4 ყველაზე დამაიმედებელი განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით - მშობლები

4 ყველაზე დამაიმედებელი განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

2020-01-31 19:40:26+04:00

ბოლო დროს კორონავირუსთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა ძალიან ბევრ ადამიანს დაურღვია სიმშვიდე. რა თქმა უნდა, მშობლები ყველაზე მეტად ღელავენ, მათი ემოციური მდგომარეობა კი პირველ რიგში ბავშვებზე აისახება. კორონავირუსზე ჩვენ ახალს ვერაფერს გეტყვით, ამის კომპეტენცია არ გვაქვს, სამაგიეროდ გადავწყვიტეთ შეგვეჯამებინა ამ დღეებში კომპეტენტური ადამიანების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მათი ყველაზე დამაიმედებელი განცხადებები თვენთვის წარმოგვედგინა.

ამ სპეციალისტებმა ეს მოსაზრებები სხვადასხვა მედიასაშუალებასთან გააკეთეს, ჩვენ კი მათ თავი მოვუყარეთ.

4 ყველაზე დამაიმედებელი განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით:

ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი,

რადიო "პალიტრა", გადაცემა "რეზიუმე":
- ჯერჯერობით ვირუსი საქართველოდან ძალიან მოშორებითაა. კაცობრიობის საუკეთესო სამედიცინო ძალები მობილიზებულია მისი გავრცელების შესაკავებლად. კერად რჩება კვლავ ჩინეთი, უფრო სწორად მისი ერთი პროვინცია, რომლის მოსახლეობაც 60 მილიონია, ეს ციფრები რომ შევადაროთ ვირუსის შემთხვევათა ციფრებს, გავითვალისწინოთ, რამდენად შორსაა ჩვენგან და რომ არ გვაქვს ამ პროვინციასთან პირდაპირი ფრენები, ნამდვილად ძალიან დაბალია შანსი, რომ ის საქართველოში გავრცელდეს. სხვა ქვეყნებში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, რომლებიც ამ პროვინციასთანაა კავშირში, ანუ შეუძლებელია, ეს ვირუსი უცებ გავრცელდეს სხვაგან. არც საქართველოში, არც სხვაგან, ყველგან შეტანილია და ყველგან მკაცრი ზედამხედველობაა დაწესებული. ვირუსის ეპიცენტრში, სადაც ყველაზე მაღალია გავცელების დონე, ის არ ემართებათ ბავშვებს და ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს, უფრო ხანდაზმულთა დაავადება ჩანს.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

პრესკონფენცია დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტში:

- ამერიკელ მეცნიერებს აქვთ თეორია, რომ წითელა-წითურას აცრას შეუძლია არასპეციფიკურად დაიცვას ადამიანი ამ დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება გაჩნდა, რადგან დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, ბავშვებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის. ასევე ახალგაზრდებშიც არ არის, მაშინ, როცა გარდაცვლილთა შემთხვევების უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით.

თემურ მიქელაძე, პედიატრი,

გადაცემა "დღის პოსტი":
- სტატისტიკურად კორონავირუსით დაავადებულთა 20%-ია მძიმე მდგომარეობაში, 80% განიკურნა. პანიკას ნუ მიეცემით, რადგან პანიკა არის იმუნიტეტის, იმუნობიოლოგიური აქტიურიბის ყველაზე დიდი დამაქვეითებელი, მოდის გაზაფხული და ნელ-ნელა ყველა ვირუსი დაგვავიწყდება, მათ შორის კორონა ვირუსიც, რადგან როგორც წესი, ზაფხულთან ერთად ვირუსები და მათ შორის კორონავირუსიც, გადაივლის.

ევგენი კომაროვსკი, უკრაინელი პედიატრი
ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში:
- ვირუსი არ გახლავთ ქრონიკული დაავადების გამომწვევი, 5-7 დღის შემდეგ ორგანიზმი მას მოერევა, რა თქმა უნდა, თუ მასზე ძლიერი აღმოჩნდება. ჩინეთში, სადაც ვირუსის ეპიცენტრია, გავრცელების სწრაფ ტემპს მოსახლეობის სიმჭიდროვეც განაპირობებს.

მილიარდიან, ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ჩინეთში, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანთა რაოდენობა ბევრად აღემატება ჩვენსას, ის სწრაფად ვრცელდება. ჩვენ კი ასეთი საშიშროების წინაშე ნაკლებად ვდგავართ და გავუმკლავდებით ვირუსს.
ბევრი ადამიანი შფოთავს იმის გამო, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს. ამ კითხვას ხათუნა ზახაშვილი პასუხობს რადიოგადაცემა "რეზიუმეში" პასუხობს. მისი თქმით, მედიცინაში ძალიან ბევრი დაავადების მიმართ არ არსებობს სპეციფიური სამკურნალო პრეპარატი, ამიტომაც გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა. ამ მეთოდით უამრავ ადამიანს უმკურნალია და ბოლომდე გამოჯანმრთელებულა.

და ბოლოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილებს ეხმაურება. როგორც ცენტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც დეზინფორმაციაა. ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას.

"უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს:

ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე!

ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ: არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!" - წერია ინფორმაციაში.