ნებისმიერი ტიპის გულყრა ძალიან აღელვებს ადამიანებს, მით უმეტეს, თუ საქმე ბავშვებს ეხებათ. პატარებს სხვადასხვა სახის ვირუსული ინფექციებით ავადობისას არც თუ იშვიათად ემართებათ გულყრა. ამიტომ მშობლებს ხშირად აინტერესებთ, რა არის ეპილეფსიური შეტევა, რა იწვევს მას, რამდენად საშიშია და რა უნდა მოიმოქმედონ პირველადი დახმარებისთვის. სწორედ ამ თემაზე თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნანა გელაძეს გავესაუბრეთ:
- ეპილეფსია თავის ტვინის ორგანული დაავადებაა, რომელსაც მრავალი გართულება ახასიათებს. ეს ეხება კოგნიტურ ანუ გონებრივს, ნეირობიოლოგიურ, მეტყველებისა და ქცევით დარღვევებს. ეპილეფსია 60%- ზე მეტ შემთხვევაში გენეტიკურია. დანარჩენ შემთხვევებში სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს ფეხმძიმობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი სხვადასხვა სახის დაავადება. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ დედას აქვს ეგრეთ წოდებული მუცლადყოფნის ინფექცია როგორიცაა: ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, ჰერპეს ვირუსი. ასევე მძიმე ზიანი თავის ტვინზე შეიძლება გამოიწვიოს წითელას ან წითურას ვირუსმა. მნიშვნელოვანია დედის ენდოკრინული სისტემის მდგომარეობა კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ასევე თუ დედას აქვს შაქრიანი დიაბეტი. ასევე შესაძლებელია თავის ტვინი დაზიანდეს მშობიარობის პერიოდში. ზემოთ ჩამოთვლილი შეიძლება იყოს ახალშობილობის ან ადრეული ასაკის ბავშვებში გულყრის განვითარების მიზეზი.
ეპილეფსიის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ჩვილ ბავშვთა პერიოდში გადატანილი ნეიროინფექციები: მენინგიტი, ენცეფალიტი ან ქალა- ტვინის ტრავმა. ტრავმული ეპილეფსია ყველა ასაკში არსებობს როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულებში. ეპილეფსია უმეტეს წილად, ბავშვთა ასაკში იწყება. ბავშვთა ასაკში არსებობს ისეთი ფორმის ეპილეფსიები, რომლებიც მოზრდილთა ასაკში აღარ გვხვდება. მაგალითად, ფებრილური ანუ სიცხით პროვოცირებული გულყრა, რაც 3 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში აღინიშნება. არის გულყრები, რომლებიც აზიანებს თავის ტვინს და მძიმე ენცეფალოპათიას ანუ ჭკუასუსტობას იწვევს. ასეთია მაგალითად ე.წ. ვესტის სინდრომი, რომლის დროს შესაძლებელია გულყრის რაოდენობა დღეღამეში იყოს 100- ზე მეტი.
ხშირად ისმის ასეთი შეკითხვა: "მე მაქვს ეპილეფსია ან მეუღლეს და რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შვილს არ ჰქონდეს?" სამწუხაროდ, გენეტიკური ეპილეფსიის შემთხვევაში, პრევენცია - ანუ პროფილაქტიკა შეუძლებელია. თუ ბავშვს არ აქვს გულყრა, მას ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება არ ენიშნება, მიუხედავად ოჯახის წევრებში არსებული გულყრებისა. ეპილეფსიის მკურნალობა არ არსებობს რამდენიმე კვირის, თვის ან ერთი- ორი წლის განმავლობაში, მკურნალობა ტარდება მრავალი წლის მანძილზე, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში პაციენტი იძულებულია მიიღოს პრეპარატი.
- რა შემთხვევაში ვითარდება ფებრილური გულყრა?
- ფებრილური გულყრები სწორედ ვირუსული ინფექციის პერიოდში, მაღალი ტემპერატურის დროს, 38 გრადუსზე ზემოთ ვითარდება. ვინაიდან ზამთრის პერიოდში მოიმატა ვირუსულმა ინფექციებმა, შესაძლებელია, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვითი განწყობა, განუვითარდეს ფებრილური გულყრა. ფებრილური გულყრა შეტანილია ეპილეფსიის კლასიფიკაციაში და თითოეული პაციენტი მოითხოვს კვლევას ინდივიდუალურად. უნდა ჩატარდეს სისხლში ელექტროლიტების, გლუკოზის განსაზღვრა და ინფექციის (მაგ. გრიპის) გავლის შემდგომ ჩატარდეს ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა. მხოლოდ მაშინ დგინდება საჭიროებს თუ არა პაციენტი ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ თერაპიას.
ეპილეფსიის უამრავი ფორმა არსებობს, რომელიც მიმდინარეობს ან ხანგრძლივი ან ხანმოკლე ცნობიერების გათიშვით, მზერის წამიერი "გაშტერებით“ ან ცნობიერების დაკარგვის გარეშე.
- კონკრეტულად რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა და როდის უნდა წაიყვანოს ნევროლოგთან ბავშვი?
- ცნობიერების გათიშვის ყოველი ფაქტი დაფიქსირებული უნდა იყოს. ბოლო დროს ზოგიერთ მშობელს მობილურით გადაღებული მოაქვს ესეთი შეტევა და ეს ძალიან გვეხმარება წინასწარ დიაგნოსტიკაში. ვინაიდან უფრო ხშირად გულყრა ვითარდება ბაღში, სკოლაში, სახლში ან სხვა ადგილას ეპილეფსიის ზუსტი ფორმის დადგენა ძნელია შესაბამისი კვლევის გარეშე. მშობელმა პირველივე გულყრის შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს.
- რამდენი ხნით ტარდება ეპილეფსიის თერაპია და რის საფუძველზე დგინდება წამლის მოხსნა?
- ეს ინდივიდუალურია და ამას წყვეტს მხოლოდ ნევროლოგი. თუ ბავშვს მძიმე ნევროლოგიური პათოლოგია აქვს, მაგალითად ცერებრული დამბლა, ოლიგოფრენია ან ჰიდროცეფალია, სხვადასხვა მენტალური ჩამორჩენა, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უფრო ხანგრძლივია. მაგრამ, ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის თანამედროვე პროტოკოლის თანახმად, არანაკლებ 3- 4 წელი უნდა გავიდეს ბოლო გულყრიდან, გულყრის გარეშე და ელექტროენცეფალოგრამაზე აღარ უნდა ფიქსირდებოდეს ეპილეფსიური განწყობა.რაც შეეხება მოზრილ ასაკში დაწყებული ეპილეფსიას იგი ბევრად ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.
- რა იწვევს მოზრდილ ასაკში ეპილეფსიის განვითარებას?
- სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს მოზრდილ ასაკში ეპილეფსიური შეტევები. მაგალითად: თავის ტვინის რომელიმე სტრუქტურის დისგენეზია, ქალა- ტვინის ტრავმამ, გადატანილმა ნეიროინფექციამ, იშემიური ან ჰემორაგიულიინსულტის შედეგად და სხვ.
- კონკრეტულ პრეპარატს თუ შეუძლია ეპილეფსიური შეტევის პროვოცირება?
- ეპილეფსიის პროვოცირება შეიძლება მრავალი ფაქტორით მოხდეს, მაგალითად ძილის დარღვევა, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური დატვირთვა, ენერგეტიკულმა სასმელების მიღებით და სხვ. ყველა პედიატრმა, რომელიც მუშაობს ბავშვებთან იცის რა გვერდითი ეფექტები აქვს ამათუიმ პრეპარატს.
- რომელ ასაკში ვლინდება ყველაზე ხშირად ეპილეფსია?
- უმეტესწილად ეპილეფსია იწყება ბავშვთა ასაკში, მაგრამ მოზარდებში და ზრდასრულებშიც არაიშვიათია და ამიტომ, ყველა შემთხვევა ცნობიერების ხანმოკლე ან ხანგრძლივი გათიშვით სერიოზულ ნევროლოგიურ დაკვირვებას მოითხოვს.
- საშუალოდ, რამდენ ხანს გრძელდება შეტევა?
- ეს ინდივიდუალურია. ზოგჯერ შეიძლება წამები გრძელდებოდეს ან რამოდენიმე წუთი. რიგ შემთხვევაში 10- 15 წუთი გრძელდება ასეთ შემთხვევაში ბავშვი სასწრაფოდ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
- რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა პირველადი დახმარებისთვის?
- სამწუხაროდ დღემდე მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ გულყრის დროს საჭიროა ენის დაჭერა, რის გამოც მშობელი ხელით ან კოვზის საშუალებით ნაძალადევად ხსნის კრიჭას, რასაც მოყვება პირის ღრუს ტრავმატიზმი, ზოგჯერ ინფექციის შეტანა პირის ღრუში - სტომატიტის სახით. ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ერთადერთი რაც ექიმის (სასწრაფოს) მოსვლამდე შეიძლება, რომ გააკეთოს მშობელმა ეს არის ბავშვის თავის გვერდზე მოტრიალება, რათა პირის შიგთავსი ანუ ნერწყვი გამოვიდეს გარეთ და არ მოხდეს მისი ასპირაცია.
თამარ იაკობაშვილი