დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ურჩევს. ჩვენი მკითხველების დიდი ნაწილი გვწერდა, რომ ელოდნენ ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემოსვლას ასაცრელად. დავინტერესდით, სად შეიძლება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შეძენა და რა ღირს.
პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა არ აქვთ. არც შემოტანის შესახებ აქვთ ინფორმაცია. თუმცა, განაცხადეს, რომ ვაქცინის ფასი 60 ლარი იყო.
საქართველოში გრიპის ვაქცინის ერთ-ერთი შემომტანი "ჯიპისია", თუმცა ამჟამად არც მათ სააფთიაქო ქსელშია ვაქცინა. ექსპრეს კლინიკებში გაზრდილი მიმართვიანობის გამო, მარაგი ამოწურულია და ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, როდის შემოიტანენ. ადგილზე მომსახურებით კი 45 ლარი ღირდა.
კიდევ რამდენიმე სააფთიაქო ქსელში განაცხადეს, რომ გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა არ აქვთ.
შეგახსენებთ, სამკომპონენტიანი ვაქცინის ფასი 35 ლარი იყო...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განსაკუთრებით იმ ადამიანებს აძლევს ვაქცინის გაკეთების რეკომენდაციას, ვინც რისკჯგუფში იმყოფებიან. ესენი არიან:
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი; დიალიზზე მყოფი პაციენტები; C ჰეპატიტითა და აივ ინფიცირებული პირები; სამედიცინო პერსონალი; სხვა სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული ჯგუფები; ორსულები ნებისმიერ ტრიმესტრში. სახელმწიფო მათ უფასოდ აცრის.
თამარ იაკობაშვილი