ზამთარში მშობელთა ნაწილს ბავშვები ზამთრის კურორტებზე მიჰყავთ იმ მიზეზით, რომ თოვლიანი გარემო იმუნიტეტის ამაღლებს ხელს შეუწყობს. სწორია თუ არა მსგავსი მიდგომა, სად უმჯობესია ბავშვის წაყვანა ზამთარში და რა უნდა გაითვალისწინონ იმ მშობლებმა, რომლებსაც ქალაქიდან ვერ გაჰყავთ ბავშვები, მედიცინის აკადამიური დოქტორი, ექიმი-კურორტოლოგი, თერაპევტი, მანანა ტაბიძე გვესაუბრება:
- სადაც იქნება სუფთა ჰაერი და თოვლი, ყველგან კარგია ბავშვის წაყვანა. დიდი სხვაობა არ არის, მაგალითად ბაკურიანში წაიყვანთ თუ სხვაგან, მთის ფიზიოლოგიური მოქმედება ბავშვის ორგანიზმზე ერთი და იგივეა. სწორედ ეს პირობები უწყობს მისი იმუნიტეტის ზრდას ხელს და დაცულია სვხადასხვა ინფექციისაგან. კურორტი ყველასთვის საჭიროა, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. დასვენება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი პირობაა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მისმა ორგანიზმმა ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვისგან დაისვენოს. სასიცოცხლო ძალების აღდგენისთვის მნიშვნელოვანია. ყველა სოფელი, სადაც სუფთა წყალია, ჰაერი, მდინარე, მინერალური წყალი ან წყაროების, თავისთავად კურორტად შეიძლება ჩაითვალოს.
მთის კურორტები აუცილებელია ბავშვთა მკურნალობისთვის. ზღვის და მთის კურორტებს სულ სხვადასხვა მოქმედება აქვს ადამიანის ორგანიზმზე. მთის კურორტებისთვის, ძირითადად, დამახასიათებელია სუფთა ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, ჟანგბადის პარციალური წნევის მაღალი მაჩვენებლები, რაც მოქმედებს სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აძლიერებს სისხლბადი ორგანოების ფუნქციას. ძლიერდება ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება, რაც ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებას იწვევს. ამიტომაც ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც მთის კურორტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თამარ იაკობაშვილი