საუზმე კვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში საჭირო ენერგიით ამარაგებს. თუმცა, ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვები სკოლაში საუზმის გარეშე მიდიან. რა მნიშვნელობა აქვს საუზმეს მოსწავლის ცხოვრებაში, რა გავლენას ახდენს ის სასწავლო მასალის ათვისებაზე და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა კვების რაციონის შედგენისას, როცა ბავშვს ვირუსული ინფექცია აქვს, რეკომენდაციებისთვის რამდენიმე ცნობილ პედიატრს დავუკავშირდით:
- ძალიან აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით მოზარდებში. აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებითი სკოლის მოსწავლეების 30% კვირაში ერთხელ მაინც მიდის სკოლაში საუზმის გარეშე, მოსწავლეების 20% კი - ორჯერადად. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გოგონები უფრო ხშირად გამოტოვებენ ხოლმე საუზმეს, ვიდრე ვაჟები. ასევე, ავსტრალიის სტატისტიკური ბიუროს მონაცემების მიხედვით, იქ სასკოლო ასაკის ბავშვების დაახლოებით 1/7 სკოლაში ყოველ დილით მშიერი მიდის. საუზმის გამოტოვების უხშირესი მიზეზი მშობლების მოუცლლელობა. სამწუხაროდ, მათი დაკავებულობის გამო აღარ არსებობს დილით ერთად საუზმობის ტრადიცია, ყველა სხვადასხვა დროს გადის სახლიდან და ბავშვიც იმას მიირთმევს, რაც იმ მომენტში ჩაუავარდება ხელში ან საერთოდ არ ჭამს. გარდა ამისა, ბავშვები, უპირატესად მოზარდები, ძალიან გვიან იძინებენ, რაც ეკრანდამოკიდებულებით აიხსნება. ბუნებრივია, როცა ადამიანს არ სძინავს, ჭამას იწყებს. დილით კი უარს აცხადებენ საუზმეზე. ღამით ჭამა წონის მატებასაც უწყობს ხელს. გამოსავალი სკოლაში ან მის გარეთ არსბული კვების ობიექტებია, სადაც ბავშვებს ძირითადად სწრაფი კვების პროდუქტებს, მათ შორის, ბურგერებს, ორცხობილებს, ნამცხვრებს და სხვა არაჯანსაღ საკვებს სთავაზობენ, რომელთაც მაღალი კალორაჟი და გლიკემიური ინდექსი აქვს. არადა, დილით საუზმე ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუზმე ენერგიის წყაროა და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. კვლევები მოწმობს იმასაც, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში, ყურადღების დეფიციტი აქვთ, ვლინდება ქცევის სხვადასხვა დარღვევა, არიან უფრო აგრესიულები, სისტემატურად საუზმის გარეშე დარჩენა მოქმედებს ბავშვების განწყობასა და დამახსოვრების უნარზე. აღმოჩნდა, რომ მათემატიკის ტესტირებისას იმ ბავშვების მაჩვენებლები, რომლებიც საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში, ჩამორჩება იმ ბავშვების მაჩვენებლებს, რომლებიც ნასაუზმები არიან.
ყოველდღიური საუზმე კვების ჩვევის დროულად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დიდი მნიშვნელობა აქვს საუზმისათვის განკუთვნილი საკვების სწორად შერჩევას. საუზმისთვის გაითვალისწინეთ ბურღულეული, იოგურტი, ხილი, კვერცხი, საკვები ბოჭკოების შემცველი პროდუქტები. ბურღულეული მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ბავშვს ენერგიით დამუხტავს. საკვები ბოჭკოები, რაც მთლიან ბურღულეულში, ბოსტნეულში, ცეხვილი ხორბლისგან მომზადებულ პურშია, ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედებას და თავიდან აგაცილებთ ყაბზობას. სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების სეზონია და ბარემ ორიოდ სიტყვით დაავადების დროს კვებაზეც გავამახვილებ ყურადღებას. კვებეთ პატარა ბალანსირებულად, მნიშვნელოვანია მისცეთ ბევრი სითხე, მათ შორის სახლში გამოწურული ხილის წვენი, რაც მდიდარია ვიტამინებით. არ დაივიწყოთ C ვიტამინით მდიდარი ხილი - ფორთოხალი, მანდარინი, კივი. სწორი კვება ჯანმრთელობის მთავარი საწინდარია და რაც უფრო ადრე მივაღწევთ, რომ ბავშვებს ჯანმრთელი კვების ჩვევები ჩამოუყალიბდეს, მითუფრო ნაკლებად გახდება ის ავად.
- სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის ბავშვმა უნდა მიიღოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები, რაც ხელს შეუწყობს მის პროდუქტიულობას დღის განმავლობაში. ადრეული ასაკის ბავშვების ცენტრალური ნერვული სისტემა ლაბილურია და ნებისმიერი ნივთიერების დეფიციტზე სწრაფად რეაგირებს. ეს იქნება გლუკოზის, ცილის, კალიუმის, კალციუმის თუ სხვა აუცილებელი ნივთიერების ნაკლებობა. აქედან გამომდინარე, ბავშვებს შეიძლება აღენიშნებოდეთ თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში, მუცლის ტკივილი და ვერ კონცენტრირდნენ გაკვეთილზე. ამიტომ, სკოლაში წასვლამდე, დილით საუზმე აუცილებელია, თუნდაც მცირე ულუფა. პროდუქტების კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რა შეიძლება ბავშვმა საუზმედ მიიღოს, არ არსებობს. შეიძლება იყოს ხილი, ბოსტნეული, ყველი, კარაქი და სხვა. სასურველია, რძის პროდუქტები, მაგალითად, ხაჭო და მაწონი. ასევე, კარგი იქნება, თუ საკვები ახალი მომზადებული იქნება. არ არის აუცილებელი საუზმედ წვნიანი ან ჩაი მიირთვან, მთავარია ის მსუბუქი იყოს. პროდუქტები კი ინდივიდუალურად უნდა შეარჩიონ. სწორად შერჩეული საუზმე და დანაყრება ხელს შეუწყობს სასწავლო მასალის მარტივად ათავისებას.
ნებისმიერი საკვები პროდუქტი, რაც ბავშვს მოსწონს და რასაც იქამდე მიირთმევდა, შესაძლებელია ვირუსული ინფექციის დროსაც მიიღოს. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, გაუწყლოვნების თავიდან აცილების მიზნით სასურველია, რომ სითხის მიღების რაოდენობა 1/3-ით გაიზარდოს.
- ბავშვი ყველასთვის უმთავრესი პრიორიტეტია. იმისათვის, რომ ის ჯანმრთელი იყოს, საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. პირველ რიგში, ეს არის გაკაჟება და ფიზიკური აქტივობა, გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, მშვიდი ფსიქოლოგიური გარემო მის გარშემო. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი სწორი კვება გახლავთ. ბავშვი რეგულარულად უნდა იღებდეს სასარგებლო საკვებს. თუ ის რეგულარულად არ იკვებება, კუჭ-ნაწლავის დაავადებების რისკი მატულობს. ზოგჯერ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება ე.წ. ჰიპოგლიკემია, რაც სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითებას ნიშნავს და, თავის მხრივ, შესაძლოა თავბრუს ხვევა, სწავლის დაქვეითება და სხვა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. საუკეთესო პროფილაქტიკა კი სწორი კვებაა. ოპტიმალური ვარიანტია ხუთჯერადი კვება. აქედან, 3 ძირითადი კვება უნდა იყოს, ხოლო ორი წახემსება. ძალიან კარგია, თუ კვებაში რძის ნაწარმი, ფაფა, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, თევზი გამოიყენება. დიდი მინუსი გვაქვს, რომ ზეთს არ მივირთმევთ. უმი ზეთი სალათაში იქნება თუ სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში, ძალიან კარგია. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი როდის რას შეჭამს. თუმცა, ჰიპოგლიკემია რომ არ განვითარდეს, აუცილებელია საუზმე მიირთვას და სკოლაში მშიერი არ წავიდეს. მე მაინც ტრადიციულ მოდელს ვემხრობი და მირჩევნია, დილით ყველი, პური, კარაქი, კვერცხი, ფაფა, მაწონი ან ხაჭო მიღონ. თუმცა, ბუნებრივია, სხვა პროდუქტების მიღებაც შეუძლიათ.
როდესაც ბავშვი ავადაა, მადა დაქვეითებული აქვს და ისე, არ ჭამს, როგორც მანამდე. მაგრამ, თუ ავადმყოფობის გადატანის შემდეგ, უმადობა დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე განკურნებული არ არის და აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. ვირუსული ინფექციის დროს უნდა მივცეთ ბევრი სითხე, ვიტამინებით მდიდარი და ადვილად მოსანელებელი საკვები.
თამარ იაკობაშვილი