მენინგიტის ახალი შემთხვევა სკოლაში - არიან თუ არა რისკის ქვეშ თანაკლასელები
მენინგიტის ახალი შემთხვევა სკოლაში - არიან თუ არა რისკის ქვეშ თანაკლასელები
თბილისის 92-ე საჯარო სკოლაში ვირუსული მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა. მეოთხე კლასის მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სკოლის მოსწავლეების მშობლები ბავშვების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებენ. რამდენად სარისკოა ეს შემთხვევა სხვა მოსწავლეებისთვის, ამ შეკითხვით ისნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დავუკავშირდით:

"ეს იყო ვირუსული მენინგიტი. მიუხედავად ამისა, ყველანაირი სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძება გატარდა. ეს არ არის ბაქტერიული მენინგიტი და ჩვენი ინფორმაციით, ერთი შემთხვევის გარდა, სხვა შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ბავშვის თანაკლასელების განაგრძობენ
ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას და საავადმყოფოში არც ერთი მათგანი არ გადაუყვანიათ. სკოლასაც პერიოდულად ვეხმიანებით და საშიში არაფერია. თანაკლასელები არანაირი რისკის ქვეშ არ არიან. შენობას ორჯერ ჩაუტარეს სრული დეზინფექცია. მიმდინარეობს მეთვალყურეობა კლასის ბავშვებზე და თუ რაიმე სიმპტომები შენიშნეს, მიმართავენ ექიმს. ბავშვის გამოჯანმრთელებისა და სკოლაში დაბრუნების შემდეგაც არანაირი საფრთხე არ არსებობს" - ამბობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ვირუსული მენინგიტების ყველაზე ხშირი გამომწვევია ენტეროვირუსები (55-90%) , რომლებიც
გვხვდება უხშირესად ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე და უპირატესად ბავშვებში. ინკუბაციის
პერიოდი გრძელდება 7-10 დღე. 1000 ინფიცირებულიდან მენინგიტი უვითარდება მხოლოდ
ერთს. ვირუსის გამოყოფა გარემოში გრძელდება გამოჯანმრთელების შემდეგ რამოდენიმე
კვირის განმავლობაში. 

მწვავე ვირუსული მენინგიტი საეჭვოა, თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება, თავის ტკივილი,
გულისრევა/ღებინება, კეფის კუნთების
რიგიდობა. დამატებით შესაძლოა გამოვლინდეს
ფოტოფობია, კერნიგის ნიშანი, ბრუძინსკის ნიშანი, გამონაყარი (დამოკიდებულია გამომწვევ
აგენტზე), მუცლის ტკივილი, დიარეა ან ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები. ზოგჯერ
ვლინდება მსუბუქი ძილიანობა, მაგრამ ცნობიერების ღრმა დათრგუნვა სტუპორის, კომის
სახით ვირუსულ მენინგიტს არ ახასიათებს, ისევე როგორც ფოკალური ნევროლოგიური
ნიშნები ან კრუნჩხვა, რაც მიგვანიშნებს ენცეფალიტის ან სხვა ალტერნატიული პათოლოგიის
არსებობაზე.
ვირუსული მენინგიტი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად მიმდინარეობს არასპეციფიური
ნიშნებით: ცხელება (ყოველთვის არ არის), გულისრევა/ღებინება, ძილიანობა, ფსიქომოტორული აგზნება, უმადობა, რესპირატორული სიმპტომები და ნიშნები ან სუნთქვის
გაძნელება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყელის ტკივილი, ან ყურის, ცხვირის და ყელის სხვა
სიმპტომები.

ტეგები: მენინგიტი
17120
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
2
როგორ დეზინპეკციას გულისხმობთ?
20:50 / 04-12-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?