დღეს, რუსთავში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა - ცხვირის ოპერაციას იკეთებდა და ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც პაციენტი ანესთეზიის დროს და შემდეგ იღუპება. რა რისკებს შეიცავს ანესთეზია და რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა, ანესთეზიოლოგ ნიკოლოზ რთველიაშვილს გავესაუბრეთ:
- გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ ანესთეზიოლოგიური ჩარევა არ არის ხოლმე. გარდაცვალების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. არსებობს ამერიკის ექიმთა ასოციაციის და ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის შეფასებები, სადაც გამოკვლეულია საექიმო შეცდომის სახეები, რაც პაციენტების შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი გახდა. მათ შორის ანესთეზიოლოგის მიზეზით 50 პროცენტზე მეტია. 30 პროცენტამდეა ორგანიზაციული პრობლემები, როდესაც რაღაც არ აღმოჩნდა ადგილზე საჭიროების შემთხვევაში. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ძალიან რთულია, დაასახელო ზოგადად რა იწვევს პაციენტის გარდაცვალებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წილია საექიმო შეცდომები, 10 პროცენტამდე უბედური შემთხვევა ხდება ხოლმე სიკვდილის მიზეზი. შეიძლება ისეთი რამ დაემთხვა ოპერაციას, რომელსაც არავინ ელოდა. მაგალითად, 35 წლის ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა, მოულოდნელად დაემართა ინფარქტი ან სხვა.
-რამდენად ხშირია საქართველოში ანესთეზიის შედეგად გარდაცვალება?
- კვლევა ჩატარებული არ არის, ზუსტად რომ ვიცოდეთ, ამ მიზეზით გარდაცვალების რამდენი შემთხვევა არსებობს. მაგრამ საერთო პროცენტი დიდი არ არის. თუმცა, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული, რადგან როდესაც 19 წლის გოგონა მიდის საოპერაციოდ და გარდაიცვლება, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ცუდი შემთხვევა.
- გავრცელდა ინფორმაცია დღეს გარდაცვლილი გოგონას ახლობლების მიერ, რომ ის დიდი დოზის გამო გარდაიცვალა, შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს?
- მსგავსი რამ არ არსებობს. ანესთეზიოლოგმა მთავარია დოზა არ დააკლოს, თორემ დიდი დოზა გამორიცხულია. ანესთეზიოლოგიური პრობლემაა, რომ დოზა დააკლო, პაციენტმა ვერ დაიძინოს და ტკივილი იგრძნოს. დოზის დაკლებამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, ზედმეტმა - არა. მაშინ არასპეციალისტი უნდა აძინებდეს, რომ მსგავსი რამ მოხდეს.
- პაციენტები ოპერაციამდე წინასწარ ხელს აწერენ დოკუმენტს. რა ტიპის ინფორმაციაა მოცემული და რამდენად კითხულობენ ხელის მოწერამდე?
- ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტს, პაციენტის პატრონსა და ექიმს შორის კომუნიკაცია. ხელმოწერა ტრაფარეტულია. რა თქმა უნდა, იქ წერია, რა შეიძლება მოხდეს, რისკების შესახებაა ინფორმაცია. თუმცა, ის არც ექიმს იცავს და არც პაციენტს. ინფორმირებულ თანხმობაზე ხელი ექნება თუ არა პაციენტს მოწერილი, ექიმს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ეს უფრო პირდაპირი კომუნიკაციის თემაა. 90 პროცენტზე მეტი ხელშეკრულებას არ კითხულობს და ენდობა ექიმს.
- რა ხდება ორგანიზმში, როცა ანესთეზიას უკეთებენ ადამიანს?
- პაციენტი იძინებს არა ფიზიოლოგიური ძილით, არამედ მედიკამენტით და ტკივილიც ყუჩდება.
- წინასწარ თუ შეიძლება რისკების შემცირება და რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?
- ყველა კლინიკაში შეიძლება ერთნაირად გართულდეს პაციენტის მდგომარეობა. მაგრამ, რაც უფრო მულტიპროფილური და დიდი გამოცდილების კლინიკაა, გამოცდილი კადრი მუშაობს, უფრო მეტადაა შესაძლებელი გართულებების მკურნალობა. არაანესთეზიით სიკვდილიანობა უფრო მეტია ოპერაციის შემდეგ, ვიდრე ანესთეზიით. თუ კლინიკაში მრავალი პროფილია, არის საშუალება, რომ გართულებებს ვუმკურნალოთ.
თამარ იაკობაშვილი