არასწორი კვება, რაც ხშირად ზედმეტი ან ნაკლები წონის მიზეზია, ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული. არასწორი კვება არამარტო მომატების, ზედმეტად კლების მიზეზიცაა. როგორ უნდა გავარჩიოთ ფიზიოლოგიური შიმშილი ემოციური შიმშილისგან, რა შეცდომებს უშვენებ ძირითადად ადამიანები და როგორ უნდა დწაეხმაროთ საკუთარ თავს, ამის შესახებ ფსიქოლოგი, კვებითი ჩვევების სპეციალისტი ქეთევან მესხიშვილი გვესაუბრება:
- ბულემიასაც და ანორექსიასაც აქვს ფსიქოემოციური საფუძველი. სათავეს კი ბავშვობის ადრეული პერიოდიდან იღებს. ძირითადად, ეს არის ბავშვობისდროინდელი დასწავლილი არასწორი ჩვევები, მშობლებიდან და აღმზრდელებიდან გამომდინარე. მაგალითად, ემოციურ დამოკიდებულებას იწვევს ფაქტი, როცა ცუდად ყოფნის დროს ბავშვების წახალისება გემრიელი საჭმლით, მათი საყვარელი ტკბილეულით ხდება. ან როცა ბავშვი ცუდ ხასიათზეა, გართობა და თამაში უნდა და მშობელს არ აქვს ამის დრო, მტირალი ბავშვი რომ დააწყნარონ, აძლევენ საკვებს. შემდეგ, ავტომატურად, როცა რაღაცას განიცდიან ან ნერვიულობენ, ახსენდებათ ბავშვობის ჩვევა. ცუდად რომ იყვნენ, რაიმე გემრიელს ჭამდნენ. თუმცა, ეს გაუცნობიერებლად ხდება. კვებითი დამოკიდებულების პრობლემა მოიცავს სამ ფაქტორს: ფიზიოლოგიურს, ფსიქოლოგიურს და ემოციურს. ფიზიოლოგიურ ფაქტორთან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები იყოს. მაგრამ ფსიქოლოგიურ დონეზეც ხშირად უნდებათ საკვების მიღება. ბულემია უმეტესად ვლინდება მოზარდობის პერიოდიდან 25 წლამდე, ძირითადად გოგონებში. ერთია, როცა ადამიანი იღებს საკვებს მაშინ, როცა მას რეალურად შია, მეორეა ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. თუ აქვთ ჭამის დაუძლეველი სურვილი, შემდეგ გულს ირევენ. ფიქრობენ, რომ აღარ შეერგებათ, არც კალორიები დარჩება ორგანიზმში და წონაშიც აღარ მოიმატებენ. თავიდან, გაუცნობიერებლად იწყებენ და მერე იმდენად ეჩვევიან, რომ შეიძლება ბულემიიის დიაგნოზი დაისვას, რომელთან დამოუკიდებლად გამკლავება საკმაოდ რთულია. საჭიროა ფსიქოლოგიური მუშაობა, რადგან თავად ვერ აცნობიერებენ, ქმედების უკან რა ემოციური ფაქტორებია. საქმეს ართულებს ისიც, რომ ადამიანებმა არ იციან, რა არის სწორი კვება და როგორ უნდა იკვებონ, რომ წონის პრობლემა არ იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დანაშაულის განცდასთან და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება ისწავლონ.
- ზოგჯერ ადამიანები დღის განმავლობაში ხშირად წაიხემსებენ, შეიძლება არ შიათ, მაგრამ მაინც ჭამენ, რა მოქმედებს მათზე?
- ამ ფაქტორს ემოციურ შიმშილს ვუწოდებ. ერთია ფიზიოლოგიური შიმშილი, რომელიც დგება ყოველ ოთხ საათში ერთხელ. ემოციური შიმშილის დროს ადამიანი შეიძლება იყოს გაღიზიანებული, გაბრაზებული, მოწყენილი და ავტომატურად, გაუცნობიერებლად, იმიტომ, რომ ბავშვობიდან არის მასში ეს არასწორი კვებითი ქცევა ჩამოყალიბებული, ნეგატიური ემოციების განეიტრალებას იწყებენ გემრიელი საკვებით.
- არის მეორე მდგომარეობა, როცა ადამიანებს სტრესის დროს ჭამა არ შეუძლიათ...
- სტრესი ორი ტიპისაა. ერთი მწვავე სტრესია, მეორე კი ქრონიკული. ქრონიკული სტრესის გამომწვევი შეიძლება იყოს სამსახურში, ოჯახში არსებული პრობლემები, რომელიც ყოველდღიურად, რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდება. ეს იწვევს სუსნაობის მოთხოვნილებას. მწვავე სტრესს ახასიათებს უმადობა. თითქოს ბურთი იჩხირება ყელში და ვერაფერს ჭამს ადამიანი. აქაც კონკრეტული ემოციებია. ფიზიკურად ემოციებისგანაა გადავსებული ადამიანი და საკვების დამატება არ შეუძლია. როგორც კი გაივლის მწვავე სტრესული მდგომარეობა, მაშინვე ერთ-ერთი პირველი, რაც ახსენდებათ, ეს ჭამაა. როგორც წესი, იწყებენ უფრო მეტი რაოდენობით იმიტომ, რომ ორგანიზმი გადაშიებულია.
- რამდენად შორს მივყავართ მსგავს ჩვევებს და როგორ შეიძლება, გავუმკლავდეთ პრობლემას?
- თუ ადამიანს აქვს ანორექსია ან ბულემია და ეს გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში და ხედავს, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება, ეს უკვე ნიშანია, რომ უნდა მიმართო სპეციალისტს. თუ ადამიანი ხედავს, რომ ვერ იკლებს წონაში, აკეთებს ათასგვარ დიეტას, იკლებს წონაში და მერე უფრო იმატებს, ეს არის ნიშანი, რომ უნდა მიმრთოს კვებითი ჩვევების სპეციალისტს და ფსიქოლოგს. რაც ადრე მიმართავს, მით უკეთესი, რადგან ვმუშაობთ, როგორც ქცევის შეცვლაზე, ასევე ფსიქოლოგიურადაც.
- დიეტას თუ შეიძლება ფსიქოლოგიური კუთხით მივუდგეთ?
- დიეტა იდეალური საშუალებაა წონაში მომატებისთვისაც. ის ფიზიოლოგიურად ორგანიზმისთვის შიმშილის მდგომარეობას ნიშნავს. დღის განმავლობაში არსებობს კონკრეტული რაოდენობა კალორიების, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს. დიეტაზე ყოფნას ხშირად სწორ კვებას უწოდებენ, თუმცა თუ რაციონიდან ერთი პროდუტის ამოღება ხდება, უკვე დიეტაა. ხშირად იღებენ იმ საკვებს, რაც ძალიან უყვართ და მათ გარეშე დიდხანს ვერ ძლებენ. როგორც კი სრულდება დიეტა, მაშინვე იწყებენ ჭამას. დიეტის დროს შიმშილობს ორგანიზმი, ვერ იღებს იმ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება. გამომდინარე იქედან, რომ მთელი ცხოვრება ვერავინ ახერხებს, იყოს დიეტაზე, ერთ დღეს მთავრდება და ადამიანი ნელ-ნელა იწყებს ჭამას. ორგანიზმი ისევ იწყებს კალორიების დაგროვებას. გაუცნობიერებლად, ისიც თავის დაცვისთვის იბრძვის იმიტომ, რომ ელოდება, თუ მსგავსი "შიმშილის" დრო კიდევ ექნება, მარაგი ჰქონდეს. ამიტომაცაა, რომ დიეტის მერე, მატება, როგორც წესი, იმაზე მეტია, ვიდრე თავის დროზე კლება იყო.
- ადამიანები, რომლებაც დაკლება სურთ, ზოგჯერ ვეღარ აკონტროლებენ თავს და ანორექსიამდე მიდიან. რა ფაქტორები მოქმედებს ამ შემთხვევაში მათზე?
- ანორექსიით დაავადებულ ადამიანებს საკუთარი სხეულის მიმართ გამძაფრებული დამოკიდეულება აქვთ. არასდროს აკმაყოფილებთ, მუდმივად აქვთ განცდა, რომ არიან მსუქნები, მაშინაც კი, როცა შეიძლება მათი წონა, ასაკთან შედარებით, ბევრად ნაკლები იყოს. არასდროს მოსწონთ საკუთარი თავი. საკვების მიღებისას, უჩნდებათ დანაშაულის გრძნობა.
- რას ურჩევთ ხოლმე თქვენს პაციენტებს, რომლებაც კვებითი დამოკიდებულება აქვთ?
- ვასწავლი სინამდვილეში რა არის სწორი კვება და როგორ უნდა იკვებონ ბალანსირებულად, რომ ცილებიც, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც იყოს ჩართული. კვება უნდა იყოს რეგულარული, 4 საათში ერთხელ. ამას გარდა, ვეხმარები ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გაცნიბიერებაში. ყველას ვურჩევდი, რომ ეს ემოციები გააცნობიერონ, რომლის მეშვეობითაც იღებენ ზედმეტი რაოდენობის საკვებს. მარტივად, ჰკითხონ საკუთარ თავს, "მე ახლა მშია თუ სხვა რამ მაწუხებს?". ფიზიოლოგიური შიმშილი ემოციურ შიმშილისგან უნდა განასხვაონ.
თამარ იაკობაშვილი