"ბატონების" ხსენებისას ბევრ ადამიანს სურვილების შესრულება და გარკვეული რიტუალები ახსენდება. ზოგისთვის კი ნეგარატიურ მოგონებებთანაა დაკავშირებული. რომელი დაავადებები იგულისხმება ცნების ქვეშ "ბატონები", რა შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის „ბატონებით“ ავადობისას - ამ და სხვა არაერთ კითხვაზე ექიმი-ინფექციონისტი, კახაბერ ჩომახიძე საუბრობს:
-წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ქუნთრუშა, ყბაყურა - ე.წ ბატონებია. ეს ინფექციური დაავადებებია, რომლის დროსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პაციენტი მშვიდ გარემოში იყოს, რადგან კონკრეტული დაავადებები, გარკვეულ წილად, ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. "ბატონები" პირობითი ცნებაა, რა თქმა უნდა, პაციენტს ყველაფერს ვერ შევუსრულებთ, მაგრამ სასურველია, ის მშვიდ და წყნარ გარემოში იმყოფებოდეს.
- რომელი „ბატონების“ წინააღმდეგ არ ტარდება აცრა?
- წითელა-წითურაზე, ყბაყურასა და ჩუტყვავილაზე აცრა კეთდება. ქუნთრუშა სტრეპტოკოკური დაავადებაა და ვაქცინაცია არ ტარდება.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი მალევე, რომ მის შვილს "ბატონები" აქვს?
- ყველა ამ დაავადების პირველი ნიშანი ტემპერატურული რეაქციაა რაც არა მარტო ბატონებს, არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც შეიძლება ჰქონდეს. მეორე -მესამე დღეს კი გამონაყარი აღენიშნებათ. ტემპერატურის აწევის შემთხვევაში, სასურველია, მიმართონ ექიმს. წითელას დროს პირის ღრუში ჩნდება გამონაყარი, რომელსაც კოპლიკის ლაქებს უწოდებენ და აუცილებელია, მიმართონ ექიმს.
- გარემოფაქტორებიდან რას შეუძლია გაამწვავოს დაავადება?
- გარემო ფაქტორები ძალიან მოქმედებს. ,,ბატონები " ჰქვია იმიტომ, რომ პაციენტი არ უნდა გაღიზიანდეს. ყოველგვარი სტრესისგან თავისუფალი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი იქნება თუ ზრდასრული ადამიანი. მოზრდილებში "ბატონები" უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვებში. ამის მიზეზია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ამის ფონზე გართულდეს. წითურა ორსულებისთვის ძალიან საშიშია. ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრში, როცა ჩანასახში ორგანოების ჩამოყალიბება მიმდინარეობს. წითურა ძალიან მძიმე დაავადებაა ნაყოფისთვის, რომელიც თავის მხრივ, კიდევ იწვევს უამრავ დაავადებას. შეიძლება ამას მკვდრადშობადობა მოჰყვეს ან დაიბადოს ბავშვი სხვადასხვა პათოლოგიით. ამიტომ, ყოველთვის სასურველია წითურა გოგონამ ბავშვთა ასაკში გადაიტანოს ან აუცილებლად იყოს აცრილი.
- თუ არსებობს კონკრეტული ასაკი, როცა "ბატონები" განსაკუთრებით რთულდება?
- კონკრეტული ასაკი არ არსებობს. ბავშვებშიც შეიძლება გართულდეს. თუმცა, პროცენტულად ზრდასრულებში უფრო მეტია გართულებების შემთხვევები, ვიდრე ბავშვებში.
- რას შეუძლია დაავადების გართულება?
- ქრონიკულ დაავადებებს შეუძლია გართულება გამოიწვიოს. თამბაქოს მწეველებში შესაძლებელია პნევმონია განვითარდეს. ვისაც ნერვული სისტემის პრობლემა აქვს, შეიძლება ამ კუთხით წარიმართოს გართულება. ბავშვების შემთხვევაში შესაძლებელია ნეიროტოქსიკოზი ან თავის ტვინის ანთებაც განვითარდესეს. მსგავსი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობს.
- ამბობენ, ყბაყურა ბიჭებში განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობსო, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?
- სიმართლეა. ყბაყურამ ბიჭებში შესაძლებელია გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის ანთება, რამაც, თავის მხრივ, უშვილობის რისკს ქმნის. ყბაყურა უშვილობის კუთხით არა მხოლოდ ბიჭებისთვის, არამედ გოგონებისთვისაც სარისკოა, თუმცა, იმის თქმა, რომ ეს დაავადება აუცილებლად იწვევს უშვილობას, არ შეიძლება. მსგავსი რაღაც არ არსებობს. სათესლე ჯირკვლის ანთების დროსაც კი არ შეგვიძლია 100%-ით ვქთვათ, რომ აღნიშნული ფაქტი უშვილობის მიზეზი გახდება.
- აცრის შემდეგ შეიძლება თუ არა "ბატონები" კვლავ შეხვდეს ადამიანს?
- აცრის შემთხვევაში ეს დაავადებები პაციენტს აღარ ხვდება. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ რევაქცინაცია უნდა მოხდეს. ჩუტყვავილა შეიძლება მოიხადოს ადამიანმა, მაგრამ ზრდასრულ ასაკში შეიძლება ჰერპეს ზოსტერი დაემართოს. თუ ოჯახის წევრებს აცრა ჩატარებული არ აქვთ, თითქმის 100%-იანი შანსია, რომ ერთი წევრიდან მათაც აუცილებლად გადაედებათ.
- ყველაზე რთულად რომელი ტიპის "ბატონები" მიმდინარეობს?
- ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური. წითელა უფრო მძიმე დაავადებაა, ვიდრე წითურა. შესაბამისად, გართულებებიც უფრო რთული აქვს წითელას, ვიდრე წითურას. ჩუტყვავილასაც, როგორც ჰერპესულ დაავადებას, თავისებური გართულება აქვს. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია.
- ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები?
- ჯობს ექიმმა დაადასტუროს დიაგნოზი და თავად მან გადაწყვიტოს, რამდენად მძიმე ფორმაა ამა თუ იმ დაავადების. მედიკამენტოზური მკურნალობა ნაკლებად სჭირდებათ, მაგრამ შესაძლებელია გაიპაროს ფილტვების ანთება. გასაგებია, რომ პაციენტს ყველაფერი უნდა შევუსრულოთ და არ უნდა გავაღიზიანოთ, მაგრამ, ამ ფონზე თუ ექიმს არ მივმართავთ, ყველაზე დიდი შეცდომაა. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ბინაზე დატოვებაც და მკურნალობაც. საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ ხშირად ხალხურ მედიცინას მიმართავენ, გავრცელებულია, რომ ვირის რძე ან რომელიმე ბალახი კურნავს. შელოცვებსაც უკითხავენ. მაგრამ თუ პაციენტს მკურნალობა სჭირდება, აუცილებელად უნდა მიმართონ ექიმს.
- რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მშობლებისთვის?
- ბავშვებისადმი მეტი ყურადღება გამოიჩინონ. ახლა სეზონია არა ბატონების, არამედ გრიპის, მაგრამ გრიპის ფონზე შეიძლება გაიპაროს რომელიმე " ბატონები". ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, არ არის სავალდებულო საავადმყოფოში დააწვინონ ბავშვი, მაგრამ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი და მისი რეკომენდაციით უნდა წარიმართოს მკურნალობა.
- ხომ არ შეგიძლიათ, შეადაროთ უცხოეთსა და საქართველოში მშობლების დამოკიდებულება მსგავსი ტიპის დაავადებებთან?
- გააჩნია ქვეყანას. თუ საუბარია ცივილურ სამყაროზე, იქ გეგმიური აცრები ყველას ჩატარებული აქვს. ჩვენთან, ამ მხრივ, მთელი 90-იანი წლები ჩავარდნა იყო. ახლა ყველას გეგმიურად ცრიან. განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ყურადღებით არინ ექიმთან მიმართვიანობის კუთხითაც. ჩვენთან საკმაოდ დიდხანს სჭირდებათ ოჯახში ბჭობა, მიიყვანონ თუ არა ბატონებიანი ბავშვი ექიმთან. იქ როგორც კი პრობლემა ჩნდება, მაშინვე მიჰყავთ ექიმთან, მაშინვე ხდება დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა.
თამარ იაკობაშვილი