საქართველოში ყველის დამზადება ირანული რძისგან დაიწყეს: "ასე უფრო მომგებიანია ბევრი კომპანიისათვის"
საქართველოში ყველის დამზადება ირანული რძისგან დაიწყეს: "ასე უფრო მომგებიანია ბევრი კომპანიისათვის"
"ირანიდან რძე ნედლეულის სახით შემოდის, რომელიც წყლის დასხმის შედეგად სხვადასხვა მასად გარდაიქმნება"- რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ირანიდან შემოსული რძე

სოციალურ ქსელში "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი საქართველოში ირანიდან შემოსული რძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ გაურკვეველი შემადგენლობის მასისგან საქართველოში ყველს ამზადებენ:

"მოკლედ ასეთი ამბებია მეგობრებო! ბოლო დროს ირანიდან შემოდის შესქელებული მაღალცხიმიანი რძე, რომელზეც აქტიურად გადავიდნენ ჩვენი გადამამუშავებელი საწარმოები, განსაკუთრებით დიდი კომპანიები. მისგან ყველაზე სარფიანად მზადდება ყველი. დაახლოებით 30%-ით მეტ მოგებას
იღებენ. საინტერესო ისაა, რომ არავინ არ იცის  მისი რეალური შემცველობა ან რამდენად სანდოა ის წარმოშობის სერტიფიკატი, რაც მოყვება, ან რამდენად გამართლებულია ამ მასისგან მიღებულ პროდუქტს საღი რძისგან მიღებული დაეწეროს, არის თუ არა ეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და სხვა. მოკლედ, სადღაც უკან მივდივართ! ამასობაში დღე და ღამე გასწორებული რომ აქვთ, იმ ფერმერების რძეს ჩალის ფასი დაედო, მსხვილი ფერმერებისთვისაც კი აღარ არის რენტაბელური რძის წარმოება. გადამამუშავებლებს გაიოლებული საქმის ფონზე სულაც აღარ უნდათ თავის ატკიება და ფერმერებს დასვენებას ურჩევენ. გვინდა და თუ არა ქვეყანაში რძე? რა პოლიტიკა გვაქვს და რას ვუპირებთ დარგს?! ადგილობრივი ბაზრის დაცვის მექანიზმებზე რომ ვართ დადუმებულები, ესეც იმ თემის გაგრძელებაა" - წერს ის
საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.

დავინტერესდით, უშუალოდ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი წარმოების რძის პროდუქტი და რატომ გახდა ასეთი პოპულარული ქართული კომპანიებისთვის:

- მუდმივად მაქვს შეხება მეწარმეებთან და ფერმერებთან და ვიცი, ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ტენდენციის შესახებ. ირანიდან რძე ნედლეულის სახით შემოდის, რომელიც წყლის დასხმის შედეგად სხვადასხვა მასად გარდაიქმნება. კონკრეტულად ამ მასით, ყველაზე კარგად ყველი გამოდის. თუმცა, არ ვიცით მისი შემცველობა და არც ის ვიცით, საერთოდ, რა პროდუქტთან გვაქვს საქმე. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. ქართველი ფერმერები რძის რეალიზებას ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ ეს არის მასა, რომელიც გადამამუშავებელ საწარმოს 30 %-ით უიაფებს ყოველდღიურ პროდუქტზე წარმოებას. მეწარმეს, რომელიც აწარმოებდა პროდუქციას ნედლი რძისგან, ჰქონდა უფრო მეტი პრობლემები. პირველ რიგში, რძე უნდა ყოფილიყო გამოკვლეული, რეგულაციების მიხედვით. ასევე, რძეში უფრო მეტი ფასი უნდა გადაეხადა, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში უწევს. ამ შემთხვევაში უკვე გამზადებულია, ტექნიკურ რეგლამენტს არ არღვევს იმიტომ, რომ არ იყენებს პალმის ზეთს. ეს აწერია და მოჰყვება შესაბამისი სერთიფიკატიც. მწარმოებლისთვის ასე პროცესი უფრო გამარტივებულია და ამ გზით 25-30%-ით მეტ მოგებას იღებს. უფრო მომგებიანია ბევრი დიდი, საქართველოში ცნობილი კომპანიისათვის. ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ხდება. ირანში არ არსებობს ევროკავშის მიერ დადგენილი რეგულაციები, ხარისხისა და კორუფციის პრობლემაა, რაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იქედან შემოსული ნედლეულის სარგებლიანობას."- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.

რუსუდან გიგაშვილის მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი სურსათის ეროვნული სააგენტო იყო, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს შემოწმება და ჯერ დასკვნა ცნობილი არ არის.

რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმი, პედიატრ, ეკა უბერს მივმართეთ:
-ბავშვებისთვის რძის პროდუქტების მიღება აუცილებელია. პირველ რიგში, მასში შემავალი კალციუმი ჯანსაღი ძვლებისა და კბილების აუცილებელი პირობაა. თუმცა, მნიშვნელოვანია, მიიღონ ნატურალური რძის ნაწარმი და არა იმ ფხვნილისგან დამზადებული, რომელსაც სხვადასხვა ქიმიური დანამატი აქვს. აუცილებელია ყველა პროდუქტს ეწეროს, რომელია რძის ფხვნილისგან დამზადებული და რომელი ნატურალური რძისგან, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს."

აქვე დავინდეტერსით, რომელი ტიპის ყველი უფრო სასარგებლოა ბავშვისთვის, იმერული თუ სულგუნი. პედიატრის განმარტებით, რადგანაც სულგუნი თერმული დამუშავების ანუ ხარშვის შედეგად მზადდება, ის უფრო უსაფრთხოა. თუმცა, მას, იმერულ ყველთან შედარებით, უფრო მეტი ცხიმიანობა აქვს.

თამარ იაკობაშვილი

3527
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
განდეგილი
0
ისტორიულად ირანი და თურქეთი ხმლით გვებრძოდა ჩვენი ტერიტორიების დასაუფლებლად. ბრძოლა გრძელდება, მხოლოდ ახლა ხმალი მოწამლულმა პროდუქტებმა შეცვალა, რასაც ასე წარმატებულად იყენებს ორივე ქვეყანა. გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ი თ ხ ა ლ ხ ო !!!!
13:22 / 07-01-2020
nino
0
რა გვეშველება, პატრონი არ გვყავს, ვისაც რა უნდა ის შემოაქვს ამ ქვეყანაში, ისევ ეგ გაბუდაყებული მთავრობაა, ვითომ ბიზნესმენები. ჩვენი პროდუქტი აღარავის უნდა, მაგ იაფით კონკურენციას უწევენ. მერე ყოველ დღე ათასი უბედურება და ფულის გროვება ამდენი დაავადებულისთვის. საკვების დანამატებს ბევრი რამის დაზიანება შეუძლია ჩვენს ორგანიზმში.
16:05 / 09-12-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი