მშობლები ხშირად საუბრობენ ბავშვების გადაღლილობასა და სისუსტეზე. თუმცა, ნებისმიერ სიმპტომს თავისი მიზეზი აქვს. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა პედიატრმა, თსსუ პროფესორმა, ყარამან ფაღავამ გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონია". მან ასევე პასუხი გასცა, აქტუალურ კითხვებს, რომლებიც მშობლებს ხშირად აწუხებთ:
- სისუსტე, ადვილად დაღლილობა, გარკვეულ წილად დეპრესიაც, ეს გახლავთ ჩვენი საუკუნის სენი და, სამწუხაროდ, თანდათანობით მატულობს მისი სიხშირე ბავშვებში. მაგალითად, არსებობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. წინათ გვეგონა, რომ ეს იყო უფროსი ადამიანების დაავადება, ახალმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ მოზარდებში, 10-დან 19 წლამდე, დაახლოებით 2-6 პროცენტს აქვს ადვილად დაღლილობის სინდრომი ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. უფრო პატარებსაც აქვთ, მაგრამ ნაკლებადაა გამოხატული. საერთო სისუსტე ძალიან ხშირია. სიტყვა "დავიღალე" ბავშვებისთვის არ არის დამახასიათებელი. ბავშვი რომ იტყვის "დავიღალე" ან ოჯახის წევრისგან ესმის ან მართლა პრობლემა აქვს. თუ ბავშვი იტყვის "დავიღალე", მშობელი ფხიზლად უნდა იყოს. საერთო სისუსტე, ადვილად დაღლილობა, ძილის დარღვევები, ჩივილები - რა თქმა უნდა, საყურადღებოა.
- რისი ნიღაბი შეიძლება იყოს სისუსტე, რა შეიძლება დაგვემალოს სისუსტის უკან?
- ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. როდესაც საერთო სისუსტე, ადვილად დაღლილობა გვაქვს, უნდა გამოვიკვლიოთ და გამოვრიცხოთ სომატური დაავადებები. სისუსტე შეიძლება ანემიამ, ნებისმიერმა ქრონიკულმა დაავადებამ, ვირუსულმა ინფექციებმა, ენდოკრინულმა დაავადებებმა გამოიწვიოს. ასევე, მინდა ვთქვა ცელიაკიის შესახებ. ცელიაკია ესაა ხორბლის ცილის აუტანლობა და წინათ ეს უიშვიათესობად მიგვაჩნდა, თუმცა დღესდღეობით დადგინდა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტს აქვს. ცელიაკიის შემთხვევაში მონელებაა შეფერხებული. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე სტრესი. ცოტა ხნის წინ ბავშვი მომიყვანეს და მითხრეს, სულ შეწუხებულიაო. გამოვკითხე და გავარკვიე, რომ დედა აქ არ ჰყავს, მამაც არ ჰყავს, არც ბაბუა, ბებიასთანაა მხოლოდ. ადამიანს სრული სოციუმი სჭირდება ბედნიერებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ამანაც გამოიწვიოს სისუსტე ბავშვებში. ახლა აქტიურად საუბრობენ კომპიუტერსა და ტელეფონზე. თანამედროვე ახალგაზრდას ამის გარეშე ვერ დატოვებთ. ზოგიერთი ძალიან საინტერესო და კრეატიული თამაშია, მაგრამ ყველაფერს თავის ვადა აქვს.
- ინტენსიური ფიზიკური აქტივობა შეიძლება თუ არა გახდეს ბავშვის სისუსტეზე ჩივილის მიზეზი?
- რასაკვირველია, შეიძლება. თუ ბავშვი ვარჯიშობს და იმის შემდეგ ცოტა დაღლილია, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მაგრამ, თუ ვარჯიშის გამო, სულ გადაღლილია და აღარ შეუძლია, ესე იგი ზედმეტად ვავარჯიშებთ. თუმცა, მაინც გამოკვლევაა საჭირო. ხომ არ არის გულის დაავადება და შეუსაბამოა კონკრეტული ვარჯიშები მისთვის. ზოგადად, როდესაც სპორტზე მიგყავთ, აუცილებელია გულის კარგი გამოკვლევა.
- ძილის დარღვევა შესაძლოა თუ არა გახდეს ბავშვებში სისუსტის ნიშანი, ასაკის მიუხედავად?
- ძილის დარღვევა იწვევს სისუსტეს, ადვილად დაღლილობას. ადვილად დაღლილობის სინდრომისთვის კი დამახასიათებელია ძილის დარღვევები. ამას უდაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. აქაც ჩემს აზრს მოგახსენებთ, ვცდილობ წამლების მინიმალური რაოდენობით დანიშვნას. ძილის საუკეთესო წამალი ცივი ჰაერია. გარკვეული ფიზიოლოგიური დაღლილობაცაა საჭირო. ძალიან კარგია, თუ არის ამის შესაძლებლობა, და ძილის წინ ბავშვს გავასეირნებთ.
- ხერხემლის გამრუდება შეიძლება თუ არა დაკავშირებული იყოს კალციუმისა და D ვიტამინის ცვლასთან და ჰემოგლობინის მაჩვენებელი არის თუ არა ერთადერთი პარამეტრი სამსჯელოდ, არის თუ არა სისხლნაკლებობა?
- საართველოში D ვიტამინის დეფიციტის ეპიდემიაა. ძალიან ხშირად დაქვეითებულია. თითქოს მზიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ მაინც, როგორც ჩანს, არ ჰყოფნის მზე. აქვე ვიტყვი, გარუჯვასა და დიდხანს მზეზე ყოფნას ცოტა გავუფრთხილდეთ იმიტომ, რომ სიმსივნის ხელშემწყობი ფაქტორია. საკვებშიც იმდენი D ვიტამინი არ არის და ამიტომაც, მისი დამატება გვჭირდება. ზოგადად, D ვიტამინის გამოკვლევა აუცილებლად მიმაჩნია. რაც შეეხება ჰემოგლობინს. ზოგჯერ ფარული რკინის დეფიციტი გვაქვს, რომელიც იგივე ცვლილებებს იძლევა. თუ ის დაქვეითებულია, შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. ანემიები სხვადასხვა სახისაა, თუმცა 90 პროცენტი მაინც რკინადეფიციტური ანემიებია. D ვიტამინის ნაკლებობა რამდენად იწვევს სქოლიოზს, სადაოა. მიაქციეთ ყურადღება ბრტყელტერფიანობაც არ იყოს, რადგან ის ხელს უწყობს სქოლიოზს, რისთვისაც საუკეთესო საშუალება ცხენი და ცურვა.
- ბავშვმა გადაიტანა მონონუკლეოზი, გამოჯანმრთელდა, თუმცა პერიოდულად ის მაინც ჩივის, რომ ფეხებში გრძნობს სისუსტეს, სიარული უძნელდება და ადვილად იღლება. ეს სიმპტომები დარჩენილია მისგან თუ კიდევ სხვა პრობლემა შეიძლება იყოს და როგორ ჯობს, რომ მოიქცეს მშობელი?
- ეს ხშირი ინფექციაა და უმეტესად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, შეიძლება გულის მხრივ გართულება გამოიწვიოს, ასევე ღვიძლის დაზიანება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ზოგჯერ სისხლის დაავადებებიც. ამიტომ, განსაკუთრებული მკურნალობა არა, მაგრამ ზედამხედველობა საჭიროა. რაც შეეხება ბავშვების ჩივილს სახსრების ტკივილსა და სისუსტეზე, გამოკვლევა და ძიება სჭირდება, რა არის ამის მიზეზი.
- საჭიროა თუ არა ბავშვმა მიიღიოს წითელი ხორცი?
- წითელ ხორცს თავისი პლუსები აქვს დეპრესიის საწინააღმდეგოდ. ასევე, ცნობილია, რომ შავი შოკოლადი მცირე დოზით ანტიდეპრესანტის როლსაც ასრულებს. ზაფხულში მაგალითად, ხორცის მიღების დიდი აუცილებლობა არ არის, მაგრამ მაინც სასურველია ხორცი ზომიერად მიიღონ.
- ბავშვს ძალიან უყვარს რძის ნაწარმი და ყოველ დილით, ფაქტობრივად, ერთნაირი საუზმე აქვს - ხაჭო, ყველი-ხაჭო-მაწონი. რამდენად სწორია?
- შესანიშნავია. რძის ნაწარმი კარგია, ამიტომაც მივცეთ. მაგრამ სხვა საკვებიც ჩავრტოთ: ხილი, ბოსტნეული, კვერცხი, ნიგოზი, თხილი და ასე შემდეგ.
აქვე მინდა ვთქვა, არც ის ვარგა, როდესაც ბავშვს ინფორმაცია აკლია. ტვინს საკვები ესაჭიროება. არც ისაა კარგი ძალიან დავტვირთიოთ და ბავშვმა თქვას "აღარ შემიძლია", ამიტომაც ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა ვიპოვნოთ.