ბევრი მშობელი წუხს, რომ მათი შვილები დილით საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში. გარეთ კი, მეგობრებთან ერთად, ბევრ არასასარგებლო, ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტს ყიდულობენ და მიირთმევენ. როგორი უნდა უნდა იყოს მათი კვება დილით და შესაძლებელია თუ არა, მოსწავლეს გამოვუმუშაოთ ჯანსაღი კვების ჩვევები, ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
- პირველ რიგში, კვება არის რეჟიმი. თუ ბავშვს აქვს ხარვეზი და ვერ მიეჩვია დილის კვებას, არ აქვს გამომუშავებული საუზმის კულტურა, ეს შეაფერხებს სწავლის პროცესს და მაღალი რისკის ქვეშ ამყოფებს იმუნურ სისტემას. მრავალი კვლევა ადასტურებს, ბავშვებს, რომლებიც უზმოდ მიდიან სკოლაში და სასკოლო ცხოვრებას მშივრები ატარებენ და ბავშვებს, რომლებიც სწორი პროდუქტებით არიან დანაყრებულები, განსხვავებული რეაქცია აქვთ სხვადასხვა დაავადებაზე. ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ნაკვებობა. შესაბამისად, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კვებით ჩვევებზე, მაშინ ამ ჩვევებთან დაკავშირებული სამუშაო ოჯახმა მუცლადყოფნის პერიოდიდან უნდა გასწიოს. მაგრამ წინასასკოლო, წინა ბაღისა და საუნივერსიტეტო მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ რეჟიმი. უნდა ასაუზმოთ ბავშვები და შეიძლება გაატანოთ ხემსი სკოლაშიც. უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობთ ხილს, თუმცა ინტელექტუალურად დატვირთული ჯგუფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხემსი სასარგებლოც იყოს და კალორიულიც. ასეთია მაგალითად, გამომშრალი ხილისა და თხილის კომბინაცია, რომელიც ძალიან კარგი იქნება ხაჭოსთან ან მაწონთან ერთად. მაგრამ, აქ არის ერთი ძალიან მაღალი რისკი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, განსაკუთრებით მოზარდებზე, მით უფრო, თუ სკოლა შეიცვალეს, წარმოიდგინეთ, ყველა ჩადის ბუფეტში, მიირთმევს სრულიად არასასარგებლო საკვებს და თქვენს შვილს თუნდაც ძალიან სასარგებლო საკვები მიაქვს, თავისი ულუფა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა სირთულის შეიძლება აღმოჩნდეს ეს ბავშვი. ან უნდა დამალოს თავისი საუზმე, დარჩეს მშიერი, ან დამალოს საუზმე და შეუერთდეს მეგობრების იმ ჯგუფს, რომლებიც მიირთმევენ, მაგალითად ჩიფსებს, პოპკორნს, არასასარგებლო ფუნთუშას, ჰამბურგერს, ტკბილეულს და აყოლებენ გაზიან ან ენერგეტიკულ სასმელს.
აღმოჩნდა, რომ აქაც შეგვიძლია გასაღები მოვძებნოთ. სპეციალისტები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, გვირჩევენ, თუ ჩვენ ბავშვს პირველად არ ვუშვებთ კლასში, თუ მას მეგობრები უკვე ჰყავს ან არ ჰყავს, მაგრამ ცდილობს შეიძინოს, ტრაპეზის გაზიარება შეიძლება კარგი საშუალება იყოს. დავპატიჟოთ ბავშვები ერთად ან ჩვენთან, სახლში და შევთავაზოთ სასარგებლო საკვები. მივცეთ შესაძლებლობა, რომ ერთად მიირთვან ჯანსაღი საკვები. ასეთ შემთხვევაში, ადვილი იქნება სკოლაშიც ერთად მიირთვან სასარგებლო საკვები. თუ შესაძლებლობა გვაქვს, შეიძლება ბავშვს არა მხოლოდ თავისითვის, არამედ მისი მეგობრებისთვისაც გავატანოთ ულუფა. საკუთარი შვილების მაგალითზე ვიცი, როგორ შეიძლება გაატანო საუზმე და მოიტანონ უკან და ამის ნაცვლად გზაში, დაუბანელი ხელებით ყველამ ერთად იყიდოს პური ან ფუნთუშა და ჭამონ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. სხვათა შორის, ჩვევა, რომ კვებამდე ხელები მოვიწესრიგოთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი. თუ ამას ვერ ვახერხებთ, შეიძლება ხელსახოცი გავატანოთ ბავშვებს. გეტყვით მაგალითს, როგორ შეიძლება იყოს ბავშვი გატაცებული თავისივე საუზმის მომზადებით. მაგალითად, შეიძლება პატარა, ლამაზი ბოთლი ჰქონდეს წყლისთვის, რომელსაც გამოიყენებს, წყალი ბავშვს აუცილებლად სჭირდება. კონტეინერიც შეიძლება იყოს ბავშვისთვის საინტერესო. მინის კონტეინერი უფრო სასარგებლოა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ შეიძლება რისკის შემცველიც იყოს. შეიძლება გაუტყდეს და ცოტა მძიმეცაა. განსაკუთრებით პრაქტიკული შეიძლება იყოს კონტეინერი, რომელიც გაყოფილია სექციებად. ამან შეიძლება გაუადვილოს ბავშვს საკვების მოხმარება.
რა შეიძლება გავატანოთ ხემსად? - ხილი და ბოსტნეული შეიძლება იყოს აქტიურად გამოყენებული. სეზონურად, კიტრი და სტაფილო, რომელიც ნეიტრალურია თავისი შემადგენლობით და პირის ღრუს არ შეამჟავებს. ასევე, ვაშლი, ყურძენი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რძის პროდუქტები შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ასეთ დროს, რომელიც ფუძედ გამოდგება ხილისთვის და ამავე დროს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი საკვები, თუ ბავშვი ისურვებს.
პროდუქტები, რომლებიც ბავშვის ტვინს უფრო "მოქნილს" ხდის - მარი მალაზონიას რჩევები