სეზონური ინფექციების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი პროდუქტების მიღებას, რაც გააძლიერებს ორგანიზმს. როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვები ფილტვების ანთების დროს, როგორ შეიძლება, რომ კვებით გავუძლიეროთ იმუნიტეტი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვების ავადმყოფობისას, ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია, პედიატრ ივანე ჩხაიძესთან ერთად საუბრობს გადაცემაში "პირადი ექიმი" :
- კვებითა და ბავშვის ორგანიზმის შემზადებით შეიძლება მას ძალიან ბევრი პრობლემა ავარიდოთ თავიდან. კვება შეიძლება გამოვიყენოთ თავად დაავადების პროცესშიც ეფექტური მართვისთვის. ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები "რა დავალევინოთ ბავშვს, რომ იმუნიტეტი გავუძლიეროთ?" ჩვენ გეტყოდით საპირისპიროს, კი არ დაალევინოთ, არამედ აჭამეთ. ყველაზე აქტუალურია, რომ კვება დავაჯგუფოთ სეზონური პროდუქტებით და იმ მიწაზე მოყვანილი პროდუქტებით, რომელიც ენდემურია და მის მიმართ ბავშვს კონკრეტული ფერმენტული მზაობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი წელიწადის ნებისმიერ დროს დაბალანსებულად უნდა იკვებებოდეს. რაც უფრო ფერადია მისი საკვები, მით უკეთესია. როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვებს მივცეთ ცილოვანი კომპონენტი, ვგულისხმობთ იმას, რომ ნებისმიერი ავადობის დროს ბევრ ცილას ვკარგავთ. პატარების ორგანიზმში ეს პროცესი განსაკუთრებით სწრაფად ხდება, თუმცა აღდგენაც სწრაფად ხდება. ამიტომ, უმჯობესია თუ ჩვენ სწორი პროდუქტებით მივეხმარებით. მაგალითად, მშობელთა ნაწილი გვეკითხება, რამდენად გამართლებულია ბულიონის მიღება ავადმყოფობის დროს.
ვერ დავეთანხმები, რომ წითელი ხორცის ბულიონი გამართლებულია. იმიტომ, რომ რთულად გადასამუშავებელია პატარა ბავშვის ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ავადობის პერიოდში, თუ მას უკვე სიცხე აქვს. წითელი ხორცის ნახარში 2/3 ექსტრაქტული ნივთიერებება ანუ ის ნივთიერებები, რომლებიც ხარშვის პროცესში გამოიყოფა.
ახალგაზრდა ფრინველის ხორცის შემთხვევაში, ვიღებთ რამდენიმე კარგ შედეგს. პირველი ის, რომ ბავშვი თხევადი სახით მიირთმევს პროდუქტს, მეორე ის, რომ ადვილად შეთვისებადია ცილა და როდესაც კარგადაა მოხარშული, დაქუცმაცებული სახით, ბავშვს ძალიან წაადგება. ასევე, აღმოჩნდა, რომ ფრინველის ხორცში, განსაკუთრებით ინდაურის ხორცში, ბევრი ტიპტოფანია. ეს ამინომჟავა დაშლის დროს გვაძლევს სეროტონინს და სეროტონინი ორგანიზმის გუნება-განწყობის გაუმჯობესებისათვისაა მნიშვნელოვანი და ეს რეკომენდაცია ძალაში უნდა დავტოვოთ. მეორე გახლავთ ფლორის მოწესრიგება. ბოლო კვლევების თანახმად, მიკრობიომი ანუ ჩვენი ორგანიზმის შიგნით ბაქტერიების, სოკოების არსებობა ერთი მხრივ, გვეხმარება სხვადასხვა ნივთიერების გამომუშავებაში, ისინი მზა სახით გვაწვდიან ვიტამინებს, მაგრამ არის კიდევ ერთი გარემოება. როდესაც ორგანიზმის ფლორაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი არ არის ჩვენი მეგობარი. ის შემოიჭრა და ებრძვის ჩვენსავე ორგანიზმს. ბავშვს სჭირდება საკუთარი ფლორის გაძლიერება და ვიდრე წამლებით დაიწყებთ, მიაქციეთ ყურადღება მისი ნაწლავისა და კანის ფლორის მოწესრიგებას. ამისათვის საჭიროა, რომ ბავშვის კანი, თუნდაც ავადმყოფის, ჩამოვბანოთ, გავასუფთავოთ იმიტომ, რომ ხშირად არის ხოლმე, თუ ბავშვი ავადმყოფობს, აღარ ბანენ. რაც პედიატრების მიერ არ არის წახალისებული. მნიშვნელოვანია ნაწლავური ფლორის მოწესრიგება, განსაკუთრებით თუ ანტიბიოტიკოთერაპია იყო გამოყენებული. ცოცხალი ბაქტერიების აღდგენა, უმნიშვნელოვანესია. ბოლო კვლევების მიხედვით, ბავშვებს პრობლემების გადალახვაში ძალიან ეხმარება D ვიტამინის სათანადო ბალანსი. შეიძლება დიდხანს ვერ ვტოვებთ მათ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ, უნდა მოხდეს საკვებით შევსება. მაგალითად, თუ თევზი არ უყვარს პატარას, ასეთ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, ერთი, რომ არსებობს თევზის პროდუქტები, რომლის მიცემა მზა სახით შეიძლება და მეორე, გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შეიცავს D ვიტამინს. მაგალითად, ღვიძლი, კვერცხის გული, რძის ნაწარმი. ცხადია, უფრო ნაკლები რაოდენობით, ვიდრე თევზი, მაგრამ შეიცავს. ასევე, ზოგიერთი სახეობის სოკოს, რომელიც არა დახურულ, არამედ ღია სივრცეში იზრდება, შეუძლია D ვიტამინის წარმოქმნა სწორედ იმის გამო, რომ მას ნაწილობრივ ცხოველური ბუნება აქვს. მაგრამ, ბავშვის ნაწლავის მდგომარეობისა და ასაკიდან გამომდინარე, პედიატრთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოთ, შეიძლება თუ არა მის რაციონში ჩავრთოთ კონკრეტული პროდუქტები.
ბავშვებს ავადმყოფობის დროს აქვთ ხოლმე სურვილები და მშობლების ანებივრებენ ტკბილეულით, ფუნთუშეულით. თუ არ ჭამენ, აძლევენ პურის ნატეხს თავშესაქცევად - ეს საკმაოდ გავრცელებული საკითხია. ან თუ არასრულად იკვება ბავშვი, კვებასა და კვებას შორის აძლევენ პურს. მნიშვნელოვანია, ამ დროს მშობელს განემარტოს, რომ მწვანე ზონიდან ღირს პროდუქტების არჩევა და აქცენტი არ უნდა გააკეთოს ყვითელ, ანუ ჩამოთვლი პროდუქტების ზონაზე.
ივანე ჩხაიძე, პედიატრი:
- ქათმის ბულიონი, მაწონი და D ვიტამინის შემცველი პროდუქტები ნამდვილად აუცილებელია ფილტვების ანთების დროს. ამ პროდუქტებს დავამატებდი ნიორსა და თაფლს. თაფლს და ნიორსაც გააჩნია ძალიან დიდი როლი რესპირაციული ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ციტრუსები და C ვიტამინი გახლავთ იდეალური შესაძლებლობა დავეხმაროთ ორგანიზმს, გაუმკლავდეს ვირუსულ ინფექციას.