ფიგურული სრიალი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაა. მისით უამრავი ადამიანია დაინტერესებული. გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებასა და გაკაჟებას, ფიგურული სრიალით ბევრი დაავადების განკურნება შეიძლება. კონკრეტულად, რატომ არის მნიშვნელოვანი ფიგურული სრიალი ბავშვებისთვის და რა ასაკიდან შეუძლიათ ვარჯიშის დაწყება, მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის მწვრთნელი მზია ჩიტაძე საუბრობს:
- პირველ რიგში, ფიგურული სრიალი ძალიან კარგია ალერგიული ბრონქიტისთვის, გაციებისა და ვირუსების დასამარცხებლად იმიტომ, რომ მოედანზე ისეთი მიკროკლიმატი დგება, პრაქტიკულად ბაქტერიები არ არსებობს. ბავშვებს უვითარდებათ კოორდინაციის უნარი, ჩართულია ბალეტი, ვითარდებიან მუსიკალურად, შეხება აქვთ კლასიკურ მუსიკასთან, მნიშვნელოვანია ესთეტიური მხარეც, რაც ძალიან კარგად აისახება თითოეულ ბავშვზე.
- რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ფიგურულ სრიალზე მიყვანა?
- 4 წლიდან უკვე შესაძლებელია მოყვანა და მოედანზე დაყენება.
- როგორ შეიძება მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი უკვე მზადაა ფიგურული სრიალისთვის?
- თითოეულ ბავშვთან მიდგომა ინდივიდუალურია. მშობელს შეუძლია მოიყვანოს ბავშვი და უკვე აქ მოსულს რადიკალურად ეტყობა, არის თუ არა მზად. ზოგჯერ ბავშვებს დადგომის შიში აქვთ, ზოგს აქვს ილუზია და ჰგონია, რომ გასრიალდება, ამ დროს კი ჯერ ვერ სრიალებს და პროტესტი უჩნდება. როცა ფსიქოლოგიურადაა მზად და კომუნიკაბელურია, მაშინ შეიძლება, რომ მოიყვანონ.
- ვიდრე ვარჯიშს დაიწყებენ, წინასწარ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ?
- აუცილებლად. ჯანმრთელობის ცნობის გარეშე ბავშვებს არ ვიყვანთ. უნდა გამოვიკვლიოთ, ხომ არ აქვს გულის მანკი, ორთოპედიული პრობლემა, სქოლიოზი. არსებობს სქოლიოზისა და ორთოპედიული პრობლემების ისეთი ფორმები, რომლის დროსაც ვარჯიში დასაშვებია. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რა დონეზე აქვს ბავშვს პრობლემა. ამიტომ, ექიმის რეკომენდაციით უნდა მიიღოს მშობელმა გადაწყვეტილება, ატარებს თუ არა ფიგურულ სრიალზე.
- რა რისკს შეიცავს ეს სპორტი?
- ამ კითხვას ხშირად სვამენ მშობლები. რომ წარმოვიდგინოთ, რისკია ისიც, როცა ბავშვი გარეთ გაგვყავს და მოულოდნელად ფეხი გადაუტრიალდება და დაეცემა. ფაქტობრივად, რისკს შეიძლება 20% მოემატოს. მწვრთნელი დგას და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობენ ბავშვები.
- ასაკობრივი ჯგუფები გამოყოფილია?
- რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, 10 წლის ბავშვი დააყენო 5 წლის ბავშვთან. სწორედ ამ დროს ხდება ტრავმები. ამიტომ, ეს ყველაფერი კარგადაა დალაგებული ჩვენთან. თუ ჯგუფში 20-ზე მეტი მოსწავლეა, 2 მწვრთნელი ავარჯიშებს მათ.
- არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა ფიგურული სრიალისთვის?
- ეგეთი რამ არ არსებობს. ევროპასა და ამერიკაში სამოყვარულო დონეზე უამრავი შეჯიბრი ტარდება 50 წლის ზემოთ.
- გადასახადი რამდენია?
- თუ კვირაში 2-ჯერ დაჰყავთ, თვეში 80 ლარია, ხოლო კვირაში 3-ჯერ მეცადინეობა 90 ლარი ღირს. აბსოლუტურად ყველა მშობელს ვურჩევ, რომ ატარონ ბავშვები ფიგურულ სრიალზე. მშობლის პოზიციიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ რადიკალურ ცვლილებას დაინახავენ. ჩემს შვილს ცრუ კრუპი და ალერგიული ბრონქიტი ჰქონდა, ისეთი შედეგი ვნახე მას შემდეგ, რაც ფიგურულ სრიალზე შემოვიყვანე, თავადაც გაოგნებული ვიყავი. ცნობილ ექიმებსაც დაჰყავთ თავიანთი შვილები, აქედანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა.
თამარ იაკობაშვილი