ბოლო რამდენიმე დღეა მშობლები აქტიურად გვწერენ და გამოხატავენ ინტერესს, რაიმე ახალი ნაწლავური ინფექცია ხომ არ გავრცელდა. მათი თქმით, ბავშვებს აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, მუქი ფერის განავალი და ხანდახან - გულისრევაც. ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ინფექციონისტს მაიკო ჯანაშიას მივმართეთ:
- დიდი ხანია მსგავსი სიმპტომებით მოგვმართავენ. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ახალი ნაწლავური ინფექციაა გავრცელებული, უბრალოდ შესაძლოა ინტენსივობა გაიზარდა და მშობლებიც უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას. ასეთია მაგალითად სალმონელა და ის ინფექციები, რომლებიც ჰემოკოლიტით მიმდინარეობს. რაიმე ისეთი ინფექცია, რომელიც ახალია და აქამდე არ შეგვხვედრია, არ არის, უბრალოდ მომართვიანობა შედარებით გაზრდილია. არსებულ ნაწლავურ ინფექციას ახასიათებს მაღალი სიცხე, მუქი ფერის განავალი, ღებინება, მუცლის ტკივილი, ჭინთვები და სხვა მსგავსი სიმპტომები. შესაძლებელია 5-7 დღის განმავლობაში გაგრძელდეს, ამაზე ნაკლებად იშვიათად გრძელდება. ერთეული შემთხვევა შეიძლება გართულდეს და უფრო გახანგრძლივდეს. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ხელების დაბანა და ჯანსაღი საკვების მიღება.
თამარ იაკობაშვილი