალი მაყიდინეს, ბოთლი გადამაღვრევინეს და ჩაასხეს გადასხმის სითხე, რომელიც დავალევინეთ შემდეგ. კი დავამხე ლამის ყველაფერი იმ უარგის ექიმს". "ჩემი შვილი რომ გამოვიყვანე, დამამშვიდებელი ვასვი 2 კვირა. ბავშვს გაქანებული სტრესი ქონდა.
ნახევარი საათი რომ ეწამებინათ, ვინ დაეძებს, საათ-ნახევარი აწამებდნენ ბავშვს, დამიგლიჯეს, ჭკუიდან ლამის გადავედი, დღემდე მისი ტირილი ჩამესმის, ჩემი პატარაც 4 თვის იყო". "ჩემი ერთი თვის შვილი დაჯიჯგნეს მასე და ბოლოს თავში დაუყენეს (თავზე შედარებით კარგად ჩანს ძარღვები). 2-3წლამდე ტელევიზორში რომ ხედავდა ექიმებს, ისტერიულად ტიროდა, ისე ეშინოდა". "ჩემი შვილი მყავდა 2 თვის წინ. დამიჯიჯგნეს და დაუმახინჯეს ფსიქიკა. 1 წლამდე ისე გავზარდე, ღამე არ გამითევია ბავშვისთვის. მაგის მერე საშინლად ისტერიული გახდა. ძილში ტირის. თან ისე დაემთხვა, რომ ორსულად ვიყავი მეორეზე და ამ სტრესის გამო ლამის ნაადრევად ვიმშობიარე. ყველაფერთან ერთად ნორმალურად არც უმკურნალეს. რაღაც უაზრო წამლები გამოუწერეს და გამოგვიშვეს, რომელიც ბავშვს არ სჭირდებოდა იმ პერიოდში. საქმეც ისაა, რომ ზოგ-ზოგიერთები ვიღაცის ნაცნობობის ხათრით მუშაობენ თეთრი ხალათით. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ უმრავლესობა ეგრეა. ძნელია დღეს ნორმალური ექიმის პოვნა ან თუნდაც ექთნის და თუ რამე პრეტენზია გამოთქვი, აქეთ გამოგლანძღავენ, ისეთი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე." ჩვენც დავინტერესდით, არსებობს თუ არა ალტერნატიული და უმტკივნეულო მეთოდები ვენაში შესვლის და ნამდვილად ასეა. საზღვარგარეთის კლინიკებში ბევრგან იყენებენ სხვადასხვა საშუალებას - პლასტირებს, რომლებიც ეკრობა ხელზე და ანათებს ვენებს, ასევე სპეციალურ აპარატებს. საინტერესოა, რატომ ხდება პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, რომ მსგავსი საშუალებები მასობრივად გამოიყენონ და გაუიოლდეთ საქმე ექთნებსაც და ნაკლები დისკომფორტი შეექმნათ პაციენტებსაც, განსაკუთრებით ბავშვებს.
ამ ვიდეოში სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალებით ჩატარებული პროცედურაა ასახული.
ვენაში შესვლის თანამედროვე უმტკივნეულო საშუალება, რომელსაც მსოფლიო იყენებს
პრობლემასთან დაკავშირებით mshoblebi.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. იქ აცხადებენ:
- თუ მსგავსი პრობლემა მასობრივად ფიქსირდება სხვადასხვა კლინიკაში, კლინიკამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და იყიდოს სპეციალური აპარატურა. ეს მათი მენეჯმენტის გადასაწყვეტია. ჯანდაცვის სამინისტროს აბსოლუტურად სხვა ფუნქცია აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ და ხარისხს ვამოწმებთ კლინიკებში, თუმცა ის, რომ აპარატურის შეძენა დავავალოთ ან ჩვენ შევუძინოთ, ამას ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა არ განსაზღვრავს. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტს.
სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ თუ პაციენტებს სამედიცინო დაწესებულებებში შეექმნებათ ისეთი პრობლემები, რაც მათ ჯანმრთელობას დააზიანებს, შეუძლიათ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართონ და ისინი შეისწავლიან აღნიშნულ ფაქტს:
- თუ ვინმემ მიიღო დაზიანება, შემდგომში ამას მოჰყვა გართულებები, შეუძლია მოვიდეს ჯანდაცვის სამინისტროში. კანონიერმა წარმომადგენელმა ან პაციენტმა დაწეროს განცხადება რეგულირების სააგენტოს დირექტორის სახელზე და ამის შემდეგ, სააგენტო შევა კონკრეტულ კლინიკაში და შეისწავლის ფაქტს.
თამარ იაკობაშვილი