შეიძლება თუ არა ზამთარში უქუდოდ სიარულმა მენინგიტი გამოიწვიოს - პასუხი გავრცელებულ შეკითხვაზე
შეიძლება თუ არა ზამთარში უქუდოდ სიარულმა მენინგიტი გამოიწვიოს - პასუხი გავრცელებულ შეკითხვაზე
ზამთარში ბევრი მშობელი შვილს უქუდოდ სიარულის გამო საყვედურობს. საზოგადოების ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომ უქუდოდ სიარულისას ან სველი თმით ქუჩაში გასვლისას, თავის გაციების შემთხვევაში, შეიძლება ვირუსული მენინგიტი განვითარდეს. ფაქტის გადასამოწმებლად ინფექციონისტ კახა ჩომახიძეს მივმართეთ:

- მენინგიტი ანთებაა და თავის გაციებით არ ვითარდება. მას სხვადასხვა ბაქტერია და ვირუსი იწვევს და უქუდოდ სიარული კავშირში არ არის. ვირუსი უნდა გადაედოს პაციენტს, რომ ვირუსული მენინგიტი დაემართოს. ამიტომ, კონკრეტული მოსაზრება მცდარია. ზამთარში, ცურვაზე რომ დაჰყავთ ბავშვები, გაციების თავიდან აცილების მიზნით, კარგია ქუდს თუ დააფარებენ, მაგრამ ამის
გამო მათ თავის ტვინის ანთება არ დაემართებათ. - ამბობს კახა ჩომახიძე.

- ვირუსულ მენინგიტს ვირუსული ინფექცია იწვევს, ვირუსული ინფექცია კი უქუდოდაც შეიძლება შეგხვდეთ და ქუდის დახურების შემთხვევაშიც. არც სველი თმით ქუჩაში სიარული შეიძლება ჩავთვალოთ ვირუსული მენინგიტის გამომწვევ მიზეზად, - ამბობს ნევროლოგი, გოჩა ჩიქვინიძე.

მენინგიტი არა, თუმცა გაციება ან ყურის ანთება, ჰაიმორიტი კი შეიძლება განვითარდეს, მით უმეტეს, თუ თავდაბანილი უქუდოდ გამოხვალთ გარეთ. ამიტომ, უბრალოდ გაციების და ბევრი მისი თანმდევი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, სიცივეში, ქარსა და ყინვაში ეცადეთ, ქუდი მაინც იქონიოთ თან, განსაკუთრებით - ბავშვებმა. 

უფრო კონკრეტულად, რა შეიძლება გამოიწვიოს უქუდოდ სიცივეში სიარულმა, ოჯახის ექიმმა,
ანა ბარათაშვილმა
ისაუბრა:

- სიცივეში უქუდოდ, სველი თმით სიარულმა შეიძლება სახის მიდამოში რომელიმე ტოტის ანთების ან სამწვერა ნერვის ნევრალგიის პროვოცირება მოახდინოს. იმის მიხედვით, თუ რომელი ტოტია, სიმპტომებიც განსხვავებულია. ადამიანს რამდენიმეღრუიანი ძვალი აქვს სახის მიდამოში, მათ შორის, შუბლის მიდამოსა და თვალბუდის ქვემოთ, სადაც ჰაიმორის ძვალია. ამ მიდამოში დაწყებულ ანთებით პროცესს სინუსიტი ჰქვია. სიცივემ არ შეიძლება არც ვირუსული და არც ბაქტერიული ინფექციის წარმოქმნა განაპირობოს. მაგრამ თუ ქრონიკული პრობლემაა, შესაძლოა გამწვავება გამოიწვიოს. ნებისმიერი ინფექციური პროცესი, რაც ზედა სასუნთქ გზებს ეხება, ეს იქნება სურდო, ყურის ტკივილი, სინუსების პრობლემა, არ შეიძლება სიცივემ გამოიწვიოს. უბრალოდ, შესაძლოა მიმდინარე პროცესის გამწვავება მოახდინოს, რადგან ყველა მათგანს თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს - ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია. 

თამარ იაკობაშვილი



5260
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი