გრიპისა და გაციების სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს და ზოგჯერ მათი გარჩევა რთულია. რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს, რა პრევენციული ზომების მიღებაა აუცილებელი და რამდენად დიდია ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში - ამ და სხვა საკითხებზე პედიატრმა, თემურ მიქელაძემ გადაცემაში "დღის პოსტი" ისაუბრა.
- ჩვენი ქვეყანა ზომიერი კლიმატის ქვეყნებს მიეკუთვნება და ვირუსულ ინფექციებს სეზონურობა ახასიათებს. იწყება შემოდგომაზე და გრძელდება, დაახლოებით, ადრეულ გაზაფხულამდე, შესაძლებელია, აპრილის 15 რიცხვამდეც. შესაბამისად, ე.წ. გაციების ვირუსები გავრცელებას სექტემბრის ბოლოდან იწყებენ. გაციების სიმპტომებია ცემინება, ტემპერატურა 37,5-დან 38 გრადუსამდე, ყელის ტკივილი, ხველა. კორონავირუსიც გაციების ანუ სურდოს ერთ-ერთი გამომწვევი ვირუსია. ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან გრიპის ვირუსი იწყებს გავრცელებას, რაც, პრაქტიკულად, წელს უკვე გვქონდა და ყველა ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებდა. გრიპისთვის დამახასიათებელი პირველი სიმტომი მაღალი ტემპერატურაა. ცხელება აუცილებლად უნდა იყოს 38,5-დან ზემოთ. იწყება ზოგადი სისუსტით, სახსრების ტკივილით, ცემინებით, ხმის ჩახლეჩვით, ხველით, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დიარეა, ზოგჯერ კი ღებინება გამოვლინდეს. გრიპის დროს როგორც ბავშვის, ასევე მოზრდილის ზოგადი მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა გაციებით მიმდინარე ვირუსების შემთხვევაში. თუ განსაკუთრებული რისკჯგუფის პაციენტია, დროულად ვიწყებთ ანტივირუსული პრეპარატის მკურნალობაში ჩართვას, რის შედეგადაც 2-3 დღეში პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, ყველა შემთხვევაში ექიმი წყვეტს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტივირუსული პრეპარატი.
- მკურნალობისას ხალხური მედიცინის გამოყენება რეალურად ამართლებს თუ მითია?
- ზოგ შემთხვევაში მითია, ზოგ შემთხვევაში - ამართლებს. ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია ნიორს, რომელიც შესაძლოა წაეხმაროს პაციენტს მაგრამ, როგორც წესი, ერთადერთი დაცვითი ღონისძიება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელიც, პირველ რიგში, რისკჯგუფის მქონე პაციენტებს უკეთდება. თუმცა, პრევენციის მიზნით, შეიძლება აბსოლუტურად ჯანმრთელმა ადამიანმაც გაიკეთოს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიპის ვაქცინამ ზოგ შემთხვევაში არ იმუშავა. ზოგჯერ შეიძლება შტამი არ დაემთხვეს. ეს კატასტროფას ან ნიშნავს. გარდა ამისა, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. გრიპი ძირითადად ზამთრის პერიოდში იმიტომ ვრცელდება, რომ ბავშვებს ხშირად დახურულ სივრცეში უწევთ ყოფნა. ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფი 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. შესაბამისად, გრიპი კონკრეტულ ჯგუფებში იწყებს გავრცელებას და შემდეგ გადადის მოზრდილი ასაკის ბავშვებში. ჩემი რეკომენდაციაა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გავანიავოთ, დღის განმავლობაში 4-ჯერ-5-ჯერ მაინც, სამწუხაროდ, ამას ძალიან ცოტა აკეთებს. სხვადასხვა მოლში ბევრი გასართობი ცენტრი გაიხსნა და არც იქ იცავენ ჰიგიენურ ნორმებს. ბავშვი შეჰყავთ დილის 9 საათზე და ზოგჯერ 5-6 საათი იქ იმყოფება. ეს დაუშვებელია. ხანგრძლივობა შეიძლება 45 წუთი იყოს, მშობელს ბავშვი მთელი დღე იქ არ უნდა ჰყავდეს, რადგან ჰიგიენურ ნორმებს სათანადოდ ვერ იცავენ.
- როგორ შეიძლება ბავშვს იმუნიტეტი ავუმაღლოთ?
- როგორც წესი, მშობლების პირველი კითხვაა - "პრეპარატს ხომ ვერ მირჩევთ, რომელსაც იმუნომოდულაცია გააჩნია?" არ არსებობს პრეპარატი, რომელიც იმუნომოდულაციას გამოიწვევს. ყველაზე მთავარია სწორი, ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. ზღვასა და მთაში სიარული, ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე, ყველას არ შეუძლია. მაგრამ თითქმის ყველას აქვს სოფელი, რომელიც მიტოვებულია. აუცილებელია, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულშიც ერთი თვის განმავლობაში მაინც იყვნენ ბავშვები სოფლებში. გარდა ამისა, რეკრეაციული ზონები თბილისშიცაა. გვგონია, რომ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, მშობლებს დრო არ აქვთ კონკრეტულ ზონებში შვილების გასაყვანად. გამოუჯანმრთელებელი ბავშვები მიჰყავთ ბაღში. მინახავს შემთხვევა, როდესაც წამლებს ატანენ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში თაროებზე აწყვია და ზოგი ანტიბიოტიკს იღებს, ზოგი სხვადასხვა ანტივირუსულ პრეპარატს და ასე შემდეგ. როცა მშობელს ბავშვი გამოჯანმრთელებული ჰგონია, სწორედ მაშინაა გადამდები. თუ მოზრდილის შემთხვევაში ვირუსული ინფექცია გადამდებია 5 დღის განმავლობაში, ბავშვის შემთხვევაში ეს შეიძლება 10-12 დღე იყოს. ამიტომ, ჯობს ჯერ გამოვაჯანმრთელოთ და გამოჯანმრთელებული ბავშვი წავიყვანოთ სკოლასა და საბავშვო ბაღებში.
- რა ფიზიკური აქტივობები ეხმარება ბავშვებს იმუნიტეტის ამაღლებაში?
- ბავშვებს, რომლებსაც ჰიპერ-რეაქტიული ბრონხები აქვთ, ყინულის მოედანს ვურჩევ. ამ გზით, ბევრი მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვი გამოჯანმრთელდა. ცურვა, რა თქმა უნდა, გაკაჟებისთვის მნიშველოვანია, მაგრამ ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია. არ შეიძლება ბავშვი გაუმშრალებლად გამოვიყვანოთ ქარიან ამინდში. გარდა ამისა, სწორად უნდა იყოს შერჩეული წყლის ტემპერატურა და სწორადვე უნდა მუშავდებოდეს. სწორად დამუშავების გარეშე, წყალი ინფექციის წყაროა. ასევე, კარგია სხვადასხვა სპორტი, ფეხბურთი, რაგბი, ყველაფერი, რაც ფიზიკურ აქტივობასთანაა დაკავშირებული. თუ მშობელს საშუალება არ აქვს, ჩემი ინფორმაციით, თბილისში არსებობს მერიის მიერ დაფინანსებული ცენტრები, სადაც შეუძლიათ ბავშვები ატარონ. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, 15-20 წუთი მაინც უნდა გავიყვანოთ სასეირნოდ, რა დროსაც იღებს D ვიტამინს. დღეს, სამწუხაროდ, ბავშვების დაახლოებით 70-80% ეკრანდამოკიდებულია. მათ შეიძლება იმუნოდეფიციტი და D ვიტამინის დეფიციტი განუვითარდეთ. ასე, რომ თუ 15 წუთის განმავლობაში, პირველი საათიდან სამ საათამდე გავიყვანთ ბავშვს და ამავდროულად, ხელები და სახე ღია იქნება, D ვიტამინი თვითონვე გამოუმუშავდება.
- ხშირად მშობლები თვითნებურად აძლევენ ბავშვებს ანტიბიოტიკებს, რამდენად დასაშვებია ეს?
- არის დაავადებები, რომლებსაც ანტიბიოტიკების გამოყენებით ვმკურნალობთ. მაგალითად, საშარდე სისტემის დაავადებები. თუმცა, არის დაავადებები, მათ შორის, რესპირაციული სისტემის პათოლოგიები, რომლის დროსაც ანტიბიოტიკებმა შეიძლება დაავადება გაართულოს. თუ პნევმონიის რისკი ანტიბიოტიკის გარეშე დაახლოებით ხუთია, ანტიბიოტიკის დროს შეიძლება 12-მდე გაიზარდოს. ამიტომ, ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკოთერაპია არ უნდა დაინიშნოს. დაახლოებით, 3-4 წლის წინ ანტიბიოტიკს რეცეპტის გარეშე ვერ ვყიდულობდით. ახლა ისევ პრობლემა წარმოიშვა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყიდვა. ამიტომ, რეკომენდაციას ვაძლევთ მშობლებს, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკები არ მიიღონ.
- რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს კვებასთან დაკავშირებით, როცა მათი შვილი ავადაა?
- ვირუსულ ინფექციას უმადობა ახასიათებს. უმდობას თან დაღლილობა და ზოგადი სისუსტე ახლავს. ამიტომ, ბავშვს საკვების მიღების სურვილი არ აქვს. მთავარია სითხის სწორი რაოდენობა შევთავაზოთ. შესაძლებელია, გამოვიყენოთ ნებისმიერი სითხე, მთავარია, დიდი რაოდენობით შაქარს არ შეიცავდეს. ყველა ბავშვს უყვარს მარილიანი ჩხირები, ორცხობილა. სახლში გაუკეთეთ, თავადაც მიაღებინეთ მონაწილეობა, ლამაზად გაუფორმეთ. მარილიანი ჩხირები სითხეზე მოთხოვნილებას ავტომატურად გაზრდის. შეიძლება შევთავაზოთ ნებისმიერი სითხე, რაც ბავშვს უყვარს და არ არის ტრაგედია, თუ ამ დროსცოტა გაზიან სასმელსაც მიიღებს.
- რომელი ასაკიდანაა შესაძლებელი ბავშვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა?
- 6 თვის ასაკიდან შესაძლებელია, რომ ავცრათ.
- რამდენად დიდია საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი?
- სახელმწიფო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყველა ღონისძიებას ატარებს, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან გავრცელების რისკი. ყველა ადამიანს შეუძლია ნახოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველო მწვანე სარტყელში შედის. შესაბამისად, გავრცელების დაბალი რისკი გვაქვს. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი უკვე განიკურნა. ამიტომ, არ უნდა ავყვეთ პანიკას. გაზაფხული მოდის და ყველა ვირუსი, მათ შორის, კორონავირუსიც ნელ-ნელა გაივლის.