ზამთრის და ვირუსების სეზონი ახლოვდება, შესაბამისად ყველა მშობლის სადარდებელია, როგორ დავიცვათ ბავშვი გავრცელებული ვირუსებისგან. ასევე, როგორ ვკვებოთ პატარა, რომ ჯანმრთელი იყოს, მიიღოს ყველა საჭირო და სასარგებლო ნივთიერება, ვიტამინები, მინერალები. ამ და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე პედიატრი ნინო ჩხეიძე გვესაუბრა.
- ბავშვის დაბადებისთანავე მნიშვნელოვანია მისი მოვლა, ჰიგიენა. როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილს? რა აუცილებელი კრიტერიუმებია ამ დროს გასათვალისწინებელი თუნდაც ბანაობის, ჰიგიენური საშუალებების შერჩევის და ა.შ. დროს?
- ჩნდება პატარა და იწყება სასიამოვნო ფუსფუსი ოჯახში. პირველი კითხვა, რომელიც უჩნდება დედას, როგორ მოვუაროთ, როგორ დავბანოთ, როგორ ვაჭამოთ ახალშობილს. ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია პირველივე დღიდან დავიცვათ გარკვეული წესები და შევუქმნათ საკუთარი მიკროკლიმატი პატარას. ჩვილის მოვლაში იგულისხმება კვება, ბანაობა და ძილი. პირველი ბანაობა ამაღელვებელი მომენტია. ახალშობილის კანი რბილი და დელიკატური სტრუქტურისაა. ამიტომ ბანაობისთვის საჭირო ნივთების შერჩევისას გაითვალისწინეთ მათი ხარისხი და უსაფრთხოება. კვების წინ, საღამოს ბანაობა ძილის რიტუალის ერთგვარი ნაწილია. პროცედურებს ვატარებთ შემდეგი მიმდევრობით: სახის დაბანა გამდინარე თბილი წყლით, თვალების გაწმენდა, ყურების გაწმენდა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, ცხვირის ნესტოების გასუფთავება. მესამე კვირიდან - ფრჩხილების მოჭრა. ექვს თვემდე ასაკში მიზანშეწონილია ბავშვის ყოველდღე დაბანა. ექვსი თვის ასაკიდან კი - დღეგამოშვებით. ბანაობისთვის ხუთი წუთიც საკმარისია. დაბანისას ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი, ხოლო წყლის - 36,5 -37. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები. ნეიტრალური pH, მენთოლის ქაფურის, ტრიკლოზანის, ფტალატის, სპირტის, პარაბენის გარეშე.
კანი უნდა გავამშრალოთ ბამბის პირსახოცით. ჭიპის ჭრილობა მუშავდება ექიმის რჩევის შესაბამისად. რაც შეეხება საფენს, ის ხომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტანსაცმელია ახალშობილისთვის. მისი შერჩევისას გაითვალისწინეთ ზომა, ამავე დროს ის კარგად უნდა იყოს მორგებული. საფენი უნდა გამოიცვალოს რეგულარულად. ბავშვის ჩაბანის შემდეგ აუცილებელია ე.წ. ჰაეროვანი აბაზანა 5-10 წთ-ის განმავლობაში. საფენის ქვეშ ჭარბ ტენსა და ბაქტერიების გამრავლებას ებრძვის საფენის ქვეშ დამცავი კრემი. ორი კვირის შემდეგ შეიძლება ახალშობილის სეირნობა. სეირნობის დრო იზრდება თანდათან. არ არის მიზანშეწონილი ბავშვის გაყვანა ჰაერზე ძლიერი ყინვისა და ქარის დროს. ზაფხულში კი - მზის გულზე დიდხანს გაჩერება.
- ბებიების დროს აქტუალურ იყო ე.წ. მარგანცოვკიან წყალში ბავშვის ბანაობა. ზოგი მშობელი ამას დღესაც იყენებს. თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?
- ეს საკითხი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. „ბებიების რეცეპტით“ საკმაოდ პოპულარულია მშობლებში. ე.წ. მარგანცოვკა გახლავთ სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა პათოგენსა და მიკრობებს, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. ამ სასარგებლო თვისებების მიუხედავად თავისუფალ მიმოქცევაში აღარ არის. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მას იყენებენ ნარკოტიკული ნივთიერების მოსამზადებლად. ახალშობილის კანის თავისებურებებიდან გამომდინარე, "მარგანცოვკას" სარგებლის მაგივრად ზიანის მიყენებაც შეუძლია. იგი იწვევს ახალშობილის ნაზი კანის გაღიზიანებას. მრავალჯერადი გამოყენებისას კი ქიმიურ დამწვრობას. გაუხსნელმა ნაწილაკებმა შეიძლება დააზიანოს თვალი, ხოლო წყლის გადაყლაპვის შემთხვევაში - საყლაპავი. "მარგანცოვკის" ხშირი გამოყენება ზრდის კანის სიმშრალისა და ალერგიულ რეაქციების განვითარების რისკს. ინტენსიური ან არასწორად მომზადებული ხსნარი არცთუ ჯანმრთელ ფერს სძენს ახალშობილის კანს. რასაკვირველია, შეიძლება სიცოცხლის პირველ დღეებში მისი გამოყენება ჭიპლარის უკეთ შესახორცებლად, თუმცა მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ სადეზინფექციო ხსნარის მომზადების წესი. დაუშვებელია პირდაპირ აბაზანაში ჩაყრა. ჯერ უნდა გაიხსნას სუფთა წყლიან ქილაში და მხოლოდ მცირე ნაწილის დამატება შეიძლება ვარდისფერი შეფერილობის მისაღებად. და მაინც, მშობლებს ვურჩევ დასაბანად გამოიყენონ თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები, ხოლო გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარონ კონსულტაცია პედიატრთან.
- რა ასაკამდეა მიზანშეწონილი ბუნებრივი კვება?
- ჩვილის ჯანმრთელობის საუკეთესო მცველია ბუნებრივი კვება. დაბადების შემდეგ წყდება ფიზიკური და სისხლით კავშირი დედასთან. სამაგიეროდ ძლიერდება ფსიქოლოგიური და ემოციური კავშირები. ძუძუთი კვების ფენომენი არის ის, რითაც გრძელდება დედა-შვილის კონტაქტი.
ახალშობილის პირველი „აცრა“ ჯერ კიდევ ხსენით ხდება სიცოცხლის პირველივე დღეებში. დედის რძე ყველაზე ბუნებრივი და ძვირფასია ჩვენი პატარების სწორი ზრდა-განვითარებისთვის. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებს ნაკლებად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, რაქიტი, იშვიათად ავადობენ სხვადასხვა ინფექციით. ძუძუთი კვება ერთნაირად სასურველი და აუცილებელია ორივესთვის. დედის რძე ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომია, არ სჭირდება შენახვა, ტრანსპორტირება. რაც მთავარია, არ სჭირდება მომზადება, რადგან ის ყოველთვის მზადაა ზუსტად იმ სახით, როგორიც პატარას სურს. ამასთან, ძუძუთი კვება იცავს დედას მშობიარობის შემდგომი სისხლდენისგან, ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის სიმსივნური დაავადების რისკს. მეძუძური დედა ბუნებრივად დაცულია დაუგეგმავი ორსულობისგან.
- როგორ შევამოწმოთ, ყოფნის თუ არა პატარას რძე?
- ეს მარტივია. ვამოწმებთ საფენის გამოცვლის სიხშირეს და ვწონით ახალშობილს. დედის რძე სრულიად უკმაყოფილებს პტარას სითხის მოთხოვნილებას. რძის რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რით იკვებება დედა. ამისთვის საჭიროა დამატებით დღეში 500 კალორია დედისთვის. პედიატრები ვურჩევთ, ორ წლამდე შეუნარჩუნონ პატარებს ეს „ბედნიერება“. ჩვენი მიზანია, ახალბედა დედა დავარწმუნოთ ძუძუთი კვების უპირატესობაში, ასევე აუცილებელია ოჯახის წევრების თანადგომა ამ საკითხში.
- რა პროდუქტით და როგორ შევაჩვიოთ ბავშვი დამატებითი კვების მიღებას?
- დამატებითი კვება იწყება მაშინ, როცა ჩვილისთვის დედის რძით ან ხელოვნური ნარევით მიღებული ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერება საკმარისი არ არის ზრდა-განვითარებისთვის. დამატებით საკვებს მიეკუთვნება ნახევრად მყარი საკვები - მარცვლეულის ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხილ-ფაფა, ხორცისა და თევზისგან დამზადებული საკვები. თუ ჩვილი ხელოვნურ კვებაზეა, დამატებით კვებას ოთხი თვიდან ვიწყებთ. ხოლო ბუნებრივი კვების დროს - ექვსი თვიდან. თუკი ჩვილს ბუნებრივი კვების პირობებში, წონაში ჩამორჩენა აქვს, შეიძლება დამატებითი კვება დავიწყოთ უფრო ადრე და ფაფით. ხშირად გვეკითხებიან, ფაფა თუ ბოსტნეული? ან როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი უცხო საკვებს პირს არ აკარებს. ბოსტნეული შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების გადაადგილებას. მასში შემავალი პექტინი ტოქსინების შემბოჭველი და შემომგარსველი მოქმედებით გამოირჩევა. ასევე ბოსტნეული უნარჩუნებს ორგანიზმს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. საკვების დამზადების დროს მშობლებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ მოხდეს საკვების მიკროორგანიზმებით და ტოქსინებით დაბინძურება. საკვებად უნდა შევარჩიოთ ნაკლებ ალერგიული პროდუქტი, როგორიცაა გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო ყაბაყი. კვება უნდა დავიწყოთ მცირე ულუფებით, ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზით.
- როგორ მოვიქცეთ, თუ პატარამ უარი განაცხადა ახლ საკვებზე?
- ნუ აღელდებით, ნუ იჩქარებთ. სჯობს რამდენიმე დღით გადადოთ ეს პროცესი. ახალი სურსათი საუკეთესოა, ამ მხრივ არჩევანი დიდია საქართველოში, ჩვენი ქვეყანა ხომ მდიდარია ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ჯიშით.
- ჩაცმის თემასაც შევეხოთ. ბევრი მშობელი ძალიან თბილად აცმევს ბავშვს, რომ არ გაუცივდეს, ზოგიც ძალიან გრილად. თქვენ რა რეკომენდაციებს აძლევთ ჩაცმასთან დაკავშირებით დედებს?
- ახლოვდება ცივი სეზონი. რა ჩავაცვათ ბავშვებს ისე, რომ არ გაიოფლონ და არ გაცივდნენ, ან პირიქით, არ გაიყინონ? ამ მხრივ არ არსებობს უნივერსალური რეკომენდაციები. მთავარი ფაქტორი არც ამინდია და არც ჯანმრთელობა. არამედ აღზრდის მეთოდი. არიან ბავშვები, რომელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია თბილი ქუდი და წინდები. მათთვის ცივი დღეების მოახლოება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია. ბავშვები ავადობენ არა იმიტომ, რომ სცივათ, არამედ იმის გამო, რომ ოფლიანდებიან. ამიტომ აუცილებელია ტანსაცმელი შევარჩიოთ ისე, რომ მოსახერხებელი იყოს თამაშის და სირბილის დროს.
- ხშირად დავის საგანს წარმოადგენს აცრები. რატომ უნდა აიცრას აუცილებლად ბავშვი, რამდენად მნიშვნელოვანია დროულად ჩატარებული გეგმიური აცრები და რეალურად არის თუ არა ეს აცრები რაიმე საფრთხის შემცველი, როგორც ეს ბევრ მშობელს ჰგონია?
- 2019 წლის პირველი იანვრიდან პროფილაქტიკური აცრები საქართველოში სავალდებულოა. მიღებული კანონის თანახმად, სკოლაში, ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა. სწორედ ასეთი მიდგომააა გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკაში. სამწუხაროდ, მოსახლეობა არასათანადოდ არის ინფორმირებული ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ. მომაკვდინებელი ეპიდემიებისგან სწორედ იმუნიზაციამ იხსნა მსოფლიო. კალენდრით გათვალისწინებული ყველა ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. B ჰეპატიტზე ახალშობილი იცრება ჯერ კიდევ სამშობიაროში. ხუთ დღემდე კეთდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა. არის ქვეყნები, სადაც ეს აცრა არ კეთდება სწორედ იმიტომ, რომ ტუბერკულოზის საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენს ქვეყანაში აცრების ეროვნული კალენდარი მოიცავს 10 ვაქცინას. დროულად ჩატარებული აცრები იცავს მოსახლეობას ინფექციებით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისგან. „აცერი და დაიცავი“ საუკეთესოდ შერჩეული სლოგანია. იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში.
- ვირუსების სეზონი გვიახლოვდება. რას ურჩევთ მშობლებს, რა საშუალებები არსებობს იმუნიტეტის ასამაღლებლად? როგორ შევხვდეთ მომზადებული ვირუსების სეზონს?
- მზიან, ცხელ დღეებს მალე შეცვლის ცივი და წვიმიანი დღეები. ახლოვდება ე.წ. ვირუსების სეზონი. ყოველ ჯერზე გვჭირდება მშობლების დარწმუნება იმაში, რომ ბავშვების ავადობისგან დაცვა, მედიკამენტებზე არანაკლებ გაკაჟებით შეიძლება. რასაკვირველია, კონკრეტული ასაკი ამისთვის დათქმული არ არის, თუმცა უმჯობესია დაწყება პატარაობიდანვე. გაკაჟებაში იგულისხმება აბაზანის ჩვეული ტემპერატურის ნელ-ნელა შემცირება. უკვე ორი წლიდან შეიძლება ცივ წყალში დასველებული ტილოთი ტანის დაზელვა, სამი წლიდან კი ათწამიანი ცივი შხაპი. უფრო მოზრდილებში მიზანშეწონილია სხვადასხვა სპორტულ წრეში ჩაბმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება: ცოცხალი ხილი, რძის პროდუქტები, ხორცი. სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს და განაპირობებს ჩვენი მოსახლეობის ავადობას. ამ მხრივ განსაკუთრებით იჩაგრებიან ჩვენი პატარები. ერთი შეხედვით ამ უწყინარმა ვირუსმა ბოლო დროს საკმაოდ ბევრი პრობლემა შექმნა საქართველოში. საუკეთესო საშუალება გრიპისგან თავის დასაღწევად არის ვაქცინაცია. გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია მსოფლიოში. აცრა იწყება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და სავსებით ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობისათვის. ხშირ შემთხვევაში მშობლები ექიმს ენდობიან, უსმენენ, ეკითხებიან, ამიტომ მშობლებთან ერთად ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური აღზრდის თანამონაწილე ყველაზე მეტად პედიატრია.
- საკმაოდ დიდ ხანია ამ სფეროში ხართ. რა არის ის შეცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ მშობლებს მოსდით, თუნდაც გადამეტებული მზრუნველობის გამო...
- დიახ, ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას ვმუშაობდი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში და იქიდან დაიწყო ჩემი საქმიანობა. ცოტა ძნელი იყო მორიგეობის შემდეგ ლექციებზე სიარული, თუმცა იმ წლებმა დიდი გამოცდილება მომცა. უკვე 20 წელია ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში ვმუშაობ.
რაც შეეხება შეცდომებს, ოჯახი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ზემზრუნველობა აღზრდის ერთგვარი სტილია, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, ემოციურად ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ყოველთვის სასურველია ზრუნვა არ გასცდეს გარკვეულ საზღვრებს. გადამეტებული ზრუნვა არ იცავს ბავშვს. ასეთ პირობებში ისინი ბოლომდე რჩებიან უფროსების "კალთას ამოფარებულნი“, უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რთულ სიტუაციაში მობილიზაცია. მუდამ ელიან უფროსებისგან დახმარებას. ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ გარემოსთან და ადამიანებთან ადაპტაციის უნარ-ჩვევების განვითარების შეფერხება. მიდრეკილნი არიან ნევროზისადმი, უვითარდებათ მომეტებული აგრესია, ამიტომ მშობლებს ვურჩევ დაუტოვონ შვილებს ყველაზე მთავარი - არჩევანის უფლება. დაეხმარონ საკუთარი სურვილების გახმოვანებაში, ინიციატივის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ხშირია, როცა მშობლები წყვეტენ, შია თუ არა პატარას, ხოლო ბებია-ბაბუების სურვილი, მოიგონ პატარების გული, მთავრდება ტკბილეულის გადამეტებული სიყვარულით. ყველაფრის ბოლო კი ჭარბწონიანობაა, რომელიც საკმაოდ მომრავლდა ჩვენს ბავშვებში. მათი სურვილების დაკმაყოფილება, დამშვიდება, უფრო იოლია პლანშეტით, ტელეფონით და არა სხვა საშუალებებით. ხშირად წყვეტენ მშობლები მედიკამენტებთან მიმართებაში დოზას, მიღების წესს, ხანგრძლივობასაც. ასევე ითქმის სიცხის დამწევ საშუალებებზე. მომეტებული ზრუნვა ხშირად „კომბოსტოსავით შეფუთულ“ პატარასაც ნიშნავს. ვურჩევდი, მშობლები თვითნებურ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებენ და ამით ნუ გაურთულებენ მდგომარეობას ნურც შვილს და ნურც პედიატრს.
მერი ბლიაძე