"ჰაერი ისეთ ფილტრს გადის, რომ ვერც ერთი ვირუსი გარეთ ვერ გაძვრება" - რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში და რაში სჭირდება ის საქართველოს - მშობლები

"ჰაერი ისეთ ფილტრს გადის, რომ ვერც ერთი ვირუსი გარეთ ვერ გაძვრება" - რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში და რაში სჭირდება ის საქართველოს

2019-11-11 18:34:10+04:00

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ქართულ-ამერიკული პროექტია, რომლის მშენებლობა 2004 წლიდან დაიწყო, 2013 წელს კი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. ლუგარის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რომლის მიზანია საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და საჭირო ზომების მიღება. გარდა ამისა, ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა მთელ კავკასიაში. ლაბორატორიის დაარსებიდან დღემდე უამრავი მითი არსებობს, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის ნაწილის ცნობიერებაზე.

mshoblebi
ლუგარის ლაბორატორია

რაში სჭირდება საქართველოს ლუგარის ლაბორატორია?

ლუგარის ლაბორატორიაში ქვეყანაში გავრცელებული ვირუსებისა და ბაქტერიების შესწავლა ხდება.

"ლუგარის ცენტრში უნდა გავიგოთ, რა გვჭირს. შეგვიძლია, მუდმივად ვადევნოთ თვალი, რა ხდება ქვეყანაში გადამდები დაავადებების კუთხით. დავაკვირდეთ, რაიმე მიკრობის მატარებელი თაგვი ხომ არ გამოჩნდა, რომ შემდეგ ადამიანზე არ გადავიდეს. ვნახოთ სხვადასხვა სახის კოღო და შევაფასოთ რისკები, რა დაავადებების გადატანა შეუძლიათ მათ და როგორ დავიცვათ თავი, შევისწავლოთ, მაგალითად ტკიპები და რაც მთავარია, ვნახოთ, რა დაავადებებს ატარებენ ადამიანები." - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე.

ლუგარის ლაბორატორიაში სრულადაა შესაძლებელი ვირუსის გენომის დადგენა და რეკომენდაციების მომზადება.

"ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ახალი პლატფორმა, რომელზეც შესაძლებელია ადამიანის გენომის მთლიანი გაშიფვრა, რაც წარმოადგენს პერსონალიზირებული მედიცინის საფუძველს. კლინიკები, სადაც ონკოლოგებს სჭირდებათ მსგავსი ტიპის ტესტირება, პაციენტების ნიმუშებს საზღვარგარეთ აგზავნიდნენ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი აქ გაკეთდეს. გაცილებით იაფი ჯდება, დროის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენს გვაქვს სამეცნიერო პროექტები. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩვენ ვსწავლობთ შავი ზღვის სხვადასხვა დონეზე ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელებას. საქართველოში 500-მდე ვაზის ჯიშია და ვაპირებთ, მათი გენომის გაშიფვრასა და წაკითხვას," - ამბობს გენომის ცენტრის ხელმძღვანელი, ადამ კოტორაშვილი.

ლუგარის ლაბორატორიაში სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სრულიად უსასყიდლოდ კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობა აქვთ და ხშირად მიდიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებისთვის.

გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიაში ევროპიდან, ამერიკიდან და ცენტრალური აზიის ბევრი ქვეყნიდან ყოველწლიურად უამრავი სტუმარი მიდის და ქართველი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მათ.

"აქ წარმოდგენილია საქართველოში არსებული ვირუსების საცავი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ხდებოდა ამ ნიმუშების შეგროვება, ვირუსული და ბაქტერიული პათოგენების საკმაოდ დიდი სიაა. გვაქვს შესაძლებლობა, გენეტიკურად გავშიფროთ და ზუსტად ვიცოდეთ, რა გვაქვს საცავში. ოდესღაც რა ყოფილა ჩვენთან და ახლი შემთხვევა თუ იქნება, შევადაროთ მას და ვთქვათ, ენდემური პათოგენია თუ სხვადასხვა მიზეზით სხვა ქვეყნიდან შემოსული. ადრე ეს ყველაფერი მოსკოვში ხდებოდა, დღეს ჩვენთანაა შესაძლებელი და მგონია, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც რუსეთს ლუგარის არსებობა არ მოსწონს. მეოსახლეობის რაღაც ნაწილი ამას იჯერებს და ჩემთვის ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, რომ კარგი თანამედროვე ლაბორატორია ქვეყნისთვის მავნე იყოს." - ამბობს ადამ კოტორაშვილი.

mshoblebi
ლუგარის ლაბორატორია

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ?

პაატა იმნაძის თქმით, რუსული ტროლების ფაბრიკა აქტიურად მუშაობს დასავლეთის ქვეყნებში იმუნიზაციის საწინააღმდეგოდ და ეს გაკეთებულია იმისათვის, რომ საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანონ.

ყველაზე გავრცელებული მითები ლუგარის ლაბორატორიის შესახებ:

ლუგარის ლაბორატორიაში ქმნიან ხელოვნურ ვირუსებს და ავრცელებენ. "ლაბორატორიაში ყველა ოთახს გამჭირვალე დიდი შუშის ფანჯარა აქვს. ვიდეოკამერებია ყველგან. კუდს ვერ მოიქნევს ვერაფერი და თითს ვერ გაანძრევს ადამიანი, რომ არ დაფიქსირდეს. ამიტომ, გამორიცხულია, რომ აქ ვინმემ ისეთი რამ გააკეთოს, რაც არ შეიძლება, რომ გაკეთდეს. უამრავი უცხოელი მუშაობს, უნივერსიტეტებიდანაც სულ არიან ჩვენთან, შეიძლება საიდუმლო და საშიში რამ ათასი დამსწრის წინაშე აკეთო? გარდა ამისა, შარშან 17 ქვეყნიდან 22 ექსპერტი მოვიწვიეთ და მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ყველაფერი. ჰქონდათ ყველგან შესვლის უფლება და ყველა მაცივრის გამოღების უფლება. ამიტომ მსგავსი მითი, რომ აქ ვიღაც ვირუსებს ქმნის და მერე გარემოში უშვებს, ქვეყნის მიზანმიმართული მტრობაა. ამას აფინანსებს უცხოეთის სპეცსამსახურები." - ამბობს იმნაძე

ლუგარის ლაბორატორია ამერიკელების პროექტია და აქ ბიოლოგიური იარაღის შექმნა ხდება. "მომისმენია, რომ ამერიკელები რატომ აკეთებენ მესამე დონის ლაბორატორიას საქართველოში მაშინ, როცა თავადაც არ აქვთო. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და უცოდინარობა. რომ დაგუგლოთ ამერიკაში მეოთხე დონის 12 მოქმედი ლაბორატორიაა. მესამე დონის კი ათასობითაა. ჩვენ ზუსტად იმავე საქმეს ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებდით 2013 წლამდე ასათიანის ქუჩაზე. უბრალოდ, ჩვენი თანამშრომელი მაშინ დაცული არ იყო. ახლა სპეციალური უსაფრთხოების კაბინეტებში მუშაობს, ხელებს რომ შეყოფს, გარეთ არაფერი გამოდის იმიტომ, რომ იქ სტერილური ჰაერის ფარდაა. იმ ოთახში, სადაც მუშაობს, უარყოფითი წნევაა და კორიდორში ის ჰაერი ვერასდროს გავა. ჰაერი ისეთ სამმაგ ფილტრს გადის, რომ ვერც ერთი ვირუსი გაძვრება. ყველაფერი ისეა დაცული, ოთახიდან ვერაფერი გამოაღწევს." - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

mshoblebi
ლუგარის ლაბორატორია

რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს ადამიანების უნდობლობა ვაქცინებზე?

მოსახლეობის ნაწილი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ მითებს იჯერებს და ზოგჯერ თავს იკავებს ვაქცინაციისაგან.

"ადამიანი აცრის არჩატარების გამო შეიძლება მოკვდეს. ბებიების თაობას შეიძლება ახსოვდეს, როგორ კლავდა ყვავილი. დიფთერია სულ ახლახან მოტრიალდა საქართველოში. სწორედ მან ძალიან ბევრი ადამიანი მოკლა 90-იანი წლების დასაწყისში იმიტომ, რომ იმუნიზაცია ჩავარდა. წითელათი ბოლო 2 წელიწადში 5 ადამიანია მკვდარი. ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეს დაავადებები მომაკვდინებელია. დღეს მსგავსი დაავადებებით აღარ იღუპებიან იმიტომ, რომ იცრებიან. ჩვენ ვაკვირდებით, ვსწავლობთ, რა ვირუსი ცირკულირებს საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რით შეიძლება ვებრძოლოთ მას.“- აღნიშნავს Mshoblebi.ge-სთან საუბრისას პაატა იმნაძე.

ვის შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე?

თუ თანამშრომლები მუშაობის წესებს დაარღვევენ, თავად დაინფიცირდებიან. შემდეგ კი რისკია, რომ ოჯახის წევრებსაც გადასდონ. ამიტომ, ლუგარის ლაბორატორიაში თითოეული თანამშრომელი მკაცრად იცავს უსაფრთხოების წესებს.

რა ხდება მიწისძვრის ან სხვა ბუნებრივი კატასტროფების დროს?

ლუგარის ცენტრში გათვალისწინებულია მიწისძვრის შემთხვევებიც. შენობა ისეა მოწყობილი და დაპროექტებული, რომ მიწისძვრის ან სხვა ბუნებრივი კატასტროფების დროს მას და იქ მიმდინარე კვლევებს საფრთხე არ ემუქრება.

თამარ იაკობაშვილი