ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ე.წ. ჩინური ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება. ამ დასკვნამდე ექიმები მას შემდეგ მივიდნენ, რაც დაავადება პაციენტების მკურნალ ექიმებსაც აღმოაჩნდათ. ქვეყანაში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მკურნალობას 217 განაგრძობს.
შეიძლება თუ არა ჩინეთში გავცელებულ ვირუსს გავლენა ჰქონდეს საქართველოზე, მითუმეტეს, რომ სავაჭრო მიზნით საკმაოდ ბევრი ადამიანი დადის საქართველოდან ჩინეთში და პეკინიდან ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი ავიარეისებიც სრულდება. არის თუ არა აეროპორტში რაიმე ზომები მიღებული და რით შეუძლია ჩვენს ქვეყანას საფრთხის თავიდან აცილება. ამ კითხვებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს დავუკავშირდით:
- ჩინეთის დაზარალების რეგიონიდან ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი ფრენები არ სრულდება, შესაბამისად, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიგვიღია რაიმე მკვეთრი ღონისძიებების გატარების რეკომენდაცია აეროპორტებში. ამ ეტაპზე, მათი რეკომენდაციით, მგზავრობასა და ვაჭრობაზე შეზღუდვა არ უნდა მოხდეს. დღეს არსებული მონაცემებით, ჩვენთან არ ჩამოდიან ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ვირუსით დაინფიცირებულნი იყვნენ. ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორია გვაქვს და თუ რაიმე შემოვა, მალევე აღმოვაჩენთ. აქედან გამომდინარე, დიაგნოსტიკისა და შემდგომი ნაბიჯების შესაძლებლობა აქვს,"- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას შემდეგ, რაც ე.წ ჩინური ვირუსი გავრცელდა, პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. საქართველოში შემოსულ ადამიანებს, ჩინეთის საზღვარზე შემოწმება ჩაუტარდათ.
ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი თავის განწყობას სოციალურ ქსელში აფიქსირებს:
"ჩამოიტანდნენ ვირუსს. არც კი უნდა გამოუშვან თვითფრინავიდან. ისევ უნდა გააბრუნონ უკან საიდანაც ჩამოვიდნენ". "აბა, დაიწყო ქართველ ხალხზე ახალი ვირუსის დატესტვა, როგორ და რანაირად გადავიტანთ" "ჩვენთან არც ამოწმებენ, არც აჩერებენ ფრენებს, ესეიგი სრულიად დაუცველები ვართ. უფალი თუ დაგვიფარარავს, თორე ისე პატრონი არ გვყავს" - წერენ სოცმომხმარებლები კომენტარებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
მოარიდონ თავი ახლო კონტაქტს ადამიანებთან მწვავე რესპირაციული ინფექციით; ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით დაავადებულთან ან მათ გარემოსთან კონტაქტის შემდგომ; მოერიდონ ახლო კონტქტს დაავადებულ შინაურ და გარეულ ცხოველებთან; სიმპტომების მქონე ადამიანებმა დაიცვან ხველის ეტიკეტი (დაიცვან დისტანცია, ხველისა და ცემინებისას გამოიყენონ ერთჯერადი ქსოვილები, დაიბანონ ხელები). თამარ იაკობაშვილი