კანი ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვითი ორგანოა, რომელსაც, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სწორად მოვლა სჭირდება. თუმცა, კანის დაავადებებს ზოგჯერ არასერიოზულად აფასებენ და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. რა უნდა გავითვალისწინოთ კანის მოვლისას, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს თვითმკურნალობამ - გვესაუბრება თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტი, სქესობრივად გადამდები ინფექციების საერთაშორისო გაერთიანების წევრი, ევროპის ბიუროში (IUSTI) საქართველოს წარმომადგენელი იოსებ კობახიძე:
- კანი ყველაზე დიდი ორგანოა როგორც ზომით, ასევე წონით. არ არსებობს სტატისტიკა იმისა, თუ ყველაზე ხშირად რა ტიპის დაავადებებით მოგვმართავენ პაციენტები. ასაკის მიხედვით მომართვიანობა განსხვავებულია. თინეიჯერულ ასაკში აკნეს გამო მომართვიანობა მაღალია , ჩვილ ბავშვთა ასაკში - ატოპიის გამო და ასე შემდეგ.
- როდის უნდა მიმართოს მშობელმა დერმატოლოგს?
- კანის დაავადებას, სამწუხაროდ, ხანდახან არასერიოზულად უყურებენ... როდესაც კანზე სიწითლეს ვამჩნევთ და ზოგადი მდგომარეობა მძიმდება, იქავებს, დაზიანებული უბანი სხეულის კანის 5 პროცენტს აღემატება, ჯობს, რომ ექიმს მიმართონ.
- როდის უნდა მიმართონ ალერგოლოს და როდის - დერმატოლოგს?
- ალბათ, ჯობს, ეს ოჯახის ექიმმა განსაზღვროს. ის მისცემს მიმართულებას. თუმცა, ორივე შემთხვევაში შეიძლება როგორც ალერგოლოგს, ასევე დერმატოლოგსაც მიმართონ და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა განსაზვრონ. მთავარია, სწორად უმკურნალონ და ალერგოლოგი უმკურნალებს თუ დერმატოლოგი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- რამდენად ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას?
- თვითმკურნალობას, მეზობლის რჩევას, ბებიების გამოცდილებას და ასე შემდეგ ხშირად მიმართავენ. საბედნიეროდ, კანის დაავადებების უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. მკურნალობის დაგვიანებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. გარდა ამისა, როდესაც სახეზეა პრობლემა, ზოგჯერ თვითგვემასა და სტიგმატიზაციას იწვევს. პაციენტი, განსაკუთრებით მოზარდი, რომელთა ფსიქიკა სათუთია და სიფრთხილეს მოითხოვს შეიძლება ჩაიკეტოს, აღარ წავიდეს სკოლაში, სამსახურში. ამიტომ, ჯობს ყოველთვის სპეციალისტმა აუხსნას, როგორ ჯობს მკურნალობა. არსებობს უამრავი ე.წ. „ხალხური მალამო“, რომლებიც ჩვეულებრივ სამზარეულოში მზადდება. წარმოდგენა აქვთ, რომ სახლში დამზადებული უფრო ნატურალური და ბუნებრივია, თუმცა ასე არ არის. ნებისმიერი მალამო კონსერვანტებისა და ემულგატორების გარეშე რამდენიმე დღეში გაფუჭდება. ამიტომ, ვინც მკურნალობაზე პასუხისმგებლობას იღებს, შედეგებზეც ისაა პასუხისმგებელი. თვითმკურნალობით მარტივ შემთხვევაში შეიძლება კანის პათოლოგია დამუშავდეს და გაქრეს. მაგრამ,მიიმალოს დოებით და სხვა უფრო მძლავრი და მკურნალობისადმი მდგრადი სახით იფეთქოს სამწუხაროდ, საქართველოში ძლიერმოქმედი საშუალებები ისევ ურეცეპტოდ იყიდება და ამის შესახებ ყველა დუმს. კანონის მიხედვით, ასე არ უნდა ხდებოდეს.
- რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს თვითმკურნალობამ?
- თვითმკურნალობამ შეიძლება დაავადების გართულება გამოიწვიოს და არც თუ იშვიათად მძიმე შედეგებამდეც კი მივიდეთ. როგორც აღვნიშნე, ძლიერმოქმედი მალამოები ურეცეპტოდ იყიდება, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი სიწითლე ადგილობრივად გააქროს, მაგრამ დროებითი ეფექტი ჰქონდეს, შედეგად კი მდგომარეობა უფრო გაართულოს. იყიდება კომბინირებული მალამოები, რომელშიც რამდენიმე პრეპარატი შედის და როდესაც დიაგნოზი არ გვაქვს, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
- ყველაზე ხშირად რა ხდება კანის დაავადებების მიზეზი?
- არასწორი მოვლა, დაზიანებების უგულვებელყოფა და ზოგადი საშუალებების გამოყენება. არასწორ მოვლაში ე.წ. "აგრესიული საპნების" გამოყენება იგულისხმება. კანს თავისი სიმჟავიანობა აქვს. მისი pH 5,5-ია. ანტიბაქტერიული საპნების დანიშნულების გარეშე გამოყენება არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ იწვევს ბაქტერიების გაქრობას, მაგრამ სოკოვანი ინფექციების გამრავლებას. ის საპნები, რომლებშიც pH მაღალია, ტუტე საპნებია. ისინი სოკოვან ინფექციებთან საბრძოლველად შეიძლება გამოიყენოთ, მაგრამ ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. გარდა ამისა, კანის დაავადებების მიზეზი ხდება მჭიდრო ტანსაცმლის ტარება, დაავადებულ პირებთან ხშირი კონტაქტი, არასათანადოდ მოვლილ ცხოველებთან შეხება და ასე შემდეგ.
- როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად საპონი?
- ყველა საპონს შეფუთვაზე აქვს მითითებული მჟავიანობა. pH უნდა იყოს ნეიტრალური, ეწეროს "ნორმალ" ან 5,5. ნეიტრალური საპნები ყოველთვის უფრო მისაღებია, ვიდრე "აგრესიული საპნები."
თმისა და თვალის ფერის მიხედვით 4 ტიპის კანი არსებობს: წითური, ქერა - ცისფერი თვალებით, ხორბლისფერი კანი. და შავი - შავი თმითა და მუქი თვალებით. ამის მიხედვით უნდა მოხდეს მოვლის საშუალებების შერჩევა. ექიმი ყოველთვის საჭირო არ არის. მინიმალური სამედიცინო განათლების მქონე პერსონალმაც შეიძლება შეგირჩიოთ შესაბამისი მოვლის საშუალება.
- რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა?
- ანტისეპტიკისა და ასეპტიკის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანვა, დაბანვის დროს უნდა მოვიხსნათ ბეჭდები. ვიხმაროთ ნეიტრალური საპნები, გავიმშრალოთ ტამპონირებით და არა ხეხვით. როდესაც დიდხანს გვაქვს ხელები წყალში, უნდა ვიხმაროთ დამატენიანებელი საშუალებები. თუ ქიმიურ საშუალებებთან გვაქვს კონტაქტი, ხელთათმანი უნდა გამოვიყენოთ. რომლის გაჩერებაც ნახევარ საათზე მეტხანს არ არის რეკომენდებული. ასევე, უმჯობესია რეზინის ხელთათმანების ნაცვლად, სარჩულიან ხელთათმანებს თუ გამოვიყენებთ.
- ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები?
- მშობლები კანის პრობლემას დიდ მნიშვნელობს არ ანიჭებენ და ამბობენ, რომ გაუვლის. ჯობს, რომ სპეციალისტმა ნახოს. გასათვალისწინებელია ასევე მალამოს დოზირება, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვილი დაპატარავებული დიდი არ არის. კანის სხვადასხვა უბნიდან, სხვადასხვა ინტენსივობით შეიწოვება კონკრეტული მალამო.და პატარის კანის შეფარდება სხეულის მასასთან განსხვავდება მოზრდილისგან.როდესაც პრეპარატს ვნიშნავთ, არ აქვს მნიშვნელობა, პრეპარატის სახით მიიღებს, ნემსს გაუკეთებენ თუ მალამოს წაუსვამენ. ყველაფერს სჭირდება საკუთარი დოზა.
- არსებობს მოსაზრება, რომ ხშირი ბანაობა კანის დაავადებების რისკს ზრდის. რამდენად რეალურია?
- ეს მოსაზრება მითია. ადამიანმა უნდა დაიბანოს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლის. "აგრესიული საპნების" ხმარება, ხშირი ხეხვა და ტანის ტრავმატიზაცია რეკომენდებული არ არის. ღრუბელი რბილი უნდა იყოს. დაბანის აკრძალვა არ არსებობს. უბრალოდ, დაბანის დროს რაღაც რჩევები უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. სამწუხაროდ, ყოველდღიურად მხვდება პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ექიმმა დაბანა აუკრძალათ. დაბანა შეიძლება ყოველთვის, ჩუტყვავილიდან დაწყებული სხვა ნებისმიერი დაავადებით დამთავრებული. თუმცა, გასათვალისწინებელია წესები. სამწუხაროდ, ჩვენთან რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი უკრძალავენ დაბანას. ეს არასწორია.
და ბოლოს, ჩემი მთავარი რჩევა იქნება, ყოველდღიური ბანაობის დროს ყურადღებით დაათვალიერონ ბავშვის კანი, კანის ტიპის მიხედვით შეარჩიონ დამატენიანებლები და უმნიშვნელო პრობლემის დროსაც კი მიმართონ ექიმს.
თამარ იაკობაშვილი