პირბადის ტარება ვირუსებისგან სრულად დაცვას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება და შესაბამისი ნორმების დაცვა. რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო ნიღბების შესახებ და არსებობს თუ არა ისეთი ტიპის ნიღაბი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს ადამიანს ვირუსებისგან, ოჯახის ექიმი, ანა ბარათაშვილი საუბრობს:
-პირბადე ერთგვარი ბარიერია გარემოსა და დაავადებულ ადამიანს შორის, რომელიც აკავებს მიკრობების გამოფრქვევას გარემოში. ძირითადად, სეზონური ინფექციები აირწვეთოვანია. ცემინების, დახველების შედეგად ხდება ვირუსების გამოფრქვევა. ამის გამო, უმჯობესია, რომ დაავადებულმა ადამიანმა ნიღაბი ატაროს. ნიღაბში რაღაც დოზით ხდება ნახშირორჟანგის დაგროვება და ადამიანი თავადვე სუნთქავს გამოყოფილ ნახშირორჟანგს. ამიტომ, ჯანმრთელი ადამიანისათვის მისი გამოყენება გარემოში რეკომენდებული არ არის. თუ იცის, რომ დახურულ სივრცეში დაავადებულ ადამიანთან ერთადაა, მაშინ პროფილაქტიკის მიზნით, შეუძლია გაიკეთოს, მაგრამ ჯანმრთელმა ადამიანმა ჯობს სუფთა ჰაერი ისუნთქოს. აუცილებელია ნიღბის 2 საათში ერთხელ გამოცვლა. მნიშვნელობა აქვს სწორად გაკეთებასაც. ნიღბებს ძირითადად ორი ფერი აქვს. ერთი მხარე თეთრი ფერისაა, მეორე ფერადი. ფერადი სპეციალური წამლითაა დაფარული და აუცილებლად გარეთ უნდა იყოს მოქცეული. სწორედ ის ქმნის ბარიერს, რომ ვირუსების გამოფრქვევა არ მოხდეს ისე, როგორც ნიღბის გარეშე. ნიღაბს სპეციალურად აქვს მეტალის მასალა, რომელიც დრეკადია და ცხვირზე კარგად უნდა იყოს მიბჯენილი, რომ გამონასუნთქი ჰაერი მასში მოხვდეს, გაიაროს ფილტრაცია და გარეთ გამოვიდეს. თუ მას გავიკეთებთ მხოლოდ პირზე და არა ცხვირზე, მნიშვნელობა არ ექნება.
ნიღბების თემაზე ბი-ბი-სიმ რამდენიმე ბრუტანელი ექიმი გამოკითხა.
"სტანდარტული სამედიცინო ნიღაბი ვირუსისგან ტავდაცვის ეფექტური საშუალება არ არის, მათ არც სათანადო ფილტრი გააჩნიათ და არც სახეს ეკვრიან მჭიდროდ, თუმცა დაავადების გადადების რისკს ნაწილობრივ მაინც ამცირებენ" - განუცხადა ბი-ბი-სის ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის კლინიკის ექიმმა დევიდ კერინგტონმა.
სამედიცინო ნიღბების გარდა არსებობს პროფესიონალური რესპირატორებიც, რომლებსაც დაცვის მაღალი ხარისხი აქვთ, თუმცა ინგლისელი ექიმ,ების შეფასებით, ისინი უფრო ჰაერის დაბინძურებისგან იცავენ და ვირუსების მხრივ თითქმის ისეთივე დაცვიოს დონე აქვთ, როგორც სამედიცინო ნიღბებს.
"ამიტომ ნიღბებზე მეტად ჰიგიენის წესებს დავეყრდნოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ისინი.
"თუ დაიცავთ ცემინების და ხველის ეტიკეტს, დაიბანთ ხელებს, არ მიიტანთ დაუბანელ ხელებს სახესთან, თქვენი ვირუსისგან დაცვის შანსები გაცილებით მაღალი იქნება" - ამბობს ქვინსის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული კლინიკის ეიმი კონორ ბემფორდი.
თამარ იაკობაშვილი