როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის რჩევები - მშობლები

როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის რჩევები

2019-11-02 07:50:36+04:00

ზოგჯერ მშობლები წუხან, რომ მათი შვილი თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება. სიმაღლეში ზრდის პრობლემა საყურადღებოა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩარევას სქესობრივ მომწიფებამდე აქვს აზრი. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლემა ამ დროს და ძირითადად, რა შეცდომებს უშვებენ ისინი, ამ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე საუბრობს.

- სიმაღლე ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გენეტიკაზე. როცა ენდოკრინოლოგები ვცდილობთ, რომ გამოვითვალოთ, რა არის კონკრეტული ბავშვისთვის ნორმა, რა თქმა უნდა, ვითვლით მშობლების სიმაღლიდან გამოდინარე. ამისთვის სპეციალურ ფორმულას ვიყენებთ. ფორმულა ასეთია: (დედის სიმაღლეს + მამის სიმაღლე) : 2.
თუ ვაჟია, ამ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ 6.5 სმ, თუ გოგონაა, უნდა გამოვაკლოთ 6.5 სმ. მიღებული რიცხვი +/- 5 სმ-ან დიაპაზონში არის ბავშვის გენეტიკურად განპირობებული მოსალოდნელი სიმაღლე.

გარდა ამისა, გენეტიკისა და გარემოს ურთიერთქმედება გვაძლევს პაციენტის კონკრეტულ სიმაღლეზე ინფორმაციას. გარემოში იგულისხმება კვება, ზოგადი ჯანმრთელობა, რამდენად სოციალურად მშვიდ და ბედნიერ ოჯახში ცხოვრობს ბავშვი. ზრდის პროცესი, მოზარდების შემთხვევაში, დამოკიდებულია, რა ასაკში დაეწყოთსქესობრივი მომწიფება. სქესობრივი მომწიფების პერიოდს სიმაღლეში სწრაფი ზრდა ახასიათებს. ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ სიმაღლეში ზრდაც სრულდება.

- შეიძლება სქესობრივი მომწიფება პრეპარატით შევაჩეროთ, რათა ბავშვს მეტი საშუალება მივცეთ გაზრდისთვის?

- წესით, გოგონებში 8 წლამდე და ვაჟებში 9 წლამდე არ უნდა დაიწყოს სქესობრივი მომწიფების ნიშნები. პირველ რიგში, უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზი, რატომ ხდება ნაადრევი მომწიფება. თუ ეს ჭეშმარიტი პროგრესირებადი ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაა, მაშინ შესწავლის შემდეგ დგება საკითხი, შევაჩეროთ თუ არ შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ეს ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით ხდება.

- რა რისკები ახლავს პრეპარატის გამოყენებას?

- სპეციფიური სამკურნალო პრეპარატი უმეტესად ინექციის სახით კეთდება 28 დღეში ერთხელ, თუმცა ეს არის იშვიათი, ძალიან კარგად გამოკვლეული შემთხვევები. ხშირად შეიძლება რაიმე სიმსივნური პათოლოგია აღმოჩნდეს თავის ტვინში, რომელმაც ნაადრევი მომწიფება ეს გამოიწვია და სიმსივნის მოცილების შემდეგ, შესაძლებელია პრობლემაც ამოიფხვრას. თუმცა, ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შეჩერება მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, განსაკუთრებით გოგონებში. პრეპარატს ძალიან მინიმალური რისკები აქვს. შეჩერება ხდება უმეტესად 2 ან მეტი წლის განმავლობაში პაციენტის ასაკიდან გამომდინარე. ჯანმრთელ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების პერიოდი 2-დან 3 წლამდე გრძელდება. ძირითადად, ეს პერიოდი სწრაფი ზრდითა და სხეულის სწრაფი ცვლილებებით ხასიათდება. სქესობრივი მომწიფება რომ დასრულდება, ძალიან მალე სიმაღლეში ზრდის პროცესიც სრულდება. ამიტომ, თუ სიმაღლესთან დაკავშირებით რაიმე პრობლემაა, თუ ბავშვი ტანდაბალია, სქესობრივ მომწიფებას არ უნდა დაველოდოთ. უნდა შევაფასოთ, რაიმე მნიშნელოვანი ნივთირების, ვიტამინის, მიკროელემნეტის დეფიციტი ხომ არ აქვს, არის თუ არა ზოგადად ჯანმრთელი. სქესობრივი მომწიფების დასრულების, ლულოვანი ძვლების ძვალსაზრდელების გაძვალების შემდეგ აღარაფერი შეგვიძლია. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა 15-16 წლის გოგონა მოდის დაწუხს, რომ სიმაღლეში აღარ იზრდება. როცა ჩავეკითხებით, როდის დაეწყო ციკლი, გვპასუხობს, რომ 11-12 წლის ასაკში. ციკლის მოსვლიდან, დაახლოებით 2 წელიწადში ზრდა პაციენტების უმეტესობაში დასრულებულია. იმ დროს უკვე გვიანია ამაზე დარდი. თუ ოჯახს აწუხებდა და ხედავდა, რომ, თანატოლებთან შედარებით, გამორჩეულად ტანდაბალი იყო, ვიდრე მომწიფების ნიშნები დაეწყებოდა, მანამ უნდა მიექცია ყურადღება. ყველა ასაკს გარკვეული ზრდის ტემპი ახასიათებს. მაგალითად, სკოლის ასაკის ბავშვი 5-დან 7 სანტიმეტრამდე უნდა იზრდებოდეს წლის განმავლობაში. თუ მაგალითად, ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება, მკურნალობს სტეროიდული ან ციტოტოქსიური პრეპარატებით და სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია სიმაღლეში ზრდის ტემპის შეჩერება, მალევე უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საბოლოო სიმაღლის ოპტიმიზაცია შევძლოთ.

mshoblebi

-როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილის სქესობრივი მომწიფების პროცესი დასრულდა?

- არ არის მარტივი საკითხი, ვინაიდან მომწიფება რომ ეწყებათ, ბავშვები მშობლებს მეორად სასქესო ნიშნებს არ აჩვენებენ. გოგონებში ეს უფრო ადვილი გასარკვევია, როცა უკვე რეგულარული ციკლი აქვთ, ზრდის ტემპიც ნელდება. ვაჟებში ბევრად რთულია. მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა რაოდენობის გათმიანება უნდა ჰქონდეთ მათ. ენდოკრინოლოგები ვაფასებთ სათესლე ჯირკვლის ზომას, გათმიანების ტიპს და იმის მიხედვით ვადგენთ, მომწიფების რომელი სტადიაა. მშობლისთვის ამის ცოდნა რთულია. მაგრამ, როცა ვაჟებს უკვე მამაკაცური ტიპის გათმიანება აქვთ, წვერსაც სრულად იპარსავენ, მშობელს შეუძლია ივარაუდოს, რომ მომწიფება დასრულებულია. დასაწყისიც ძალიან საინტერესოა. გამოხატული ნიშნები რომელებსაც მშობლები ადვილად შეაფასებენ: გათმიანება იღლიაში, ბოქვენზე, სახეზე შავი წერტილოვანი გამონაყარი, მომატებული ცხიმიანობა. ერთ-ერთი პირველი, რასაც მშობლები ამჩნევენ, ესაა სპეციფიური ოფლის სუნი. როგორც კი გაჩნდება, დიდი ადამიანისათვის დამახასიათებელი, ნაკლებად სასიამოვნო ოფლის სუნი, ეს უკვე მიმანიშნებელია, რომ სასქესო ჰორმონებმა მუშაობა დაიწყო.

- სიმსუქნე რამდენად აფერხებს სიმაღლეში ზრდის პროცესს?

-სიმსუქნე დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ზრდაზე. ჭარბი კვების შედეგად გასუქებული, ზოგადად ჯანმრთელი ჭარბწონიანი ბავშვები, როგორც წესი, თავიანთ თანატოლებზე მაღლები არიან სკოლაში. მაგრამ, განსაკუთრებით გოგონები, მომწიფებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე დაიწყებდნენ, რომ არ ჰქონდეთ ჭარბი წონა. შესაბამისად, მალევე ასრულებენ და საბოლოო სიმაღლე შესაძლებელია იმაზე ბევრად ნაკლები იყოს, ვიდრე იმ შემთხვევაში, ჭარბი წონა რომ არ ჰქონოდათ. რაღაც პერიოდში რომ შეხედავ, სკოლაში თითქოს ყველაზე დიდია, ზრდას რომ დაასრულებს, აღარ არის თანატოლებთან შედარებით გამორჩეულად მაღალი იმიტომ, რომ შედარებით ადრე მომწიფდა. ზოგადად, სქესობრივი მომწიფების ვადები გოგონებისთვის 10-ნახევარი 11 წლიდანაა მისაღები დე მეორადი სასქესო ნიშნები აუცილებლად უნდა ჰქონდეს, 13 წლის ასაკამდე. ვაჟებისთვის კი ერთი წელია განსხვავება. დაახლოებით 11.5 -12 წლისთვის იწვება და 14 წლამდე აუცილებლად უნდა იყოს მომწიფების ნიშნები გამოხატული. რაღაც პერიოდში, მე-5 - მე-7 კლასში რომ გადახედოთ გოგონები უფრო დიდები არიან, ბიჭები კი ისევ პატარები და გამხდრები. უფრო მაღალ კლასებში გოგონები ანელებენ ზრდას და ვაჟები იწყებენ.

- თუ არსებობს პრეპარატი, რომელსაც სიმაღლეში ზრდისთვის იყენებენ და თქვენ თუ უწევთ რეკომენდაციას?

- პრეპარატი არსებობს, როცა უკვე კონკრეტული დიაგნოზი გვაქვს. თუ არის ენდოკრინული პრობლემა, მაშინ ვმკურნალობთ, მაგრამ თუ არ არის, დიაგნოსტირებული ენდოკრინული პრობლემა და ეს არის სხვადასხვა მიზეზების გამო შეფერხება, მაგალითად, იმის გამო, რომ არ იღებს საკმარისად D ვიტამინს, საკმარის ცილოვან საკვებს, მაშინ ჩვენ, პრეპარატის ნაცვლად, კონკრეტულ დანამატებს ვაძლევთ. ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია და ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო. რა თქმა უნდა, არსებობს ზრდის ჰორმონი ინექციების სახით, რომლითაც ვმკურნალობთ პაციენტს და ეს ძალიან შედეგიანი მკურნალობაა, თუმცა მარტივი პროცედურა არ არის, ეს ხდება ყოველ დღე, წლების განმავლობაში. ბავშვთა ენდოკრინოლოგებისათვის ძალიან კარგი მაგალითია ცნობილი ფეხბურთელი, მესი, რომელიც ყველამ იცის, რომ მკურნალობდა ზრდის ჰორმონით იმიტომ, რომ ვერ იზრდებოდა სიმაღლეში. რაც შეეხება უნივერსალურ ფორმულას, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ბავშვს ხელი ზრდაში, აუცილებელია ბალანსირებული, კარგი კვება. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ეს პრობლემაა, ბევრი ფაქტორის გამო. ძალიან ცოტა სასკოლო ასაკის ბავშვი იკვებება სწორად. მეორე აუცილებელი მოთხოვნა, რაც სიმაღლეში ზრდისთვისაა მნიშვნელოვანი, კარგი ძილია.

altრამდენ საათს უნდა ეძინოს ბავშვს სხვადასხვა ასაკში და რომელ საათზე უნდა იძინებდეს - გახმაურებული ცხრილი

ყველა ასაკს თავისი ძილის ნორმა აქვს. სკოლის ასაკის ბავშვმა და მოზარდმა 9 საათი კარგი, შეუწყვეტელი, მშვიდი ძილით უნდა იძინოს. ერთ-ერთი, რაც ძალიან აქტუალური გახდა ბოლო დროს, ეკრანდამოკიდებულებაა. ძილის წინ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ეკრანის ყურება, რომელიც თეთრ შუქს გამოსცემს. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათი მაინც უნდა იყოს ყოველ დღე ფიზიკურად დატვირთული. გარდა ამისა, ფსიქო-ემოციურადაც უნდა იყოს მშვიდ და წყნარ გარემოში. ნებისმიერი სახის სტრესი ხელს უშლის ზრდას. ყველა ქრონიკულად მოავადე ბავშვი, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა, ასთმა, რევმატოიდული დაავადებები და სხვა - განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. მათი სიმაღლეში ზრდის შეფასება ყოველ 6 თვეში უნდა ხდებოდეს და აღინიშნებოდეს შესაბამის ზრდის მრუდზე. თუ ზრდის ტემპი შენელდა, მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს ამის შეფასება და შეძლებისდაგვარად გამოსწორება.

mshoblebi

- თუ არსებობს რომელიმე სპორტის სახეობა, რომელიც ხელს უშლის ზრდის პროცესს?

- ყველანაირი ჯანსაღი, ასაკისათვის შესაფერისი ფიზიკური აქტივობა ზრდის პროცესს ხელს უწყობს. თუმცა ცოტა სახიფათოა შემთხვევები, როცა მოზარდ ბიჭებს სურთ, რომ კუნთები ჰქონდეთ. ზედმეტად არ უნდა მიეტანონ მძიმე წონის აწევას. შეიძლება აღნიშნულმა ზრდაზე უარყოფითად იმოქმედოს. ძალიან კარგია ქართული ცეკვა, ტენისი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ცურვა.

-13-14 წლის მოზარდებამა რომ დაიწყონ ცურვა, თუ იქნება ეფექტური სიმაღლეში ზრდისთვის?

-14 წლის ასაკში გოგონების უმეტესობას სქესობრივი მომწიფება დასრულებული აქვთ. ცურვა მისი სიმაღლისთვის დიდად ეფექტური ვერ იქნება, მაგრამ ის იქნება მისი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი. ვაჟი კი შესაძლებელია სქესობრივი მომწიფების შუა პერიოდში იყოს და მას, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს. სიმაღლეში ზრდისთვის სირბილი და ხტუნვა უკეთესია.

- ჭარხალი, სტაფილო, ლიმონი, რძე და სხვადასხვა კომბინაცია - ხალხური მეთოდები რამდენად ეფექტურია სიმაღლეში ზრდისთვის?

- ეს პროდუქტები ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. შეიცავს აუცილებელ და კარგ ვიტამინებს, თუმცა არავითარი მტკიცებულება კონკრეტული რეცეპტების ეფექტურობაზე არ არსებობს. ყველა ბავშვის რაციონში სტაფილოც უნდა იყოს, ჭარხალიც და რძეც. ძირითადად, ყველაზე გავრცელებული რეცეპტი ამ პროდუქტების კომბინაციას გულისხმობს. ერთად მათი დალევა გემრიელიც არ არის. არ არის აუცილებელი, მსგავსი რეცეპტით ვუმზადოთ და დავაძალოთ ბავშვებს მისი დალევა. ფსიქოლოგიურადაც, ბავშვი იმახსოვრებს, რომ დაბალია და მომავალში ამისგან გარკვეული კომპლექსი უჩნდება. შეიძლება ნორმალური სიმაღლის იყოს, მაგრამ მაინც ექნება განცდა. მეორე მომენტია, შეიძლება არ გაიზარდოს იმ სიმაღლის, როგორიც უნდოდადა ეს დააბრალოს იმას, რომ არ თავის დროზე მისთვის მომზადებული კოქტეილი არ დალია. ყველა მშობელს მოვუწოდებ, რომ გააკეთონ ჩანაწერი და მოინიშნონ ბავშვების სიმაღლე თუნდაც ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში. ეს დაგვეხმარება შეფასებაში, წლიდან წლამდე რამდენი სანტიმეტრით გაიზარდა და ნორმალურად მიდის თუ არა ზრდის პროცესი. თუ ბავშვს ორი წელი ერთი და იგივე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვია, თუ კლასში ყველაზე მაღალი იყო, მაგრამ ახალ სასწავლო წელს დაინახეთ, რომ ყველას ჩამორჩება, უნდა მიაქციოთ ყურადღება.

- თუ ამართლებს ძელზე ჩამოკიდება?

- აუცილებელია, ნებისმიერი პროცედურა ბავშვისთვის სასიამოვნო იყოს. თუ მისი თანატოლები ამას აკეთებენ და მისთვისაც მისაღებია, შესაძლოა ზომიერების ფარგლებში გააკეთოს, მაგრამ ყოველ დღე, დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია საზიანოც კი იყოს.

- მშობელმა, რომელიც ამჩნევს, რომ შვილი ზრდაში ჩამორჩება, რომელი პროფილის ექიმთან უნდა დაიწყოს პირველად ვიზიტი?

- თუ პაციენტს კარგი პედიატრი ჰყავს, რომელიც მუდმივად ზედამხედველობს, მაშინ ის არის ადამიანი, ვისაც პირველ ეტაპზე უნდა მიმართონ. მაგრამ თუ ერთსა და იმავე ექიმთან არ დაჰყავთ და ახალ პედიატრს არც ჩანაწერები აქვს და არც ბავშვის ისტორია იცის, უმჯობესია პირდაპირბავშვთა ენდოკრინოლოგს მიმართონ.

თამარ იაკობაშვილი

alt"თუ ბავშვი მომწიფებამდე წელიწადში 5-6 სმ-ით, ხოლო მომწიფების პერიოდში 10-13 სმ-ით არ იზრდება, აუცილებელია მიზეზების დადგენა" - ბავშვთა ენდოკრინოლოგის რჩევები

altსიმაღლისა და წონის ნორმები ერთიდან 14 წლამდე ასაკის გოგონებისა და ბიჭებისთვის

altწლამდე ასაკის ბავშვის სიმაღლისა და წონის შეფარდების ძალიან საჭირო ცხრილი

altროგორ უნდა ეცვათ 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებს და ქალებს, რომ უფრო მაღლები გამოჩნდნენ