- თუ ჩვენ პროფილაქტიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ არაფერია ისეთი ეფექტური, როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვება. ამავე დროს, როცა ბავშვი უკვე ავად არის, არ გვჭირდება მოცულობით განსაკუთრებული დატვირთვა იმიტომ, რომ ბავშვი შეიძლება უხასიათოდაა, არასაკმარისი რესურსი აქვს, მაგრამ აუცილებლად სჭირდება ყველა ჯგუფის პროდუქტის მირთმევა. როდესაც ხილისა და ბოსტნეულის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აქ მარტო C ვიტამინის შემცველობა არ არის გადამწყვეტი. C ვიტამინთან ერთად გასათვალისწინებელია ნებისმიერი ანტიოქსიდანტი, ეს არის კაროტინები, რომელიც მწვანე, ყვითელ პროდუქტებშია, არის ასევე კარაქში, ღვიძლში, კვერცხის გულში. ჩვენ გვჭირდება D ვიტამინის შესაბამისი მოხმარება და მზა სახით ეს შეიძლება ბავშვმა მიიღოს თევზიდან. D ვიტამინის გარკვეული რაოდენობა C ვიტამინთან კომბინაციაში აუცილებლადაა რძის პროდუქტებში. დღეს უკვე აღარავინ დაობს, თუ ნაწლავი არ გვაქვს წესრიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი არ გვაქვს სათანადოდ მომზადებული. ეს ეხებათ ბავშვებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფორმირებისათვის საკმაოდ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. თუ ბავშვს დიდხანს აქვს ყაბზობა, არ დატოვოთ ეს სიმპტომი უყურადღებოდ და აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა პედიატრს, როგორ შეიძლება ამას გაუმკლავდეთ. სეზონური ინფექციების დროს მნიშვნელოვანია ცოცხალი მიკროორგანიზმები, რომლებიც არის მაწონში, სხვადასხვა სახის მჟავეულში, სასკოლო ასაკის ჯანმრთელ ბაშვებზე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მარცვლეული, ბურღულეული, წყალი.
თემურ მიქელაძე: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, C და B ჯგუფის ვიტამინის წყაროა. აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების სწორი და რაციონალური მიღება. მთავარი რეკომენდაციაა, ეს ვიტამინები ბავშვმა უნდა მიიღოს ბალანსირებული სწორი კვებით. საკვებიდან 100 პროცენტით შეიწოვება ყველა ცხიმში ხსნადი ვიტამინები, წყალში ხსნადი იქნება თუ მიკრო თუ მაკრო ნუტრიენტები. ყაბზობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უჯრედისის რაოდენობის მიღება. ჩვენ გვაქვს სპეციალური ცხრილი, სადაც ვთავაზობთ ბავშვს, მიიღოს დაახლოებით 20-დან 25 გრამამდე უჯრედისი, ასაკის მიხედვით. გვაქვს კონკრეტული პათოლოგია? - ამას მშობლის გულდასმით მუშაობა სჭირდება. ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მოგცეთ, მაგრამ თქვენ უნდა შეასრულოთ, მშობლებმა. თუ ზუსტად და სწორად შეასრულებთ, აბსოლუტურად ყველა პრობლემას გადავლახავთ.
მარი მალაზონია: თუ ჩვენ ვსაუბრობთ კარაქზე, რომელიც ნატურალურად, რძისგანაა დამზადებული, მისი გარკვეული რაოდენობა აუცილებლად სჭირდება მოზარდის ორგანიზმს და ამავე დროს ზრდასრულ ადამიანს. 20-30 გრამი კარაქის მოხმარება, საერთაშორისო რეკომენდაციით, ნებადართულია. რომელ კარაქზე უნდა ვიყოთ ფრთხილად? - მე მინდა ხაზგასმით გითხრათ, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს არის რძისგან მომზადებული კარაქი, თუ ეს არ არის ნაღების კარაქი, თუ ჩვენ ეჭვი გვეპარება ან შეგნებულად ვყიდულობთ მცენარეულ კარაქს, ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი სამსახური შვილებისთვის. ამავე დროს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საბუტერბროდე კარაქზე, დააზუსტეთ კარაქია თუ სპრედია, რადგან სპრედი შერეული პროდუქტია, გარკვეული რაოდენობით ცხოველურ ცხიმს შეიცავს, მაგრამ დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეული წარმოშობის ცხიმს, რომელიც ხელოვნურადაა გამყარებული. ავტომატურად ეს ნიშნავს, რომ შეიცავს ტრანსცხიმებს. ისევე როგორც მარგარინის ყოველდღიური მოხმარება ბავშვებისთვის, კარაქის სტატუსით სახიფათოა. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ზრდასრული ადამიანები ბავშვის რაციონში, ეგრეთწოდებული, მცენარეული კარაქის ჩართვას, რომელიც შესაძლოა მომხიბვლელად გამოიყურება, ბავშვებს შეიძლება უყვართ იმიტომ, რომ რბილია და ადვილად წაისმება პურზე, მაგრამ ასეთი საცხი არ არის თავისი შემადგენლობით სასარგებლო იმიტომ, რომ ეს მთლიანად ტექნოგენური პროდუქტია ისევე როგორც, ჩვენ რომ არ ვიცით და სახლისთვის ვყიდულობთ ე.წ. კულინარიულ ცხიმი. თუ არ იცით, რისგან შედგება ეს ცხიმი, უარი თქვით ამ პროდუქტის გამოყენებაზე, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. როდესაც ცხიმის ყოველდღიურ მოხმარებაზე ვლაპარაკობთ, იმ პროცენტულ რაოდენობაში, მაგალითად, 25-დან 30 პროცენტამდე, დღიური მოხმარებისა, მესამედი მაინც ცხოველური წარმოშობის პროდუქტი უნდა იყოს, თან კარგი ხარისხის. ეს იქნება სწორედ ნაღების კარაქი, რომლის შეთვისება ბავშვისთვის და მოზარდის ორგანიზმისთვის ბევრად უფრო ადვილია ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანისთვის. ასევე მინდა გითხრათ სახიფათო კომბინაციაზე, რომელსაც, სეზონურად, სამწუხაროდ, ხშირად იყენებენ: ათქვეფილი კარაქი ალკოჰოლთან და სხვადასხვა დანამატთან ერთად. ეს არ არის კარგი კომბინაცია და კარგი არჩევანი ბავშებისთვის ისევე, როგორც უმი კვერცხი ათქვეფილი კარაქთან და შაქართან ერთად. ასეთი მიდგომის წინააღმდეგი ვართ იმიტომ, რომ არ არის საჭირო ბავშვისთვის დამატებით შაქრით ისეთი დატვირთვა, როგორიც ასეთ ნარევში შეიძლება იყოს და სულაც არ არის საჭირო გაციებული ბავშვისთვის დამატებითი რისკი შევქმნათ უმი კვერცხის გამოყენებით. არ ღირს გაციებული ბავშვის წახალისება გაზიანი სასმელით. შეიძლება მას სიამოვნებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ არ არის კარგი არა მარტო იმიტომ, რომ ტკბილია, არამედ იმიტომ, რომ ნახშირორჟანგს შეიცავს და ლორწოვანს აღიზიანებს. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა სახის ტკბილეულზე, რომლებმაც შეიძლება დამატებითი პრობლემები შექმნას. გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელები, თითქოს ახალისებენ ბავშვს, მაგრამ სხიფათოა თავისი შემადგენლობით.
ძალიან ხშირად ბავშვები ავად რომ არიან, ითხოვენ შოკოლადს. აქაც სიფრთხილე გვმართებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვს სიცხე აქვს, შოკოლადის თამამად მიცემა არ იქნება გამართლებული.
თემურ მიქელაძე: თუმცა, ერთი ფილა შოკოლადი დაშვებულია. განსაკუთრებით შავი ან სხვადასხვა რძიანი შოკოლადის, ერთი ფილა დაშვებულია იმიტომაც, რომ არ გამოვფიტოთ ბავშვის ორგანიზმი, ცოტა გლუკოზით დავტვირთოთ. საკმაოდ ხშირად ვთავაზობ მშობლებს მარილიან ჩხირებს , თუ სახლში მომზადებული იქნება მარილის მცირე რაოდენობით, იმისათვის, რომ მოაწყუროს ბავშვს. რა თქმა უნდა, გაზიანი სასმელი კატეგორიულდ უნდა შევზღუდოთ.