საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის სექტორში, პაციენტები ინოვაციური ტიპის მომსახურებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით მიიღებენ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი“ - ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობაა და მრავალი ფუნქცია აქვს. აპარატით შესაძლებელია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
ტელემედიცინის მოწყობილობა ზომავს ადამიანის სხეულის მასის ინდექსს, წონას, სიმაღლეს, ჟანგბადის კონცენტრაციას, გლუკოზის, შარდმჟავას და ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, ასევე მას შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა..
არსებობს როგორც დიდი ზომის, ასევე პორტატული აპარატებიც და მისი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოს სრულფასოვანი გამოკვლევა. მაგალითად, თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება. ასევე ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება. ციფრული სტეტოსკოპის აპარატით შესაძლებელია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება. კვლევის შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში იგზავნება.
აღნიშნული აპარატით, დისტანციულრი კომუნიკაციაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური ვიდეო ზარის საშუალებით, ექიმს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა.
ტელემედიცინის მოწყობილობები მომავალი წლიდან დაინერგება და პირველ ეტაპზე, 25 ლოკაციაზე განთავსდება.