თუ არასრულწლოვანი მოწევს აკრძალულ ადგილას, მშობელი 100-დან 300 ლარამდე ჯარიმას გადაიხდის - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმე თამბაქოს კვამლით გაწუხებთ
თუ არასრულწლოვანი მოწევს აკრძალულ ადგილას, მშობელი 100-დან 300 ლარამდე ჯარიმას გადაიხდის - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმე თამბაქოს კვამლით გაწუხებთ
"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის შესაბამისად, თამბაქოს მოწევა დახურულ სივრცეში იკრძალება და იწვევს ჯარიმას არა მხოლოდ მწეველის მიმართ, არამედ შესაბამისი ობიექტებისთვისაც. თუმცა, ბევრი ადამიანი კანონს და სხვა ადამიანების უფლებებს არღვევს და მაინც ეწევა დახურულ სივრცეში. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვხედავთ, რომ დახურულ სივრცეში ეწევიან და რა პირობების დაცვა ევალებათ დაწესებულებებს, "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე საუბრობს:

- მნიშვნელოვანია, რომ მწეველთან კონფლიქტში არ შევიდნენ. პირველ რიგში, შეუძლიათ დაწესებულების მენეჯმენტს მიმართოს. მაგალითად, თუ აფიქსირებენ, რომ რესტორანში ეწევა ვინმე, უნდა შეატყობინონ მენეჯერს, ხოლო
თუ მისი მხრიდან არ ხდება რეაგირება, გამოუძახონ პატრულს. ყველაზე ოპტიმალური საშუალება 112-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებაა. მარტივი პროგრამაა და ჩატის რეჟიმი აქვს. თუ ადამიანს არ უნდა, რომ ისმოდეს მისი ხმა, შესაძლებელია კოორდინატების გადაცემა და სიტუაციის აღწერა ჩატის რეჟიმის გამოყენებით.
mshoblebi
ასევე, ადამიანს შეუძლია, მოითხოვის ანონიმურობა. ამ შემთხვევაში, ადგილზე მივა პატრული და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას. სასურველია, თუ განმცხადებელს ფაქტი გადაღებული ექნება. 112-ს გადასცემს ინფორმაციას, რომ შემთხვევა გადაღებული აქვს და შემდეგ პოლიციელის ვაიბერზე გადააგზავნის ვიდეოს, რაც კონკრეტული ობიექტისა და ფიზიკური პირის დაჯარიმების საფუძველი გახდება. თუ ადგილზე მისულმა პატრულმა ვერ დააფიქსირა შემთხვევა, გამოდის, რომ რეაგირებას ვერ მოახდენენ. ამიტომ, სასურველია ფაქტი გადაღებული გვქონდეს.

- რა სანქციები მოქმედებს იმ
შემთხვევაში, თუ ფაქტი დადასტურდება?

- პირველ შემთხვევაზე იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებისას 1000 ლარია და მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაზე, ერთი წლის განმავლობაში, 2000-2000 ლარი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, პირველ შემთხვევაში მათზე ჯარიმა 100 ლარია, განმეორებისას 200 ლარი, მესამე და ყოველ მომდევნო ფაქტზე 300-300ლარია ჯარიმა. თუ არასრულწლოვანი მოწევს იქ, სადაც მოწევა აკრძალულია, ამ შემთხვევაში მშობელს ან მეურვეს ეკისრება პასუხისმგებლობა. ჯარიმა იმავე რაოდენობითაა.

mshoblebi

- თუ პატრული გამოიძახეს, მაგრამ ის პირი, რომელიც დახურულ სივრცეში ეწეოდა, უკვე წავიდა კონკრეტული ადგილიდან და განმცხადებელს ფაქტი არც მობილურით აქვს გადაღებული, გამოდის, რომ პატრულს ადგილზე არამიზნობრივად მივიყვანთ.

- დარღვევა დახურულ სივრცეში მხოლოდ მწეველის არსებობა არაა. დაწესებულებას თვალსაჩინო ადგილას, კართან უნდა ჰქონდეს მოწევის ამკრძალავი ნიშანი, ცხელი ხაზის ნომრით. ასევე, თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული მოწევის აკრძალვის წესები. შენობაში არ უნდა იყოს ნამწვი - ე.წ. ბიჩოკი, ფერფლი ან კვამლი, არ უნდა იყოს გამოდებული საფერფლე ან ჩილიმი. ერთი რომელიმე მათგანიც თუ არის ობიექტზე, ეს ნიშნავს, რომ იგივე მუხლით მოხდება გასამართლება. საჯარიმო სანქცია იგივეა. თუმცა, ჯარიმების შეკრებითობის პრინციპი არ მოქმედებს. მაგალითად, თუ ობიექტზე ნამწვიც აღმოაჩინეს და მწეველიც, მხოლოდ 500 ლარს იხდიან. რაც შეეხება ფიზიკურ პირს, რამდენი ინდივიდიც ეწევა, იმდენს დაეკისრება ჯარიმა.

- რამდენად ხშირად აცხადებენ ადამიანები მწეველების ან კონკრეტული ობიექტების შესახებ?

- სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად. სამოქალაქო აქტივობა, ამ თვალსაზრისით, ძალიან სუსტია. ეს არ არის სირცხვილი იმიტომ, რომ ადამიანი ადამიანზე რომ ძალადობს, ხომ ვიძახებთ პატრულს? აქაც, თითქმის იგივე სიტუაციაა. კვამლი იმ წუთში არ გკლავს, მაგრამ რეალურად სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ეს არის ჩვენი უფლებაც და მოვალეობაც. ჩვენს საზოგადოებაში ეს საკითხი სტიგმატიზებულია და პოლიციის გამოძახება ესირცხვილებათ. დარღვევებზე ჩვენვე თუ არ მოვახდინეთ რეაგირება, ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის თანამონაწილეები ვართ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს კანონი ჩვენთვისაა. ხშირია დარღვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. მგზავრს აწუხებს, თუმცა ხმას არ იღებს. გადაუღოს ვიდეო, დააფიქსიროს სატრანსპორტო საშუალება და გადასცეს ან მერიის სამსახურს ან 112-ს. გარდა ამისა, შეუძლიათ მოგვმართონ ფეისბუკ გვერდზე "თამბაქოს მოხმარების პრევენცია" და "ნუ მაბოლებ". ასეთი მომართვის საფუძველზე ბევრი ობიექტი დაგვიჯარიმებია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის აღქმის უნარი, რომ ეს კანონი მათთვისაა და თავადაც რაღაც უნდა გააკეთონ მისი დაცვისთვის.

თამარ იაკობაშვილი

402
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ეკა
1
სერიოზულად გეკითხებით,როგორ მოვიქცე ,ჩემი მამამთილი ეწევა სახლში,ოდნავადაც არ ერიდება ბავშვებს,რა შემიძლია რომ გავაკეთო?
15:15 / 13-12-2019
მსგავსი სიახლეები